ვაშლის მშრალი მურაბა: არომატული ტკბილეულის ოქროს რეცეპტი

223

ოდესმე გიცდიათ მშრალი მურაბის ღუმელში მომზადება? ისეთი ცნობილი მეთოდი არაა, როგორც კლასიკური, მაგრამ არანაკლებ ტკბილი და გემრიელია. რა თქმა უნდა, მის მომზადებაზე დრო უნდა გამოყოთ. შედეგი იმედს არ გაგიცრუებთ. ნაზი და სასიამოვნო დესერტის ყოველ დღესასწაულზე მირთმევას ისურვებთ.

მშრალი მურაბა ღუმელში – როდის გავაკეთოთ ასეთი მურაბა, თუ არა ვაშლის სეზონზე? ტკბილი ჯიში შეარჩიეთ. გირჩევთ, არ აიღოთ ჯიში, რომელსაც ზამთარში დიდხანს შენახვა შეუძლია, უფრო მაგარი და ნაკლებად ტკბილია. ასეთი უმჯობესია, ზამთრისთვის მოიმარაგოთ, ხოლო მურაბისთვის ყველაზე შაქრიანი ნაყოფი გამოიყენოთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 300 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

  1. თავად გადაწყვიტეთ, ვაშლს გათლით თუ არა. მაინც დარბილდება, მაგრამ შეგიძლიათ მაშინვე გათალოთ. ხილი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ვაშლის ნაჭრები საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. დარიჩინი, შაქარი და ლიმონმჟავა მოაყარეთ.
  2. ვაშლის ნაჭრები ერთმანეთს მჭიდროდ უნდა ეკვროდეს. მშრალ ინგრედიენტებს კარგად აურიეთ და ღუმელში მოათავსეთ. 200 გრადუსზე 25 წუთით აცხვეთ.
  3. მზა ვაშლი ღუმელიდან გამოიღეთ და გაგრილებას დაელოდეთ. ხილის ნაჭრები რბილი, არომატული და ლამაზია.
  4. კიდევ ერთი საცხობი ფორმა მოამზადეთ. პერგამენტი ჩააფინეთ და მასზე ცივი ვაშლის ნაჭრები გადაიტანეთ. ხილს დარჩენილი შაქარი მოაყარეთ და სადმე მშვიდ ადგილას 2-3 დღე გაახმეთ. თუ აივანზე ახმობთ, ხილს მარლა ან სპეციალური საშრობი ბადე გადააფარეთ.
  5. მურაბის შრობის პროცესის დასაჩქარებლად ვაშლი ვენტილაციის მქონე ღუმელში 70 გრადუსზე 2-3 საათით მოათავსეთ. ჩირის აპარატი ან ჩვეულებრივი ღუმელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ მისი კარი ოდნავ ღია უნდა იყოს.

მშრალი მურაბა – ასეთი მურაბა პლასტმასის ან მინის ქილაში ან ქაღალდის პარკში შეინახეთ. მზა ხმელი ვაშლი უფრო ცუკატს ან ჩირს ჰგავს, მაგრამ მურაბაა. ჩაის ან სხვა დესერტს შეგიძლიათ დაუმატოთ. მაგალითად, ტორტი გააფორმოთ ან ფუნთუშის და რულეტის შიგთავსად გამოიყენოთ. უნივერსალური რეცეპტი ნებისმიერი ფორმით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ვაშლის მშრალი მურაბა სეზონური სევდის ან სურდოს დროს დაგეხმარებათ. ლამაზი დანა–ჩანგალი, ფინჯნები, თეფშები აირჩიეთ და მეგობრები დაპატიჟეთ. ესთეტიკური ჩაის წვეულება გამოვა. ქების ღირსია.