ყველა ინგრედიენტი ერთ თასში: რბილი უსაფუარო კექსის 5 რეცეპტი

285

რა შეიძლება იყოს ფხვიერ კექსზე უფრო გემრიელი. რაც მთავარია, მისი მომზადება მარტივია. ამის გაკეთება დამწყებ მზარეულსაც შეუძლია. დიდ დროს არ მოითხოვს. შინ მომზადებულ კექსს მხოლოდ ინგრედიენტების მიქსერით შერევა და ღუმელში გამოცხობა სჭირდება. Vivien კექსის რეცეპტებს გიზიარებთ. ნამდვილად გემრიელი გამოდის.

როგორ გამოვაცხოთ შინაურული კექსი

რეცეპტი №1: ლიმონის კექსი – ჩაიზე მისაყოლებლად სუფრის ხშირი სტუმარია. უმარტივესი და იაფი ინგრედიენტები და მინიმუმი დრო დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 200 გ მარგარინი
  • 3-4 კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 150 გ შაქარი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • ლიმონი

მომზადების წესი:

  1. მარგარინი მსხვილად გახეხეთ, წინასწარ ოდნავ შეგიძლიათ გაყინოთ.
  2. შაქარი და კვერცხი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. რძე ჩაასხით, ფქვილი და გამაფხვიერებელი ჩაყარეთ.
  4. ცომი მოზილეთ.
  5. ლიმონის ქერქს ცედრა მოაჭერით და წვრილად გახეხეთ.
  6. ლიმონის რბილობი მსხვილად გახეხეთ და ცომს დაუმატეთ.
  7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.
  8. მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმეთ. ცომი ჩხირს არ უნდა ეკვროდეს.

რეცეპტი №2: ნაღების კექსი – ძალიან ნაზი გამოდის. მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 125 გ ფქვილი
  • 125 გ სახამებელი
  • 250 გ შაქარი
  • 250 გ ნაღები
  • 4 კვერცხი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • 1 პაკეტი ვანილი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი აურიეთ.
  2. კვერცხი, შაქარი და ვანილი ფაფუკი მასის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ.
  3. ნაღები (ცხიმიანი უკეთესია) დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.
  4. თანდათან მშრალი ნარევი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.
  5. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით აცხვეთ.

რეცეპტი №3: ყველიანი კექსი მსხლით – როგორც ახალი, ასევე დაკონსერვებული ხილით შეგიძლიათ მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 250 გ ფქვილი
  • 250 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 200 გ ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • მწიფე (ან დაკონსერვებული) მსხალი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • 1 პაკეტი ვანილი

მომზადების წესი:

  1. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
  2. ხაჭო გაცერით, რბილი კარაქი, შაქარი და ვანილი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. მასას თითო კვერცხი დაუმატეთ, შემდეგ ფქვილი ჩაყარეთ.
  4. ცომს კარგად აურიეთ, შემდეგ ფორმაში მოათავსეთ.
  5. მსხალი რგოლებად დაჭერით და ზემოდან დააწყვეთ.
  6. დაახლოებით 1 საათით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ.

რეცეპტი №4: კექსი „ფიფქი“ – საახალწლო დღესასწაულებისთვის კარგი ვარიანტია. მარტივად მზადდება.

ინგრედიენტები:

  • 6-7 ს/კ სახამებელი
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 1 კვერცხი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

ამ კექსში ფქვილი არაა, მას სახამებელი ცვლის. ხორბლის სახამებელი გამოიყენეთ, რადგან კარტოფილის სახამებელი ცომს წებოვანს ხდის. ყველა ინგრედიენტი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ფორმაში ჩაასხით და 160-180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ.

რეცეპტი №5 იოგურტის კექსი შავქლიავით – მსუბუქი კექსი კეფირის სასიამოვნო გემოთი. მისთვის იოგურტი ხილის დანამატით გამოიყენეთ. ასე უფრო გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა თხელი სასმელი იოგურტი
  • 3 კვერცხი
  • 2–3 ს/კ შაქარი (ბევრი არ გინდათ, რადგან იოგურტი ტკბილია)
  • 50 გ კარაქი
  • 100 გ შავქლიავი
  • 100 გ ქიშმიში
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. შავქლიავი 10 წუთით მდუღარე წყალში ჩაალბეთ. შემდეგ წყალი გადაასხით და ჩირი გაამშრალეთ.
  2. ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
  3. კვერცხის გულები, შაქარი, ვანილი და მარილი ცალკე ათქვიფეთ.
  4. იოგურტი დაუმატეთ, ათქვეფა გააგრძელეთ. ფქვილი და ჩირი დაუმატეთ.
  5. კვერცხის ცილები მყარი ქაფის მიღებამდე ცალკე ათქვიფეთ და კვერცხის მასას ფრთხილად შეურიეთ.
  6. ფორმას კარაქი წაუსვით.
  7. 160-180 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ.

ნებისმიერი რეცეპტი აირჩიეთ და სიამოვნებით მოამზადეთ.