ნიორი კერძს ყოველთვის პიკანტურ გემოს და საოცარ არომატს ანიჭებს. ბუნებრივი ანტიბიოტიკი მწვადს, პიცას, ბოსტნეულს და პასტას იდეალურად უხდება. სხვადასხვა საკაზმის მოყვარულებს გთავაზობთ უნივერსალურ ნივრის სოუსს, რომელიც თევზის და ხორცის კერძებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. Vivien სოუსის მომზადების სამ საინტერესო ვარიანტს გიზიარებთ. თქვენი გემოვნების და პრეფერენციების მიხედვით რეცეპტში ინგრედიენტები შეგიძლიათ შეცვალოთ. ასეთი საკაზმები ჩვეული მაიონეზის ალტერნატივა გახდება და შემწვარ კარტოფილს, შაურმას, გამომცხვარ კერძებს იდეალურად შეავსებს.
1. სოუსი ნივრით და არაჟნით
ინგრედიენტები:
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 კონა კამა
- 200 გ არაჟანი (20%)
- 1 კიტრის მწნილი
- მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი: ნიორი დაჭყლიტეთ. კამა და კიტრი დაჭერით. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. თუ კიტრის მწნილი არ გიყვართ, ახალი კიტრით ჩაანაცვლეთ ან საერთოდ ამოიღეთ. ასეთი მსუბუქი სალათით სალათი შეკაზმეთ ან შაურმას დაუმატეთ.
2. მწვანე ნივრის სოუსი
ინგრედიენტები:
- 3 თავი ნიორი
- 4 ტოტი ქინძი და ოხრახუში
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი: ნაზი გემო და სასიამოვნო მწვანე ფერი ამ რეცეპტის თავისებურებაა. გამომცხვარი ნიორი სოუსს ნაზ გემოს მატებს. ნივრის თითოეული თავი შუაზე გაჭერით და ფურცლებიანად ფოლგაში მოათავსეთ. 180 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. გაგრილებას დაელოდეთ და რბილობი ამოიღეთ. ნივრის რბილობი, მწვანილი, მზესუმზირის ზეთი, მარილი და წიწაკა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
3. სოუსი ნივრით და ყველით
ინგრედიენტები:
- 3 კბილი ნიორი
- 100 გ ხმელი ყველი
- 100 მლ ნაღები (30%)
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: მზა საკაზმის კონსისტენცია ერთგვაროვანი რომ იყოს, ხარისხიანი ყველი შეარჩიეთ და ძალიან წვრილად გახეხეთ. ნიორი დაჭყლიტეთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ლითონის ან ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელი გამოიყენეთ. ნარევი წყლის ორთქლზე დადგით, რომ ყველი სრულად გადნეს, ხოლო მასა გასქელდეს. მწვადს, გამომცხვარ ხორცს და ბოსტნეულს იდეალურად უხდება.
როგორც ხედავთ, ნივრიდან შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა გემოს და ფერის სოუსი, რომელიც მთავარ კერძს პიკანტურობას და განსაკუთრებულ არომატს შემატებს. საფუძვლად აირჩიეთ ნივრის სოუსის ნებისმიერი ვარიანტი და თქვენი ინგრედიენტები დაუმატეთ. ასე ახალ ორიგინალურ ვარიანტს მიიღებთ, რომელიც თქვენს კულინარიულ შედევრს უფრო მიმზიდველს გახდის.