შეფმზარეულმა დაასახელა პროდუქტები, რომლებიც უმჯობესია გახეხოთ, ვიდრე დაჭრათ

274

რას იყენებთ ყველაზე ხშირად პროდუქტების დასაქუცმაცებლად? საჭრელ დაფას და დანას თუ სახეხს? იქნებ, მომზადების გასამარტივებლად იყენებთ ბლენდერს ან სამზარეულოს კომბაინს? თითოეულ პროდუქტს დასაქუცმაცებლად საკუთარი ხრიკი აქვს. ზოგჯერ პროდუქტის გახეხვა უმჯობესია, ვიდრე დაჭრა. ასე მისი გემო უკეთ იხსნება და მეტ სასარგებლო ნივთიერებას იძლევა. Vivien გიამბობთ, რომელი პროდუქტების გახეხვა სჯობს.

რომელი პროდუქტები უმჯობესია გახეხოთ, ვიდრე დანით დაჭრათ – ბევრი ხილ–ბოსტნეულის დანით დაჭრას მიჩვეული ვართ. უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი პროდუქტის გახეხვა უმჯობესია. ასე მაქსიმალურ არომატს და გემოს იძლევა, ზოგიერთი მეტ ვიტამინს გამოყოფს.

  • მოხარშული კვერცხი სალათისთვის – ბევრი დიასახლისი სხვადასხვა სალათისთვის კვერცხის სპეციალურ დასაქუცმაცებელს იყენებს. ასე კუბებად დაჭრილი კვერცხი გამოდის, რომელიც ოლივიესთვის შესაფერისია. თუ უფრო ნაზ ფენებიან სალათს ამზადებთ, კვერცხი გახეხეთ. ასე ერთგვაროვანი გამოდის, მისი გემო ნაკლებად გამოხატულია, სალათის კონსისტენცია ნაზი და ჰაეროვანი ხდება.
  • შოკოლადი – გახეხილი შოკოლადით ტორტი და ნამცხვარი, ნებისმიერი სხვა დესერტი შეგიძლიათ გააფორმოთ ან შვრიის ფაფას დაუმატოთ. თუ კერძი ტკბილია, შავი მწარე შოკოლადი გამოიყენეთ, თუ უფრო ნეიტრალურია, მაშინ ტკბილი რძიანი. ნებისმიერ შემთხვევაში გახეხეთ. ლამაზი თხელი ბურბუშელები გამოვა. შოკოლადი ადვილად რომ გახეხოთ, ცოტა ხნით მაცივარში შეინახეთ.
  • ლიმონის ცედრა – ლიმონის ცედრა ბევრ მთავარ კერძსა და დესერტში გამოიყენება. სალათს სიმჟავისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ. როგორ გამოიყენოთ სახეხი ლიმონის შემთხვევაში? მთელი ლიმონი აიღეთ და წვრილ სახეხზე კანი გახეხეთ. კანსა და რბილობს შორის თეთრ ნაწილს არ შეეხოთ, რადგან სწორედ მას მწარე გემო აქვს.
  • კოჭა – კოჭაც სხვადასხვა კერძში გამოიყენება. მაგალითად, ჩაის, ცხელ სასმელს და ვიტამინების ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ. კოჭა ბოჭკოვანი პროდუქტია, ამიტომ დანით დაჭრა არ ღირს. ბლენდერშიც კარგად ვერ დააქუცმაცებთ, რადგან ბოჭკოები დარჩება. უმჯობესია, წვრილ სახეხზე გახეხოთ.
  • კომბოსტო – გაგიკვირდათ? წვნიანისა და სალათისთვის კომბოსტოს დასაქუცმაცებლად სპეციალური საჭრელი გამოიყენება. რა გავაკეთოთ, თუ არ გვაქვს? კომბოსტო, კიტრი, სტაფილო, ვაშლი – ეს პროდუქტები უმჯობესია გახეხოთ. თუ კომბოსტოს სალათის გაკეთებას გეგმავთ, მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მაშინვე რბილი და წვნიანი გახდება. აი, სპეციალური საჭრელის შემთხვევაში უნდა დაელოდოთ, რომ კომბოსტო მარილში გაჩერდეს და დარბილდეს.