ფსიქიკის ერთ–ერთი მთავარი თვისება მოქნილობა და ადაპტირებაა. ეს გვეხმარება, რომ ბევრ სტრესულ სიტუაციას შედეგების გარეშე გავუმკლავდეთ. ბევრ, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. ზოგიერთი კონფლიქტი მთელი ცხოვრება კვალს ტოვებს. მაგალითად, ქალი სერიოზულ ურთიერთობას გაურბის. გონებით ხვდება, რომ ოჯახის ქონა სურს, დაახლოებასაც ცდილობს, მაგრამ მოგვიანებით თავად ანგრევს ყველაფერს. მიჯაჭვულობის, პასუხისმგებლობის შიში აქვს. რატომ ხდება ასე? ასეთი ქცევის ერთ–ერთი მიზეზი დედის გავლენაა. თუ დედა ბავშვობიდან ქალიშვილს ზედმეტად აკონტროლებდა, მის საქმეში ერეოდა, დამოუკიდებლობის შეგრძნების საშუალებას არ აძლევდა, ეს ქალიშვილში ახლო ურთიერთობის ნეგატიურ ემოციურ გამოცდილებას ქმნის. ან ავტორიტატული დედა ბავშვს თრგუნავდა, თავს დაცულად არ აგრძნობინებდა. ზრდასრულ ასაკში რეტრავმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, ვერავის უპირისპირდება, საკუთარ აზრს ვერ იცავს, მუდმივად დათმობის პოზიციაშია და თავს მსხვერპლად აღიქვამს. ეს მხოლოდ ორი მაგალითია, როცა დედა–შვილის ურთიერთობაში პრობლემები ზრდასრულ ასაკში აისახება.
რა არის დედის ტრავმა – მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა ორმხრივი პროცესია. ბავშვს მისთვის მნიშვნელოვანი უფროსის (დედის) ზრუნვა სჭირდება, ხოლო ქალი ვაჟის ან ქალიშვილის მიმართ მიჯაჭვულობას, მასზე ზრუნვის მოთხოვნას გრძნობს. სანამ ბავშვი იზრდება, ეს ორმხრივი ურთიერთობა ყალიბდება, ვითარდება, გარკვეულ პერიოდებს გადის. კარგი ურთიერთობის შედეგი ზრდასრული შვილის სრული განცალკევებაა, როცა ბავშვმა დედასთან ურთიერთობაში საკმარისი ზრუნვა და კმაყოფილება მიიღო, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში სვლა დამოუკიდებლად გააგრძელოს. თუ ბავშვის დედისგან განცალკევება წარმატებით და დროულად არ ხდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მის ფსიქიკაში არის ტრავმა, რომელიც ამას აფერხებს. დარღვევის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: ფსიქოლოგიური, სოციალური, ფიზიოლოგიური (განსაკუთრებით ნერვული სისტემის დარღვევები, რომელიც ადაპტირებაში, ახალი ფსიქიკური სტრუქტურის ფორმირებაში ხელს გვიშლის). სხვა სიტყვებით, რაღაც დედამ არ გააკეთა, რაღაც ბავშვს არ გამოუვიდა და პრობლემები ფსიქიკაში გამყარდა.
როგორ ყალიბდება ტრავმა – ბავშვს დედასთან ურთიერთობაში რესურსი არ ყოფნის, რომელიც მომავალი განვითარებისთვის სჭირდება. გამოდის არასაკმარისი ემოციური კონტაქტი აქვთ. დედა ბავშვის ინდივიდუალურ თვისებებს არ ცნობს, საკმარის ყურადღებას და სიყვარულს არ აძლევს. როგორც წესი, ქალი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს. შესაძლოა იმეორებს ოჯახის სცენარს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა, შესაძლოა საკმარისი რესურსი არ აქვს, გარკვეული სახის სტრესული სიტუაციის გამო (ავადმყოფობა, განქორწინება, სამსახურში პრობლემები და ა.შ.) დედობრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულება არ შეუძლია. ასეთი კონფლიქტური სიტუაცია ბევრი შეიძლება იყოს, თან როგორც შეძლებულ, ასევე ღარიბ ოჯახებში. ყველა ბავშვი მშობლების ურთიერთობაში ტრავმირებული არაა.
ამავდროულად, ადამიანის ფსიქიკას ადაპტირება ახასიათებს. ზოგიერთი ბავშვი რთულ ოჯახებში იზრდება (მაგალითად, ალკოჰოლიკი მშობლები, ფიზიკური ძალადობა და ა.შ.), მაგრამ საკმარისი შინაგანი საყრდენი და რესურსი აქვს, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი გაიზარდოს, განვითარების პერიოდი დაზიანების, დედობრივი ტრავმის გარეშე გადალახოს. არის შემთხვევები, როცა ოჯახში სასიამოვნო ატმოსფეროა, კარგი მშობლები, ბავშვს განვითარების ნორმალური პირობები აქვს, მაგრამ მაინც ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. ეს რთული შემთხვევაა, რადგან ტრავმა ფსიქიკის შორეულ კუნჭულში მდებარეობს და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. მხოლოდ სპეციალისტთან მუშაობით შეიძლება გააცნობიეროთ ბავშვობის ტრავმის მიზეზები, რა აკლია ბავშვს, რას ვერ შეეგუა მისი ფსიქიკა გარკვეულ მომენტში.
დედობრივი ტრავმის ნიშნები ზრდასრულ ადამიანში
- საკუთარი ემოციების დათრგუნვა. ემოციებს გამოვლენის საშუალებას არ აძლევთ. ემოციურ იზოლაციას გრძნობთ.
- შფოთვა. მუდმივად მღელვარებას განიცდით.
- პირადი საზღვრების დარღვევა: არ გესმით, რა შეიძლება და რა არა ურთიერთობაში, საზღვრები დაწესებული არაა. არ იცით, სად მთავრდება თქვენი სურვილები ან აკრძალვები, სად არის სხვა ადამიანის ველი. არაჯანსაღი შერწყმისკენ მიდრეკილება.
- კომპულსიური ქცევისადმი მიდრეკილება. კვებითი დარღვევები, ემოციური რყევები, დამოკიდებულება.
- არაჯანსაღი ურთიერთობებისადმი ლტოლვა ან ახლო ურთიერთობის აგების სირთულე.
- მსხვერპლად თავის შეგრძნება. მონეტის მეორე მხარეა გადარჩენისკენ მიდრეკილება. ეს გამოვლენა მიუთითებს, რომ სამყაროს მიმართ ნდობა არ გაქვთ.
- პირფერობისკენ მიდრეკილება: მუდმივად ვიღაცას ერგებით, ვიღაცის ინტერესებს ემსახურებით, საკუთარ აზრს არ გამოხატავთ.
- აკვიატება და რეფლექსია. თუ გაწუხებთ ნეგატიური ფიქრები, რომელსაც მეცნიერულად რუმინაცია ეწოდება, ეს ბავშვობის ტრავმის აშკარა ნიშანია. ეჭვიანობისკენ, ჭარბი რეფლექსიისკენ მიდრეკილება გაქვთ, საღამოს ვერ მშვიდდებით, მუდმივად წარსულის რომელიღაც სიტუაციაზე ფიქრობთ და რევანშის აღება გსურთ. ამას მუდმივად დათრგნული აგზნება, იმედგაცრუება და დაძაბულობა ახლავს.
ბოლოს უნდა ითქვას, რომ ზრდასრულ ასაკში ქცევის მახასიათებლებსა და ბავშვობის ტრავმებს შორის ყოველთვის პირდაპირი ურთიერთკავშირი არაა. ზოგჯერ მოვლენების ჯაჭვი, რომელმაც ადამიანზე გავლენა მოახდინა, ოჯახის მეშვეობით, წინაპრების სცენარებით შეგიძლიათ გამოიკვლიოთ. ზოგჯერ უფრო ღრმა ანალიზი და სპეციალისტთან მუშაობაა საჭირო.