ტორტი–ანტისტრესი „სამი შოკოლადი“. სტუმრები საკონდიტროს გახსნას მირჩევენ

396

ახლახანს მამას დაბადების დღე ჰქონდა და მისი გაოცება მოვინდომე. დიდხანს არ მიფიქრია, რადგან ვიცი, რომ შოკოლადის დესერტები ძალიან უყვარს. წარმატებული რეცეპტი მოვძებნე. აღმოჩნდა, რომ სახლში ტორტის „სამი შოკოლადი“ მომზადება ძალიან მარტივია. Vivien მისი მომზადების დეტალებზე გიამბობთ.

ტორტი „სამი შოკოლადი“ სახლის პირობებში – ეს ტორტი 4 ფენისგან შედგება. ესაა სველი კაკაოს ბისკვიტი, ასევე თეთრი, რძიანი და შავი შოკოლადის სუფლეები. სადღესასწაულო სუფრისთვის ამაზე იდეალურ დესერტს ვერ იპოვით. საკმაოდ მარტივად და სწრაფად მზადდება. თქვენც გამოგივათ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 1 ჭიქა თბილი რძე
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 6 ს/კ კაკაოს ფხვნილი ან კერობა
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი

3 სახეობის სუფლეს ინგრედიენტები:

  • 100 გ შავი, რძიანი და თეთრი შოკოლადი
  • 75 მლ მცენარეული ზეთი
  • 18 გ ჟელატინი
  • 150 მლ რძე
  • 600 მლ ცხიმიანი ნაღები (35%)
  • 15 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ბისკვიტი მოამზადეთ. შაქარი და კვერცხი მასის გათეთრებამდე ათქვიფეთ. სათქვეფი ან ბლენდერი გამოიყენეთ. თბილი რძე, მარილი და ზეთი დაუმატეთ. მშრალი ინგრედიენტები აურიეთ. რძე–კვერცხის ნარევს მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ.
  2. ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომს მდუღარე წყალი ჩაასხით და ისევ აურიეთ. ცომი თხევადი არაჟნის მსგავსი გამოვა. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით. 180 გრადუსზე ზუსტად 15-20 წუთით აცხვეთ. თქვენი ღუმელის სიმძლავრით იხელმძღვანელეთ. ბისკვიტიდან კბილის ჩხირი მშრალი არ ამოვა, რადგან თავად სველია.
  3. შავი შოკოლადის სუფლესთვის შოკოლადი წყლის ორთქლზე გაადნეთ, 25 მლ ზეთი დაუმატეთ. ასე შოკოლადი თხელი და წელვადი გამოვა. ჟელატინი რძეში ჩაალბეთ. სუფლეს ერთი პორციისთვის 6 გ ჟელატინი და 50 მლ რძე სჭირდება. ეს მასა გააცხელეთ და შოკოლადს აურიეთ.
  4. ერთი პორცია სუფლესთვის 200 მლ ნაღები და 5 ჩ/კ შაქარი ათქვიფეთ. მიღებული კრემი შოკოლადის მასას აურიეთ და თხელი სუფლე მზა ბისკვიტს ფორმაში ჩაასხით. სუფლე რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ, რომ გამაგრდეს. სუფლეს გარეგნობით იხელმძღვანელეთ.
  5. როცა შავი შოკოლადის სუფლე მზად იქნება, იმავე მეთოდით რძიანი შოკოლადის სუფლე გააკეთეთ და მიღებული მასა წინა ფენას დაასხით. ტორტი რამდენიმე საათით ისევ მაცივარში შეინახეთ, შემდეგ თეთრი შოკოლადის სუფლე მოამზადეთ. იდეალურია, ამ ეტაპზე დესერტი მაცივარში მთელი ღამე გააჩეროთ, თუ შესაძლებელია.
  6. მზა ტორტი სურვილისამებრ გააფორმეთ. ახალი ხილით ან კენკრით იდეალურად გამოიყურება. გემრიელად მიირთვით.

თუ რომელიმე სახეობის შოკოლადი არ გიყვართ, ტორტი მხოლოდ ორი სახეობის სუფლეთი გააკეთეთ. გარწმუნებთ, ასეთი კომბინაციით თეთრი, რძიანი და შავი შოკოლადი ახალი ფერებით ათამაშდება და ნაზი გემოთი გაგახარებთ. გირჩევთ, რომ ასეთი ტორტი საოჯახო შეკრებისას მოამზადოთ. ბევრად გემრიელია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური ტორტი, რომელიც კონსერვანტებით სავსეა. თუ შოკოლადი საერთოდ არ გიყვართ, მაშინ მარწყვის სუფლე გააკეთეთ.