დეკემბერა, საშობაო, ზიგოკაქტუსი შლუმბერგერა – ეს ყველა კარგად ნაცნობი ოთახის მცენარის სახელებია, რომელიც ბევრი სახლის ფანჯრის რაფაზე მყარად დამკვიდრდა. ადვილი მოსავლელია და უხვად ყვავილობს. და მაინც, ყველა მფლობელი საშობაო მცენარის დიდებული ყვავილობით ვერ დაიკვეხნის. Vivien გიამბობთ, რა უყვარს და ვერ იტანს დეკემბერა და როგორ იზრუნოთ მასზე სწორად.
ოთახის ყვავილი დეკემბერა – ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დეკემბერა კაქტუსის ნათესავია. თავად განსაჯეთ, ეკლები არ აქვს, ფოთლები მწვანე და წვნიანია, ბევრი წყალი უყვარს. საშობაო მცენარე ორქიდეას ძალიან ჰგავს. გაფანტული სინათლე და მსუბუქი ჩრდილი მოსწონს. დასავლეთ ან აღმოსავლეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე იდეალურად იზრდება. ზაფხულში 18-22 გრადუსზე კომფორტულად არის, ხოლო ზამთარში 14 გრადუსზეც თავს კარგად გრძნობს. დეკემბერას ერთ ადგილას გაზრდა ურჩევია. ამ ადგილას ერთხელ და სამუდამოდ ეჩვევა. ადგილის შეცვლას ცუდად იტანს. ქოთნის შემოტრიალებაც არ უყვარს. ყვავილობისას ამის გაკეთება უკუჩვენებულია. ასე ნაზი ფურცლები დაცვივდება და უხვ ყვავილობას ვერ მიიღებთ.
მცენარის მორწყვა და გამოკვება – დეკემბერას მორწყვის წესი სეზონსა და მისი განვითარების ფაზაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გაზაფხულსა და ზაფხულში უხვად იზრდება, ამიტომ ბევრი სითხე სჭირდება. შეგიძლიათ გამოკვებოთ. ამ მიზნით სრული მინერალური სასუქი ან სპეციალური საკვები კაქტუსებისთვის შეიძინეთ.
შემოდგომაზე სიმშვიდის და დასვენების ფაზა აქვს, ამიტომ მორწყვა უნდა შეამციროთ. მხოლოდ დანამვითაც შეგიძლიათ შემოიფარგლოთ. როგორც კი, პირველ კოკორს შეამჩნევთ, ყვავილს მეტი წყალი მიაწოდეთ. ამ პერიოდში ყვავილოვანი მცენარეების სასუქით გამოკვებეთ. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ცხელ ან ცივ შენობაში კოკრების განვითარებას არ დაიწყებს. ოპტიმალური ტემპერატურა დღისით 21 გრადუსია, ხოლო ღამით – 7-15 გრადუსი.
ზამთარი და გაზაფხულის დასაწყისი დეკემბერასთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ყვავილობას იწყებს. 2 კვირაში ერთხელ გამოკვებეთ, ჰაერის ტემპერატურა აკონტროლეთ. 22 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს. გათბობის ბატარეებს მოაშორეთ. ყვავილობისას მცენარე მხოლოდ თბილი წყლით მორწყეთ და ეს ღამით არასოდეს გააკეთოთ. ყვავილობის შემდეგ მორწყვა შეამცირეთ და უფრო დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ ისევ ზრდის ციკლი იწყება.
გამრავლება და გადარგვა – ოთახის ყვავილი კალმით მრავლდება. პირველ რიგში, შეარჩიეთ გამონაზარდი, რომელსაც განშტოება არ აქვს, ბოლო ორი სეგმენტი მოაჭერით. გადანაჭერზე ნახშირი მოაყარეთ, შემდეგ მშრალ და თბილ ადგილას 24 საათით გააჩერეთ, რომ წამონაზარდი გამოშრეს. კალმები სველ მიწაში უნდა ჩარგოთ. მცენარეს პარკი ან ქილა დააფარეთ, რომ სათბურის პირობა შეიქმნას. ამ მეთოდით დარგული კალამი ძლიერ ფესვებს განავითარებს.
დეკემბერას ხშირად გადარგვა არ სჭირდება, 3-4 წელიწადში ერთხელ. ქოთანი დაბალი, მაგრამ ფართო უნდა იყოს. მაღაზიაში სპეციალურად კაქტუსის და სუკულენტის მიწა შეიძინეთ. ქოთნის ძირში დრენაჟი მოათავსეთ. თავად ყვავილი გადაზიდვის მეთოდით უნდა გადარგოთ, სიცარიელე ახალი მიწით შეავსეთ.
დაავადებები და მავნებლები – როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსება, დეკემბერა შეიძლება დაავადდეს. სოკოებიდან შეიძლება ფიტოფთორით, ფუზარიოზით და ფიტიუმით დაინფიცირდეს. ყვავილი, რომელზეც სოკო დასახლდა, მოთენთილი, ნაცრისფერი ხდება და ფოთლებს კარგავს. ამ შემთხვევაში შეიძინეთ სპეციალური პრეპარატები „მაქსიმი“, „ტოპაზი“, „ვიტაროსი“ ან ფუნგიციდები. თუ დეკემბერაზე ჟანგის ნადები შეამჩნიეთ, შესაძლოა, ყვავილი ობობის ტკიპის მსხვერპლი გახდა. ამ მავნებელს მოიშორებთ „აკტელიკის“, „ფიტოვერმის“ ან „ნეორონის“ გამოყენებით. თუ მცენარე დასუსტდა, პრობლემა ფესვების ლპობა შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, უმჯობესია გადარგოთ.
დეკემბერა პრეტენზიულ მცენარედ არ ითვლება. საკმაოდ მარტივი მოსავლელია. თუ ყველა წესს დაიცავთ, ოთახის ყვავილი დიდებული ყვავილობით და წვნიანი მწვანე ფოთლებით გაგახარებთ.