აივნის ეფექტურად დათბუნვა საკუთარი ხელით: სამუშაოს თანმიმდევრობა

446

ბინაში ყველაზე დაუცველი ადგილი აივანია, რომელიც ქარისა და ძლიერი ყინვისგან იტანჯება. ადრე აივანი ერთგვარი საწყობი იყო, სადაც საჭირო და ხშირად უსარგებლო ნივთები ინახებოდა. დღეს ბევრი ადამიანი აივანს დასასვენებლად ან სრულფასოვან ოთახად იყენებს. ერთადერთი მინუსი, რასაც ყველა აწყდება, არის ის, რომ ცივ ამინდში აივანზე დიდხანს ყოფნა შეუძლებელია. ზამთარი გარეთ მშვენიერ სურათს ქმნის, თუმცა ლოჯია მხოლოდ სწრაფად წასახემსებლად გამოიყენება. Vivien გიამბობთ, როგორ დათბუნოთ აივანი საკუთარი ხელით და ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებით.

რით დავიწყოთ – როგორც წესი, ნებისმიერი სამშენებლო ან სარემონტო პროცესი დაგეგმვით და მომზადებით იწყება. სანამ აივნის დათბუნვას დაიწყებთ, ზედმეტი ხარახურა მოიშორეთ. ნივთები, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ, სხვა ოთახში გაიტანეთ. შემდეგ აივანი დაათვალიერეთ. გაარკვიეთ, რომელ ნაწილს სჭირდება უფრო სქელი დათბუნვა. ძველი ნატეხები, უხარისხო იატაკი, ფანჯრებს შორის ხვრელები და უსწორმასწორო პირაპირი კედლებში: ამ ყველაფერზე უნდა იმუშაოთ. ლოჯიის და აივნის დათბუნვის 3 ტიპი არსებობს: შიდა, გარე და ორივე მხრიდან. პირველი ვარიანტი თავად შეგიძლიათ განახორციელოთ, მაგრამ დანარჩენი ორის შემთხვევაში სპეციალისტის გამოძახება მოგიწევთ. გარე იზოლაციისთვის არმატურის ბადე უნდა დაამაგროთ, ზემოდან ბათქაშის რამდენიმე ფენა დაუმატოთ. ასეთი თბოიზოლაცია გარე მოპირკეთებასა და პარაპეტს შორის თავსდება.

რომელი მასალებით დავთბუნოთ აივანი – აივნის შიგნიდან დათბუნვის ბევრი ვარიანტი არსებობს. არჩევანი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • თანხა, რომელიც იზოლაციაზე შეგიძლიათ დახარჯოთ.
  • ადგილობრივი კლიმატი.
  • მშენებლობის ტიპი.
  • პირადი პრეფერენციები.
  • მასალების გამძლეობა ქარის, ყინვის და ტენის მიმართ.

სანამ დათბუნვას დაიწყებთ, ყველა ხელმისაწვდომი მასალა და მათი ფასი დეტალურად შეისწავლეთ. პოპულარულ დათბუნვის მეთოდებს გაეცანით.

  • მინერალური ბამბა – იატაკისა და კედლის იზოლაციისთვის პოპულარული მასალაა. გარეგნულად სქელ ტილოს ჰგავს, რომელიც ერთმანეთში გადახლართული ბოჭკოებისგან შედგება. ნედლეული, რომლისგანაც მზადდება მინერალური ბამბა, მინას, მთის ქანებს ან წიდებს შეიცავს. ბოჭკოები ერთმანეთს საიმედოდ რომ დაუკავშირდეს, ზეთის ან სპირტის სპეციალური ნარევით ჟღინთავენ. მინერალური ბამბა იყოფა რამდენიმე ტიპად: მინაბამბა (მინა, კირქვა), წიდაბამბა (ბრძმედის წიდა), ქვაბამბა (ბაზალტის ქანები)
  • კერამზიტი – თიხისგან მზადდება, საკმაოდ უსაფრთხო და ეკოლოგიური მასალაა. პატარა ფოროვანი გრანულებისგან შედგება. მსუბუქი წონა და სტრუქტურა თიხის გამოწვის სპეციალური ტექნოლოგიით მიიღება. მზა ნედლეული 1000 გრადუსამდე ცხელდება, რის შედეგად სიცარიელეები წარმოიქმნება. ხმის და სითბოს იზოლაციას უზრუნველყოფს. კერამზიტი კედლის, იატაკის და სახლის საძირკვლის დასათბუნად გამოიყენება.
  • ქაფპლასტი – იაფი და მსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალა. ქაფის მასა 90% ჰაერით სავსეა. მსგავსი ტექნოლოგიით კარგ შედეგს მიიღებთ და აივანს ხარისხიანად დათბუნავთ. ქაფპლასტის პოპულარობა მისი დიდი არჩევანით განპირობებულია. თხევადი, ფურცლოვანი ან ბურთის ფორმის შეიძლება იყოს. იშვიათად ლოჯიას დასათბუნად ექსტრუდირებული ქაფპოლისტიროლი ან ქაფპლასტის ნახერხი გამოიყენება.
  • ქაფპოლიურეთანი და პენოფოლი – ქაფპოლიურეთანის საფუძველი პლასტმასის ქვესახეობაა ქაფის სტრუქტურით. მასალა 85% აირისებრი ნივთიერებისგან შედგება, რომელიც ყველა უჯრედს ავსებს. ქაფპოლიურეთანი ელასტიური და თხევადი შეიძლება იყოს. პირველი ვარიანტით სავარძელს და დივანს ავსებენ. პოროლონი გამოიყენება ფეხსაცმლის ქვესადების, ნეჭას მოსამზადებლად და არა მხოლოდ. უხეში ქაფპოლიურეთანი ხმის იზოლაციის და სითბოს შესანარჩუნებლად აქტიურად გამოიყენება. პენოფოლი ერთგვარი ინოვაციური საიზოლაციო მასალაა აივნისთვის. ასეთი მასალა პოლიეთილენის და ალუმინის ფოლგის ფენებს შეიცავს. წინა ვარიანტისგან განსხვავებით სითბოს არ შთანთქავს, არამედ სითბოს ირეკლავს. ძირითადი იზოლაციის შესანიშნავი დანამატია.

ხვრელების ამოვსება აივნის დასათბუნად – ხვრელებისთვის მასტიკი და პოლიურეთანის ჰერმეტიკი გამოიყენეთ. საკმაოდ გამძლე და ელასტიურია. ხვრელების ამოსავსებად გამოიყენეთ სამშენებლო იარაღი ან საცმი, რომელიც ნაკრებში ბალონს მოყვება. ყველაფრის გაშრობის შემდეგ იზოლაციის მონტაჟზე გადადით.

როგორ დავთბუნოთ ჭერი – თბოსაიზოლაციო სამუშაოები ზემოდან ქვემოთ სრულდება. ჰორიზონტალები შეამოწმეთ, ყველა უსწორმასწორობა შეასწორეთ. მათბუნებელი დაამაგრეთ. გახსოვდეთ, მჭიდროდ დასაგებად ფრაგმენტის ნაწილი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე მოლარტყვის ნაბიჯი. ხის ან ლითონის პროფილის ლარტყები დაამაგრეთ. პროცესი ქვემოთ პენოფოლის ფოლგის დაგებით დაასრულეთ.

როგორ დავთბუნოთ აივნის იატაკი – პირველ რიგში, იატაკი გაასწორეთ, ზემოდან ჰიდროსაიზოლაციო ფირი დააგეთ. ორთქლის საიზოლაციო სკოჩი ობისა და სოკოსგან დაგიცავთ. პირაპირები წყალგამძლე ჰერმეტიკით ან მასტიკით დაამუშავეთ. შერჩეული იზოლაცია დააგეთ და 5 სმ სისქის ბეტონი ჩაასხით. ბოლოს კერამიკის ფილით, ლამინატით ან ლინოლეუმით დაფარეთ. აივანზე იატაკი მოჭიმვის გარეშე შეგიძლიათ დათბუნოთ. ბეტონის ბაზაზე მიმაგრებული ხის ლაგები გამოიყენეთ. მათ შორის თბოიზოლაციის მასალა ჩადეთ. ლაგებზე დაფები ან ფურცლოვანი მასალა დაამაგრეთ. შემდეგ იატაკის ზედა საფარი დააფინეთ.