3 რეცეპტი, როგორ გამოაცხოთ ბისკვიტი ღუმელის გარეშე

515

ჩემთვის ბისკვიტის მომზადება ძალიან რთულია. ფაფუკი ბისკვიტის მოსამზადებლად ბევრი წესი უნდა დაიცვათ. როცა მულტისახარში შევიძინე, ცომეულთან საქმე გამიმარტივდა. მასში იდეალური ცომი ცხვება. რა გავაკეთოთ, თუ ეს სასწაული მოწყობილობა არ გვაქვს? Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბისკვიტი ღუმელის გარეშე. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ასეთი დესერტი კლასიკური ვარიანტისგან დიდად არ განსხვავდება. მისი მომზადებისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ. გიზიარებთ ბისკვიტის სამ საინტერესო რეცეპტს და ცხობის საიდუმლოებებს.

1. მარტივი ბისკვიტი ტაფაზე

ინგრედიენტები:

  • 200 გ ფქვილი
  • 200 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. შაქარი და კვერცხი ჰაეროვანი ქაფის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ.
  2. ცალკე გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. მშრალი ნარევი ათქვეფილ კვერცხს ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ. ცილა ფაფუკი რომ დარჩეს, სპატულით ნაზად აურიეთ.
  3. კარაქი წინასწარ გაადნეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. ცომს ფრთხილად დაუმატეთ და აურიეთ.
  4. ბისკვიტი რომ გამოაცხოთ, სქელძირიანი ტაფა აიღეთ და პერგამენტი ჩააფინეთ. პერგამენტს, რომელიც ძირშია ჩაფენილი, მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი წაუსვით. გვერდებს ზეთი არ წაუსვათ. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელიც ბისკვიტის სიფაფუკეზე გავლენას ახდენს. ცომს ამოსვლა გაუჭირდება, თუ ტაფის კედლები სრიალა იქნება.
  5. ცომი ტაფაში ჩაასხით, თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. 40 წუთით აცხვეთ. პირველი 20 წუთი გადამწყვეტია. თუ ამ დროში თავსახურს ახდით, ცომი შეიძლება დავარდეს. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

2. ბისკვიტი ქვაბში

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4 კვერცხი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. კვერცხის ცილები 1 ჭიქა შაქართან ერთად ცალკე ათქვიფეთ. მზა ნარევს კვერცხის გულები დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ.
  2. ფქვილი გაცერით და ათქვეფილ კვერცხს შეურიეთ.
  3. ქვაბი ცეცხლზე გაახურეთ, ძირში პერგამენტის რამდენიმე ფენა ჩააფინეთ. ზედა ფურცელს ზეთი წაუსვით. როგორც წინა ვარიანტში, ქვაბის გვერდები მშრალი დატოვეთ, რომ ცომი ადვილად ამოვიდეს.
  4. ცომი ქვაბში ჩაასხით, პირსახოცი დააფარეთ, ზემოდან თავსახური დაახურეთ.
  5. თუ გაზქურა გაქვთ, სუსტ ცეცხლზე ჩართეთ და ცეცხლის გამანაწილებელი დადეთ. ქვაბი დადეთ და ბისკვიტი 1 საათით აცხვეთ. ცომის მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.

3. კენკრის ბისკვიტი ტაფაზე

ინგრედიენტები:

  • 200 გ შაქარი
  • 200 გ ფქვილი
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 5 კვერცხი
  • 200 გ კენკრა

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტის რეცეპტი პირველ ვარიანტს ჰგავს, ოღონდ ახალი ან გაყინული კენკრით მზადდება. პირველ რიგში, შაქარი და კვერცხი მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი დაუმატეთ. სპატულით აურიეთ.
  2. კარაქი გაადნეთ და გააგრილეთ. ცომში ფრთხილად ჩაასხით და აურიეთ.
  3. ტაფას 3–4 ფენა პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. ისე გააკეთეთ, რომ კედლები დახურული იყოს.
  4. ცომი ტაფაში ჩაასხით, ზემოდან კენკრა დააწყვეთ. ძალიან ბევრი კენკრა არ დაუმატოთ, რადგან ასე ცომი შეიძლება ვერ გამოცხვეს.
  5. თავსახური დაახურეთ და 40 წუთით აცხვეთ. როგორც წინა ვარიანტში, მზაობა ხის ჩხირით ან კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

როგორც ხედავთ, ბისკვიტის გამოცხობა ღუმელის გარეშეც შეიძლება. თუ ტექნოლოგიას სწორად დაიცავთ და ყველა ნიუანსს გაითვალისწინებთ, იდეალურ დესერტს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს