სახლის ნუმეროლოგიური ციფრი. რატომ უნდა იცოდეთ და რა გავლენას ახდენს მობინადრეზე

1688

სახლის ენერგეტიკა ბევრ ფაქტორზე დამოკიდებულია. ესაა ავეჯი, ნივთები, ოჯახის განწყობა და ოთახის მცენარეები. სახლზე მისი ნუმეროლოგიური ციფრიც გავლენას ახდენს. ამის გამო სახლში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც ციხესიმაგრეში, ან პირიქით, დისკომფორტზე ვწუწუნებთ.

სახლის ნუმეროლოგიური ციფრი – პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რას ნიშნავს ბინის ნომერი, რომელშიც ცხოვრობთ ან გადასვლას აპირებთ. თუ ის თქვენს ენერგეტიკას ემთხვევა, გამოდის სახლი თერაპიულ ეფექტს მოახდენს. როგორც ამბობენ, „კედლები კურნავს“. თუ არა, სახლში თავის ტკივილს და დისკომფორტს იგრძნობთ. ნუმეროლოგიური ციფრის გამოთვლა ძალიან მარტივია. უბრალოდ ბინის ყველა ციფრი შეაჯამეთ, რომ ერთმნიშვნელოვანი შედეგი მიიღოთ. მაგალითად, 138=1+3+8=12. 1+2=3. ეს არის ბინის ნომერი. იგივე თქვენი ბინის ნომრით გააკეთეთ და აღწერა წაიკითხეთ.

  • ციფრი 1 – ამ ციფრის მფარველია მზე, ამიტომ სახლი მობინადრეს პოზიტივით, შემოქმედებითი ენერგიით და სიხარულით ავსებს. სახლიდან ენერგიით და ბედნიერებით სავსე გადიხართ, ამიტომ ყველა საქმეს მარტივად ასრულებთ. ასეთ ბინაში შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები კარგად ცხოვრობენ. ესენია მხატვრები, მწერლები, ჟურნალისტები. ისინი ბინაში ბევრ დეტალს ათავსებენ. ასეთ ბინაში ბევრი სინათლე უნდა იყოს: ღია ფერის ფარდები და ბევრი სანათი. ასე სახლის მფლობელი და სტუმრები თავს კომფორტულად იგრძნობენ.
  • ციფრი 2 – მთვარე, საიდუმლოებების, ჭვრეტის და ფარული შესაძლებლობების სიმბოლო, ციფრს 2–ს მფარველობს. ეს ბინა იდეალურია მასწავლებლისთვის, მუსიკოსისა და მზარეულისთვის. მთავარი აქცენტი სარკესა და ამრეკლავ ზედაპირებზე უნდა გაკეთდეს. ფერების გამა ნაზი კრემისფერიდან ზურმუხტისფრამდე უნდა მერყეობდეს. სააბაზანო ოთახის ინტერიერზე განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ. ის იდეალური უნდა იყოს.
  • ციფრი 3 – მარსი ამ სახლს ანიჭებს თავისუფლებას, შეუპოვრობას, მოქმედების სურვილს. აქ ზარმაცი და ინერტული ადამიანი ცხოვრებას ვერ შეძლებს. მართალია, ასეთ ბინაში ყოველთვის რაღაცის შეკეთება მოგიწევთ: თაროები სამზარეულოში, სანტექნიკა, საკეტები ან სკამები. ყოველთვის ტონუსში უნდა იყოთ, რომ ენერგია არ დაგუბდეს. ინტერიერში წითელი აქცენტები უნდა იყოს, რომ მფარველ პლანეტას შეესაბამებოდეს.
  • ციფრი 4 – ამ სახლს მერკური მფარველობს. მასში ყველაზე მნიშვნელოვანია გულახდილობა და გულწრფელობა. სახლი ფარისეველ და მატყუარა ადამიანს თავად გააგდებს. ინტერიერში უნდა იყოს ყველაფერი, რაც ინფორმაციასთან კავშირშია: წიგნები, ტელევიზორი, ფოტოები. ხელსაყრელი ფერები: ნაცრისფერი, ლურჯი და ცისფერი.
  • ციფრი 5 – იუპიტერი ამ ბინის მფლობელებს საკუთარ ნიჟარაში ჩაკეტვის საშუალებას არ მისცემს. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. მეცნიერების, პოლიტიკოსების, დიდი იდეისთვის მცხოვრები ადამიანებისთვის შესაფერისია. მეწამული ფერი ამ ბინისთვის იდეალურია. აქსესუარად ბრინჯაოს სტატუეტები და შორეული ქვეყნების სუვენირები გამოიყენეთ.
  • ციფრი 6 – ამ ბინის მფლობელს გაუმართლა, რადგან სახლის მფარველი ვენერაა. სიყვარული, ჰარმონია, კომფორტი და დასვენება – აი, როგორ შეიძლება აღწეროთ ამ სახლის განწყობა. აქ კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. გარემოში უნდა ჭარბობდეს რბილი ავეჯი, მრგვალი მაგიდა, ხალიჩა და ცოცხალი ყვავილები. ასეთ ბინაში ადამიანიც და ცხოველიც თავს კომფორტულად გრძნობს.
  • ციფრი 7 – პლანეტა სატურნი ამ ბინის მფლობელს უწყვეტ გამოცდებს უმზადებს. სამწუხაროდ, ოჯახის წევრებს მატერიალური კეთილდღეობა მხოლოდ ესიზმრებათ. ამ სახლში მნიშვნელოვანია საზრიანობის და ორიგინალურობის გამოჩენა, რადგან ყოველთვის რაღაცის შეკეთება და შეცვლა მოგიწევთ. სახლი მყუდრო რომ იყოს, მუქი ლურჯი ტონები შემატებთ. ეს სიმშვიდის და ნდობის ფერია.
  • ციფრი 8 – ეს ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიანების ბინაა. მისი მფარველი ურანია. პრაგმატული და რაციონალური ადამიანი ასეთ სახლს ვერ შეეგუება. უკეთ გასაფორმებლად ცისარტყელას ყველა ფერი დომინანტური ლურჯით გამოიყენეთ. დენთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და ფანჯრების სისუფთავე შეინარჩუნეთ. ასე სახლის ენერგეტიკა ყოველთვის წესრიგში იქნება.
  • ციფრი 9 –  ამ ბინას ნეპტუნი მფარველობს. მობინადრეს ასეთ სახლში ცხოვრება უჭირს. სახლში დამთრგუნველი ატმოსფეროა. ნივთები ხშირად იკარგება: ჩანგლით დაწყებული და წიგნით დასრულებული. ამ ბინაში ყოველთვის ფხიზლად უნდა იყოთ.

ბინის ნუმეროლოგიური ციფრი საცხოვრებელსა და მის მფლობელებზე დიდ გავლენას ახდენს. ციფრსა და ენერგეტიკას შორის შეუთავსებლობის გამო ადამიანი საკუთარ სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობს. ასე გადაწყობა ან რემონტის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, ამის შემდეგ ბინაში ნანატრი ჰარმონია იგრძნოთ.