ექსტრასენსი დედები: ნამდვილი ისტორიები დედის ინტუიციის შესახებ, რომელიც არ ცდება

278

„ყველაფერი ჩვეულებრივად იყო: ბავშვი ბებიასთან ერთად სეირნობდა, თავად სახლში კომპიუტერთან ვმუშაობდი. მოულოდნელად რაღაც ძალამ გარეთ გასვლა მაიძულა. ბავშვი ხელში ავიყვანე თუ არა, მაშინვე მეზობლის ძაღლი გამოიქცა და ეტლს მივარდა. წარმოიდგინეთ, როგორ შეშინდებოდა საბრალო ბავშვი, მე რომ არ ვყოფილიყავი?“ „ერთ დღეს სამსახურში წავედი მთელი გზა ვგრძნობდი: რაღაც რიგზე არაა. სამსახურიდან დავეთხოვე, დავბრუნდი და ვხედავ. ბავშვს 38 გრადუსი სიცხე აქვს“. „ვიცოდი, უბრალოდ მჯეროდა, რომ თუ ამ სახლიდან გადავიდოდით, ბავშვები აბსოლუტურად ჯანმრთელები იქნებოდნენ. და მართლაც. ყველა პრობლემა გაქრა, ექიმებიც გაოცებულნი იყვნენ“. თუ დედებს შორის ცნობილ დედობრივ ინტუიციაზე საუბარი დაიწყო, ასეთ ამბებს დასასრული არ ექნება. თუნდაც სიმართლე იყოს, მაინც უცნაურია. ნუთუ სხვაგვარად არასდროს არის? ისე, რომ დედას ერთი რამ ეგონოს, ფიქრობდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყოს? რა თქმა უნდა, ხდება. ოღონდ ეს მოვლენები შთაბეჭდილებას არ ახდენს და არ გვახსოვს.

ზებუნებრივი უნარები – ასეთი სახის ინტუიცია ნამდვილად არსებობს. ამაზე ბუნებამ იზრუნა, ნებისმიერ პირობებში ჩვილების გადარჩენა უზრუნველყო. ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ზოგადად ინტუიცია – მეხსიერება, ყურადღება, აღქმა, ასოციაციური აზროვნება აქტიურდება. გამოყენების სფერო ძალიან ვიწროა: ბავშვი და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

„იმის მიხედვით, როგორ წრიალებს ბავშვი ძილში, ვხვდები, რა გველოდება დილით: როგორი განწყობა ექნება, მუცელი ტკივა თუ არა. ქმრის ტონით, როცა მეუბნება „ნახვამდის“, ვიცი, დროულად მოვა თუ არა. ერთიც და მეორეც ხელს მიშლის. პირველ შემთხვევაში, ზოგჯერ დილამდე ვერ ვიძინებ. მეორე შემთხვევაში, ვკამათობ, რომელიც ჩემს წინააღმდეგ ბრუნდება. „ხშირად მიწევს დიდხანს გაჩერება. ზოგჯერ თავად არ ვიცი, რამდენ ხანს დამაგვიანდება, შენ კი წინასწარ გრძნობ? იქნებ შენი პროგნოზებით ფული გააკეთო. მაგალითად, დოღზე. ფსონი დადე, იმის ნაცვლად, რომ დაკითხვა მომიწყო.“ – ასე დამთავრდა ჩვენი ბოლო კამათი. თავის შეკავებას ვცდილობ, მაგრამ მაინც ვგრძნობ. უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიშორო“ – რენა, ბარბარეს დედა.

ინტუიციასთან ბრძოლა არ ღირს, მით უფრო ეს შეუძლებელია. აი, სასიკეთოდ გამოყენება შეიძლება. გავლენის სფეროები დაყავით და ლოგიკა აქტიურად ჩართეთ. ძიძის არჩევისას შინაგან ხმას აუცილებლად მოუსმინეთ. თუ შესანიშნავი რეკომენდაციის მიუხედავად გული „არას“ გეუბნებათ, ნამდვილად რაღაც რიგზე არაა (აუცილებელია არა ძიძასთან, შესაძლოა მზად არ ხართ, ამიტომ მაინც არ ენდობით). ეს ის შემთხვევაა, როცა თქვენს ქმედებაზე ოჯახის და ბავშვის კეთილდღეობა დამოკიდებულია.

ინტუიცია თუ ნევროზი? – „ერთ დღეს სამსახურში ვზივარ, ფანჯარაში ვიყურები და მოულოდნელად ვხვდები, რომ დილიდან ბავშვი მენატრება. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ბაღში არაა, არამედ სადღაც ძალიან შორს. ყურადღების გადატანა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. რაც უფრო მეტად ვცდილობდი დამშვიდებას, მით უფრო ცუდად ვიყავი. გავიფიქრე, რომ რაღაც პრობლემა იყო ან მასაც ვენატრები. სამსახურიდან დავეთხოვე, ბაღში მივედი, გზაზე უფრო გავნერვიულდი. როცა ძიძამ მითხრა, რომ მას ვერ ვნახავ, კინაღამ კალთა შემოვახიე. „რატომ, სად არის ჩემი შვილი?“ მპასუხობს: „ძინავს, ახლა წყნარი საათია. არ ღირს გაღვიძება მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი საათი თავისუფალი დრო გაქვთ“. თავს უხერხულად ვგრძნობდი, მაგრამ გულწრფელად, ეს ჩემი პირველი მოულოდნელი ვიზიტი არ იყო. ყოველთვის, როცა უცნაური შეგრძნება მაქვს, მირჩევნია, რაღაც მიზეზი მოვიფიქრო და მოვიდე“ – ოლია, ლევანის დედა.

შფოთვას ინტუიციისგან განსხვავებით მიზეზი აქვს: შეგვიძლია გავარკვიოთ, რატომ ვღელავთ, როდის დაიწყო და რამ გამოიწვია. ამ მდგომარეობებს მსგავსი შეგრძნებები აქვთ. ორივე რაღაც „ბუნდოვანი და გაუგებარი წინათგრძნობაა“. გაღვიძებისას ბევრი ადამიანი ტელევიზორს ფონად რთავს, მანქანაში რადიოს უსმენს, ხოლო თავისუფალ წუთს ინტერნეტს რთავს. ვხედავთ, რა ხდება გარშემო, ქუჩაში და ტრანსპორტში საუბრების ნაწყვეტებს ვისმენთ, გაზეთებს ვკითხულობთ. რამდენიმე საათში ახალი ამბების ფონზე შფოთვა იწყება. გირჩევთ, რომ მსგავს სიტუაციაში საკუთარ შეგრძნებებში გაერკვიოთ, თუ საიდან მოდის. თუ ყველაფერს, რაც გეჩვენებათ, ინტუიციად ჩათვლით, მაშინ შფოთვა ნევროზული გახდება: მშობლები მუდმივი წინათგრძნობისგან თავად იტანჯებიან და ამ განცდას შვილებსაც გადასცემენ.

ინტუიცია დამაჯერებელია

„აუცილებლად უნდა გადახვიდეთ. იქ კარგი სკოლა და ბავშვებისთვის სპორტული კომპლექსია. ბოლოს და ბოლოს, იქ გხედავთ, ვგრძნობ, რომ ბედია. კარგი ინტუიცია მაქვს: ყველაფერი ისე გამოდის, როგორც ვამბობ“. როცა ეს დედამთილმა მითხრა, გაოგნებული დავრჩი. როგორ არ მოვუსმინო ამ რჩევის შემდეგ? „დედას ასეთი ლაპარაკის მანერა აქვს – განმიმარტა ქმარმა – თუ არგუმენტი არ აქვს, ამბობს, რომ გრძნობს. როცა პატარა ვიყავი, ექსტრასენსულ უნარებს რთავდა, თუნდაც მაშინ, როცა მეგობრებს მირჩევდა: „ირაკლისთან არ იმეგობრო, ვგრძნობ, რომ ცუდი ბიჭია“. კარგია, რომ მის გულს არ მოვუსმინე. თავად იცი, რომ ირაკლი დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია“ – ეკა, მარის და ლუკას დედა.

ხშირად ნებისმიერ სხვა გრძნობას, მისწრაფებას თუ სურვილს ინტუიციად ვიღებთ (ან ვასაღებთ). მაგალითად, ასე ხდება, როცა ინტუიციად ხასიათის თავისებურებას იღებენ. ოპტიმისტს ყოველთვის ეჩვენება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აი, პესიმისტის მომავლის პროგნოზი პირქუში და საფრთხეებით სავსეა. საქმე იმაში არაა, რომელი ვარიანტია უკეთესი (პესიმიზმშიც ბევრი კარგი რამ არის. მაგალითად, ფრთხილად მოქმედებას გვაიძულებს), არამედ როგორ გამოხატოთ პროგნოზები. ბავშვებზე ჩაგონება ადვილია, მათ დედის მდგომარეობის მიღება და მისი სიტყვების კრიტიკის და გაცნობიერების გარეშე დაჯერება ახასიათებთ. ეს საკმაოდ დიდხანს გადამწყვეტი არგუმენტი იქნება, მაგრამ ბოლოს მაინც პროტესტი გამოჩნდება. 6-7 წლისას ბავშვს გრძნობები ურთულდება, ბევრი რამის დამოუკიდებლად ანალიზი, პროგნოზის გაკეთება შეუძლია. თუ მშობლები გააგრძელებენ მის დარწმუნებას არგუმენტით „დამიჯერე, სიტუაციას უკეთ ვგრძნობ“, ასე მასში საკუთარი ინტუიციის განვითარებას უბრალოდ ბლოკავენ. უფრო სასარგებლოა, თუ ყოველ ასეთ არგუმენტს თაროზე შეინახავთ: დიახ, ეჭვი არსებობს, მაგრამ უბრალოდ არ წარმოიშვა, აი რატომ. რა თქმა უნდა, რაც უფრო ზრდასრულია ბავშვი, მით უფრო გაგიჭირდებათ ახსნა. 3-4 წლის ბავშვმაც უნდა იცოდეს, რას ეფუძნება ზრდასრული ადამიანის ესა თუ ის გადაწყვეტილება.

ექსტრასენსის აღზრდა – ინტუიციას ყველა ფლობს, მაგრამ გარკვეული ხარისხით. რა გვეხმარება ინტუიციის განვითარებაში? პირველ რიგში, დაკვირვება. ბავშვს დაეხმარეთ, რომ ყურადღება მიაქციოს ობიექტებს, გარე სამყაროს, მაგალითად, სეირნობისას. ეს უნდა გააკეთოთ პოზიტიური განწყობით, კრიტიკისა და აგრესიის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს მოუსმინოთ. ამისთვის საკუთარ ფიქრებთან უნდა განმარტოვდეთ, შინაგანი დიალოგი მოაწყოთ. ბავშვის საქმით დატვირთვა არ სცადოთ. უსაქმოდ ყოფნას არ მოერიდოთ . სწორედ ეს საკუთარ თავთან კონტაქტში ეხმარება. გარდა ამისა, ინტუიციისთვის საჭიროა ყველა ემოცია, როგორც კარგი, ასევე ცუდი. ბავშვს არ აიძულოთ გაბრაზება, ეჭვიანობა, დარდი, წუხილი და სხვა გრძნობები დამალოს და თავი აარიდოს. ასე ერთმანეთში არ აერევა და ერთს მეორეთი არ ჩაანაცვლებს.