4 მეთოდი, როგორ მოიშოროთ ნივრის ფურცლები დანის გარეშე

200

ერთი შეხედვით, ნივრის დანით გაწმენდა უმარტივესი მეთოდია. ცნობილი შეფმზარეულები მზად არიან გაგვიზიარონ ხრიკები, რომელთა დახმარებით სუფთა ხელებს შეინარჩუნებთ და ნიორიც იდეალურად გასუფთავდება. ამ მიზნით დანა საჭირო არაა და ამაში თავად დარწმუნდებით. Vivien გიზიარებთ ხრიკებს, როგორ გაწმინდოთ ნიორი დანის გარეშე.

როგორ გაწმინდოთ ნიორი დანის გარეშე: 4 ეფექტური მეთოდი – გასუფთავებული ნიორი ბევრ კერძში გამოიყენება. თან სხვადასხვა სახით, უმი, დამწნილებული, შემწვარი ან მოხარშული. ყოველთვის თავისი გემოს მაქსიმუმს იძლევა, რადგან პიკანტური და ცხარე ბოსტნეულია, რომელიც კერძს საოცარ არომატს ანიჭებს. როგორ გაწმინდოთ ნიორი დანის გარეშე? შეფმზარეულის საიდუმლოებებს გიზიარებთ.

  • მეთოდი №1: თასში – ნამდვილად მუშაობს, ოღონდ ნიორი საკმარისად მსხვილი, მწიფე და მშრალი უნდა იყოს. თუ ახალგაზრდა და სველი კბილებია, რომელსაც ფურცელი ძნელად შორდება, ნივრის წმენდა 100% ეფექტური ვერ იქნება. სხვა შემთხვევაში, გამოიყენეთ. აიღეთ 2 ლითონის თასი (მაგალითად, პატარა ქვაბები ან ქვაბი თავსახურით, ოღონდ ლითონის), ნივრის თავი კბილებად დაყავით და თასში ჩაყარეთ. მეორე თასი დააფარეთ და 10–15 წამით კარგად შეანჯღრიეთ. კბილების სისუფთავეს დააკვირდით და თუ საჭიროა, პროცედურა გაიმეორეთ.
  • მეთოდი №2: სილიკონის ხელთათმანში – არ გიყვართ ნივრის სუნი ხელისგულებზე მზადების შემდეგ? ნამდვილად, მისი მოშორება რთულია. სწორედ ამიტომ, გამოგადგებათ სილიკონის ხელთათმანი, რომელსაც ყველა აქტიურად იყენებს ჩვეული ნაჭრის ნაცვლად. ნივრის თავი კბილებად დაყავით, ხელთათმანი ჩამოიცვით და კბილები დაფაზე აქტიურად გადაატარეთ, კარგად დააჭირეთ. ასე კბილები ფურცლებისგან გათავისუფლდება, ხოლო თქვენი ხელები ნივრის წმენდის შემდეგ სუფთა დარჩება. ხელთათმნის ცხელი წყლით გარეცხვა არ დაგავიწყდეთ.
  • მეთოდი №3: წყალში – ესეც კარგი მეთოდია, მაგრამ აქ ცოტა თითებით მუშაობა მოგიწევთ. წინა „უკონტაქტო“ მეთოდი უფრო მომწონს, რადგან შედეგად თითებზე ნივრის არომატი არ რჩება. თუ პრეტენზიული არ ხართ, ნივრის წყალში გასუფთავება სცადეთ. ნიორი არა მხოლოდ კბილებად დაყავით, არამედ ჯერ „კუდი“ მოაჭერით ისე, რომ კბილები გაიხსნას. ცხელ წყალში ჩაყარეთ და 15-20 წუთით გააჩერეთ. ფურცელი წყლით გაიჟღინთება და ადვილად მოშორდება. დანის გამოყენება საჭირო არაა, თითებით ადვილად მოაშორებთ. არ მოგწონთ ნივრის სუნი? მაშინ ხელთათმანი გაიკეთეთ!
  • მეთოდი №4: მიკროტალღურში – კიდევ ერთი მაგარი მეთოდი ნივრის საწმენდად. შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა კერძში ახალი, ცხარე და არომატული კბილები არ გჭირდებათ. მიკროტალღურში გასუფთავებული ნიორი თერმულად დამუშავებული იქნება. ეს გახსოვდეთ. პირდაპირ მოხარშული არაა, მაგრამ სიცხარეს და გემოს ოდნავ დაკარგავს. ნივრის კბილებად დაყოფა საჭირო არაა. მთელი თავი მიკროტალღურში მოათავსეთ. თუმცა თუ კბილებად დაყოფთ, პროცესს დააჩქარებთ. კბილები მინის თასში ჩაყარეთ და მიკროტალღურში მოათავსეთ. 10-15 წამით მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართეთ. ახლა ფურცლები თითებით შეგიძლიათ მოაშოროთ.