9 ნიშანი, რომ ტირანს ხვდებით. როგორ ამოვიცნოთ მოძალადე ურთიერთობაში

306

„ყველა ზრდასრული ბავშვობიდან მოდის. სწორედ ამიტომ, როცა მშობლები ბავშვებთან ურთიერთობაში ძალაუფლებას, კონტროლს, დისციპლინას, პერფექციონიზმს და მორალიზაციას იყენებს და არა ემპათიას და გრძნობებს, ეს ადამიანის ცხოვრებაში პარტნიორთან მიმართებაში ნორმა ხდება. ბავშვისთვის, რომელსაც ოჯახში ამცირებდნენ, თავში ურტყამდნენ, მის აზრს არ ითვალისწინებდნენ, სხვა ბავშვებს ადარებდნენ, არ აქებდნენ და ინდობდნენ, უხეშობა და ზეწოლა ზრდასრული ცხოვრების ნაწილი ხდება. უმეტესად ასე ხდება. სწორედ ამიტომ, მამაკაცის ქცევაში საგანგაშო ნიშნების დანახვა უნდა ისწავლოთ, რომ თავად და მომავალმა ბავშვებმა მშვიდად იცხოვროთ. ტირანიისკენ მიდრეკილი პიროვნების ნიშნები ბევრია. ძირითად ნიშნებს განვიხილავთ.

  1. დისტანციას იცავს – ტირანი სულიერ დაახლოებას თავს არიდებს. ზედაპირული ურთიერთობა აკმაყოფილებს. საკუთარ თავზე ცოტას ან დეტალების გარეშე საუბრობს. მის საუბარში ცოტა „მე“ და ბევრი განზოგადებაა: „აი, ხალხი“, „საზოგადოებაში მიღებულია“ „ბევრი ასე აკეთებს“. თქვენზე კი პირველივე შეხვედრიდან ყველაფრის გაგებას მოისურვებს.
  2. იდუმალებას ქმნის – რთულია, მისი გადაჭარბებული მანერები ვერ დაინახოთ. მის უკან ნამდვილ სახეს მალავს. მხოლოდ მაშინ გიკავშირდებათ, როცა განწყობაზეა და თავად სურს. უფლება არ გაქვთ იცოდეთ, როგორ ატარებს დროს და რას აკეთებს. მისი პერსონა იდუმალებით მოცულია. ტირანს შინაგანი სიცარიელის დამალვა სურს. სწორედ ამიტომ, სურს უკეთესი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია.
  3. თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს – დროთა განმავლობაში, ყველაფერს თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს. ვერ შეამჩნევთ, რომ თქვენი სურვილები თანდათან მეორეხარისხოვანი გახდება, შემდეგ დროსა და სივრცეში დაიკარგება. ტირანს მკაფიო წარმოდგენა აქვს, როგორი ქალი უნდა იყოს მის გვერდით. თქვენი ქცევა შეუძლია დეტალურად გაწეროს. „შენი კაბა არ მომწონს, გამოიცვალე!“, „კონსიერჟთან მისალმება შეწყვიტე, არ მომწონს“ და ა.შ. ძლიერი ქალის დამორჩილება გაუჭირდება, მაგრამ თუ მის ნებას აყვებით, მის დაკრულზე ცხოვრება მოგიწევთ და თავის დაძვრენა დანაკარგის გარეშე გაგიჭირდებათ. „პარტნიორის მიმართ ნებისმიერი იძულება ან უპატივცემულობა სერიოზული პრობლემაა. მამაკაცი, რომელიც კონტროლს ცდილობს, ქცევის მოდელის მთელ სპექტრს იყენებს და ცხოვრებისეული პოზიციის ფართო დიაპაზონს ავლენს. ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდი, ნახოთ, რამდენად ღრმაა მამაკაცის კონტროლის პრობლემა, უყურეთ მის რეაქციას, როცა მისგან უკეთეს მოპყრობას ითხოვთ“ – ლანდი ბენკროფტი, კლინიკური ფსიქოლოგი, ავტორი წიგნების „ქმრები–ტირანები. როგორ შევაჩეროთ მამაკაცის სისასტიკე“ და „რატომ აკეთებს ამას? ვინ არის მოძალადე და როგორ შევეწინააღმდეგოთ?“.
  4. ნგარიშს ითხოვს – ტირანი ქალის ფსიქიკურ და ფიზიკურ საზღვრებს ადვილად არღვევს. მაგალითად, თქვენი ტელეფონი და მიმოწერა შეიძლება შეამოწმოს, ანგარიში მოგთხოვოთ, სად გაატარეთ დრო და ვისთან. პირად თავისუფლებას არ აღირებს, ამიტომ პირადი ინტერესები (ცეკვა, ფიტნესი, თეატრი) შეგიძლიათ დაივიწყოთ. ტირანი ყველა მეგობარს, ნათესავს, გატაცებას, სამსახურს ჩამოგაშორებთ, რომ მასზე დამოკიდებული გახდეთ. იმედი არ გქონდეთ, რომ მის შეცვლას შეძლებთ. ასეთი შემოჭრის გამო დანაშაულს არ გრძნობს. პრინციპში, ვერც ხვდება, რომ უხეშად იქცევა. ფსიქიკის დონეზე ვერ აცნობიერებს.
  5. მანიპულირებს – ტირანის კიდევ ერთი ნიშანი წყენიაობაა. არა, ნაზ სულზე საუბარი არაა. ეს 100%–ით ეფექტური ხრიკია მიზნის მისაღწევად. ქალს დანაშაულის გრძნობას უღვივებს, რომ მისი მორიგი სურვილი შეასრულოს. „ხომ გიყვარვარ?“, „ხედავ, რა ცუდად ვარ?“, „ნუთუ რთულია გააკეთო, რაც გთხოვე?“. თუ ტირანს ეს ერთხელ გაუვიდა, ადრე თუ გვიან ქალის მუდმივად მართვას შეძლებს.
  6. კომპრომისზე არ მიდის – ტირანი თვლის, რომ მხოლოდ ქალი უნდა შეიცვალოს და მისი სურვილის მიხედვით: წონაში დაიკლოს, იმიჯი შეიცვალოს, თმა შეიჭრას – მოთხოვნების სია მუდმივად განახლდება და გაფართოვდება. საკუთარ შეცდომას არასდროს აღიარებს, რადგან მიზეზი ჰქონდა – ცუდი განწყობა, პრობლემები სამსახურში. თუნდაც მორიგი კამათის შემდეგ ყურადღება და ზრუნვა გამოხატოს, დროებითია. სტატისტიკა თქვენს მხარეს არაა: ძალადობა შემთხვევების 70%–ში მეორდება.
  7. ემოციებში ძუნწია – ტირანი ემოციურად ხარბია. ურთიერთობაში ძალის ჩადება არ სურს ან ძალიან ცოტას აკეთებს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია მეტი მიიღოს, ვიდრე გასცემს. სავარაუდოდ, ქალის გამოცლას, მისი ენერგიით გამოკვებას ეცდება, ვიდრე სიყვარულს და სიხარულს გასცემს. მხოლოდ საკუთარ თავზე და სხვებთან ურთიერთობაში მის შეგრძნებებზე ზრუნავს. ყოველთვის აკლია თბილი სიტყვა, ყურადღება, კომპლიმენტი, თუმცა თავად სიყვარული არ შეუძლია. საოცარია, მაგრამ გრძნობების არასაკმარისი სიღრმის გამო გამართლება თავად მოგიწევთ.
  8. საკუთარ თავზე ორიენტირებულია – სურს ურთიერთობა ჰქონდეს თქვენს იმ ნაწილთან, რომელიც მოსწონს. მისთვის პარტნიორი რაღაც ფუნქციონალური ხდება. ტირანი მის ხარჯზე შინაგანი დეფიციტის, გონების, ემოციური სითბოს შევსებას ცდილობს. ექსპლუატორია: თუ რაღაცას საკუთარ თავს აქ და ახლა ვერ აძლევს, თქვენგან მოითხოვს. ტირანი მისი აზრით სამსახურში უსამართლოდ ჩამოაქვეითეს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მთავარი თემა იქნება. უნდა მოუსმინოთ, დაამშვიდოთ და მისი ფასდაუდებელი ღირსებები შეაქოთ. ეს თვეები გრძელდება, თან ქალის საქმით და საზრუნავით შეიძლება არ დაინტერესდეს.
  9. არაფრად გაგდებთ – ტირანი ყოველთვის მართალია და საპირისპიროს ვერ დაარწმუნებთ. პასუხად მორალიზატორს ჩართავს და საკუთარი პრინციპების დაცვას დაიწყებს, გაუგებარ ნორმებსა და კონკრეტულ სიტუაციაზე ისაუბრებს. მოისმენთ, რომ „ეს ყველა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, ეს აუცილებელია“, „კოლეგას უშველა, შენც სცადე“ და რაღაც მსგავსი.

როგორ ლაპარაკობს ტირანი

  • მის მეტყველებაში აგრესიული, მტაცებლური, ვამპირული, კანიბალური ლექსიკა ხშირად ჩნდება. („ჩათვალე ეს ჩემი ეგოისტური სურვილია, რომ შენი ბატარეით ჭკვიანი გავხდე“, „ბედნიერი ნადირობა“, „შეგჭამდი“, „უფროსმა სისხლი გამომწოვა“, „კაცები მტაცებლები, მონადირეები არიან, ყველას ერთი და იგივე სჭირდება“).
  • ხშირად იყენებს სიტყვას „აღფრთოვანებული ვარ“, „პატივს გცემ“, „თეთრი შურით მშურს“.
  • უყვარს უმაღლესი დონის სიტყვების გამოყენება („აბსოლუტურად“, „შესანიშნავია“, „ულამაზესია“).
  • „ტექნიკურ“ ლექსიკას იყენებს (ეს სემ ვაკნინის დაკვირვებაა: საკუთარ თავზე მექანიკური ტერმინებით საუბარი მოსწონს – „მანქანა“, „ეფექტური“, „პუნქტუალური“, „შედეგი“, „კომპიუტერი“, „ოპტიმალური“).
  • ყურადღების მისაქცევად შეიძლება ბევრი ილაპარაკოს ან, პირიქით, უცნაურად დუმდეს.

ტირანი დროულად რომ ამოიცნოთ, საჭიროა:

  • გქონდეთ შინაგანი ბირთვი და საკუთარი თავის პატივისცემა. ასე ტოქსიკური და დამღუპველი ურთიერთობიდან თავის დაკარგვის გარეშე გამოხვალთ.
  • შეძლოთ რეალობის დანახვა. პარტნიორის ქცევა არ გაამართლოთ და დიდ ილუზიებში არ გაეხვეთ.
  • არ შეგეშინდეთ ფსიქოლოგთან მისვლა და სწორი რჩევის მიღება. თავისუფლებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი მეგობრების მხარდაჭერა შეიძლება გახდეს.
  • გახსოვდეთ, რომ სერიოზულ ურთიერთობაში ორი მონაწილეა. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, სხვა მამაკაცი მოძებნეთ.