5 დესერტი, რომელსაც ღუმელში გამოცხობა ან მიკროტალღურში გაცხელება არ სჭირდება

231

გემრიელი დესერტი ღუმელის გარეშე სრულიად რეალურია. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მარტივი დესერტი ღუმელის გარეშე. ასეთი ტკბილეულით ოჯახი და ახლობლები შეგიძლიათ გაახაროთ. გემრიელობა მოულოდნელი სტუმრისთვის მისართმევად ყოველთვის გექნებათ.

1. შოკოლადი–ქოქოსის რულეტი

ინგრედიენტები:

  • 300 გ ორცხობილა
  • 150 გ კარაქი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 100 გ შაქრის ფხვნილი
  • 40 გ ქოქოსის ფანტელები

მომზადების წესი:

  1. ორცხობილა საგორავით დააქუცმაცეთ ან უბრალოდ ხელით დატეხეთ. კაკაოს ფხვნილი აურიეთ.
  2. შაქრის ფხვნილი წყალში გახსენით და ტკბილი წყალი დაქუცმაცებულ ორცხობილას დაასხით.
  3. სქელი ცომის მიღებამდე კარგად აურიეთ.
  4. კარაქი წინასწარ დაარბილეთ. ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. რბილი კარაქი ქოქოსის ფანტელებს და შაქარს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  5. მაგიდაზე პერგამენტი ან პარკი დააფარეთ. მასზე შოკოლადის ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ 0,5 სმ სისქის ფირფიტა მიიღოთ. ქოქოსის კრემი წაუსვით და რულეტი დაახვიეთ. დესერტი მაცივარში შეინახეთ.

2. შოკოლადის ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 200 გ ფხვიერი ორცხობილა
  • 100 გ კარაქი
  • 80 გ მიწისთხილი ან ნიგოზი
  • 90 გ შაქრის ფხვნილი
  • 50 მლ ცხიმიანი რძე
  • 50 გ კაკაოს ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. 100 გ ორცხობილა საგორავით დაფშვენით. მეორე ნაწილი მსხვილად დატეხეთ.
  2. კაკალი დანით დააქუცმაცეთ. კარაქი და რძე ოთახის ტემპერატურაზე შეათბეთ.
  3. რძე, შაქრის ფხვნილი, კაკაო, რბილი კარაქი და კაკალი აურიეთ. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  4. ამ ნარევს ყველა ორცხობილა დაუმატეთ.
  5. მიღებულ მასას ძეხვის ფორმა მიეცით. პარკში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ.

3. რაფაელო

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 50 გ კარაქი
  • 200 გ ქოქოსის ფანტელები
  • 80 გ ნუში
  • 10 გ ვანილი
  • 1 ჩ/კ კონიაკი

მომზადების წესი:

  1. სანამ დესერტს მოამზადებთ, კარაქი ოთახის ტემპერატურაზე დაარბილეთ. კარაქი და შესქელებული რძე აურიეთ. ნარევს დაუმატეთ კონიაკი, რომ ტკბილეულს დახვეწილი გემო მისცეთ. შაქარი და ვანილი მოაყარეთ. გასქელებამდე მაცივარში შეინახეთ.
  2. როცა მასა გასქელდება, მისგან ბურთები გააკეთეთ. შიგნით ნუში ჩადეთ, შემდეგ ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ. სახლური კანფეტი „რაფაელო“ მზადაა.

4. ვაფლის ტორტი

ინგრედიენტები:

  • 10 ვაფლის ფენა
  • 600 გ მოხარშული შესქელებული რძე
  • 250 გ კარაქი ან არაჟანი

მომზადების წესი:

  1. ალბათ, ეს რეცეპტი ყველასთვის ცნობილია. იმდენად მარტივია, რომ ბავშვებიც მარტივად მოამზადებენ.
  2. შესქელებული რძე და რბილი კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თუ ნაკლებად ცხიმიანი დესერტი მოგწონთ, კარაქის ნაცვლად არაჟანი გამოიყენეთ.
  3. ვაფლის თითოეულ ფენას კრემი წაუსვით და ერთმანეთს დაადეთ. ზედა ფენას შესქელებული რძე წაუსვით და დაქუცმაცებული ვაფლი მოაყარეთ.

5. “კარტოფილი“

ინგრედიენტები:

  • 350 გ ორცხობილა
  • 200 გ შესქელებული რძე
  • 100 გ კარაქი
  • 80 მლ რძე
  • 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 2 ს/კ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

  1. დაქუცმაცებული ორცხობილა, შესქელებული რძე, კარაქი და რძე აურიეთ. 1,5 ს/კ კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ სქელი მასა მიიღოთ.
  2. მისგან კარტოფილის ფორმის ბურთები გააკეთეთ და კაკაოს ფხვნილსა და შაქრის ფხვნილში აურიეთ. ამისთვის ქოქოსის ფანტელებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ნებისმიერი მოწონებული დესერტი აირჩიეთ და სიამოვნებით მოამზადეთ. გემრიელად მიირთვით!