ფაფუკი გოგრის ოლადები: მარილიანი და ტკბილი ვარიანტები

386

გოგრა უნივერსალური საშემოდგომო ბოსტნეულია. როგორც ტკბილ, ასევე მარილიან კერძში წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემოდგომის ნარინჯისფერი დედოფალი საოცრად სასარგებლოა. Vivien ორ მაქსიმალურად მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. ერთი ტკბილია, მეორე მარილიანი. თქვენი გემოვნებით აირჩიეთ.

გოგრის ოლადები: მათთვის, ვისაც მარილიანი და პიკანტური მოსწონს  – მარტივი რეცეპტია, ოდნავ კარტოფილის ბლინს ჰგავს. თითქმის იმავე მეთოდით მზადდება, მაგრამ კარტოფილის გემოსთან საერთო არაფერი აქვს. მით უფრო, პიკანტურ ინგრედიენტებს შეიცავს, რომელიც კერძს უფრო გემრიელს და საინტერესოს ხდის.

ინგრედიენტები:

  • 400 გ გასუფთავებული გოგრა
  • 1 ქათმის კვერცხი
  • 2–3 ს/კ ფქვილი
  • 3 კბილი ნიორი
  • მწვანილი (კამა, ოხრახუში, ახალი ან ხმელი თავშავა და რეჰანი)
  • მარილი, წიწაკა, საყვარელი სანელებლები – უფრო პიკანტური რომ გამოვიდეს, ხმელი სუნელი და ცოტა ცხარე წიწაკაც დაუმატეთ.
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. გოგრა წვრილ ან საშუალო სახეხზე გახეხეთ. კარტოფილისგან განსხვავებით მსხვილად გახეხილი არ გამოგადგებათ, რადგან გოგრის შეწვას მეტი დრო სჭირდება.
  2. ახალი მწვანილი წვრილად დაჭერით ან დააბლენდერეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფოთლები „ფაფად“ არ გადაიქცეს.
  3. გოგრა, მწვანილი, კვერცხი, ფქვილი, დაჭყლეტილი ნიორი და სანელებლები აურიეთ. მიქსერი გამოიყენეთ ან ხელით აურიეთ.
  4. ტაფაზე ზეთი კარგად გააცხელეთ და გოგრის ოლადები კოვზით გადაიტანეთ. თითოეული მხრიდან 2–3 წუთით შეწვით, ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

ასეთი ოლადები ნაზ ნაღების ან არაჟნის სოუსს იდეალურად უხდება, თავად საკმარისად ნივრიანი და პიკანტურია.

გოგრის ოლადები: მათთვის, ვისაც ტკბილი კარამელის გემო მოსწონს – ბევრი დიასახლისი ტკბილ გოგრის ოლადს ამზადებს, რადგან მისი რბილობი საკმარის შაქარს შეიცავს. ეს შეიძლება იყოს ფუნთუშა ან პეროგი, ტორტი, ჩირი. გოგრიდან ტკბილი ოლადებიც შეგიძლიათ გააკეთოთ. სავახშმოდ შესანიშნავი კერძია. ბავშვებს მოეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ გასუფთავებული გოგრა
  • 1 ქათმის კვერცხი
  • 2-3 ს/კ ფქვილი
  • 2–3 ს/კ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. გოგრა წვრილ ან საშუალო სახეხზე გახეხეთ.
  2. კვერცხი, ფქვილი, მწიკვი მარილი და ნახევარი შაქარი აურიეთ. მეტი შაქრის დამატება საჭირო არაა. დანარჩენი შაქარი მოგვიანებით დაგჭირდებათ.
  3. ტაფაზე ზეთი კარგად გააცხელეთ და გოგრის ოლადები კოვზით დააწყვეთ. 2–3 წუთით ორივე მხრიდან შეწვით.
  4. ბოლომდე შეწვამდე 30 წამით ადრე ოლადებს პირდაპირ ტაფაზე ცოტა შაქარი მოაყარეთ და მაღალ ტემპერატურაზე კარამელიზაციის დრო მიეცით.
  5. ოლადები ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

გოგრის ოლადები შაქრის ხრიკის გამოყენებით ოქროსფერი კარამელის ქერქით დაიფარება. თბილი მიირთვით, რომ ხრაშუნა იყოს. კენკრა ან ხილი გასაფორმებლად გამოიყენეთ, სუფრაზე უტკბილო იოგურტთან ერთად გაიტანეთ.