წვნიანი ხორციანი ბელიაში. კლასიკური და ზარმაცი რეცეპტები

440

სხეულის ფორმებისთვის არც თუ ისე სასარგებლო კერძია, მაგრამ ვინ იტყვის უარს? ხრაშუნა ქერქი და წვნიანი არომატული შიგთავსი, ბევრისთვის საყვარელი ბელიაშია. ხორციანი ბელიაში კარგი ვარიანტია როგორც წასახემსებლად, ასევე დამოუკიდებელ კერძად. ცხელი განსაკუთრებით გემრიელია. Vivien ბელიაშის მომზადების 2 რეცეპტს გიზიარებთ, თქვენთვის შესაფერისი აირჩიეთ. ერთი კლასიკური რეცეპტია, მეორე – ზარმაცი ვარიანტი. მეორე ვარიანტი პირველისგან გემოთი განსხვავდება. აუცილებლად სცადეთ!

რეცეპტი 1: კლასიკური ხორციანი ბელიაში საფუარის ცომით – დიდ დროს დახარჯავთ, მაგრამ ამად ღირს.

ინგრედიენტები:

  • 700 გ ფქვილი
  • 400 მლ წყალი
  • 400 გ საფუარი ბრიკეტში
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • მზესუმზირის ზეთი (დაახლოებით 3 ს/კ ცომში, შესაწვავად – რამდენიც საჭიროა)
  • 400 გ ხორცის ფარში (1 ნაწილი ღორის ხორცი და 2 ნაწილი ძროხის ხორცი)
  • 1 მსხვილი ხახვი
  • 1–2 კბილი ნიორი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წყალი გააცხელეთ, მაგრამ ძალიან არა. მასში შაქარი გახსენით, შემდეგ საფუარი დაუმატეთ.
  2. ნახევარი ფქვილი, მარილი, მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  3. დარჩენილი ფქვილი ფრთხილად დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ.
  4. ნახევარი საათით სითბოში ამოსასვლელად გააჩერეთ, პარკი დააფარეთ.
  5. ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ ან წვრილად გახეხეთ. ფარში და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ.
  6. ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ, ნაწილებად დაყავით და თხლად გააბრტყელეთ.
  7. გაბრტყელებული ცომიდან რგოლები გამოჭერით, ცენტრში კოვზი ფარში დაუმატეთ და ბელიაში გამოძერწეთ. ხორცის კარგად შესაწვავად ოდნავ ბრტყელი გააკეთეთ.
  8. ღრმა ტაფა კარგად გააცხელეთ, საკმარისი ზეთი დაასხით. ბელიაშები საშუალო ცეცხლზე თითოეული მხრიდან 7 წუთით შეწვით.
  9. ძალიან ცხიმიანი რომ არ იყოს, სალფეთქზე ან საწურზე დააწყვეთ და ზედმეტ ცხიმს დაწურვა აცადეთ.

რეცეპტი 2: ზარმაცული ბელიაში – რეცეპტი დაგეხმარებათ, თუ ბელიაშის ცომის მომზადების დრო და სურვილი არ გაქვთ.

ინგრედიენტები:

  • 120 გ ფქვილი
  • 2 ჭიქა კეფირი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 300 გ ფარში
  • 1 პატარა ხახვი (ან ნახევარი)
  • 1 კბილი ნიორი
  • სანელებლები გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი:

  1. კეფირი ოდნავ შეათბეთ, ძალიან ოდნავ. მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ შეათბოთ.
  2. შაქარი, მარილი და სოდა დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი უნდა აქაფდეს, 5 წუთით გააჩერეთ.
  3. კეფირს ფქვილი დაუმატეთ და თხელი ცომი მოზილეთ. ძალიან წყლიანი არ უნდა იყოს, ამიტომ სქელი კეფირი გამოიყენეთ. ხოლო ფქვილი მეტი დაუმატეთ, თუ აუცილებელია.
  4. ფარში ზუსტად ისე გააკეთეთ, როგორც წინა რეცეპტში.
  5. ტაფა კარგად გააცხელეთ, საკმარისი ზეთი დაასხით.
  6. კოვზი ცომი (როგორც ოლადები) ტაფაზე დაასხით, მაშინვე ულუფა ფარში დაუმატეთ და ისევ ცომი დაასხით.
  7. ხორციანი ბელიაშები საშუალო ცეცხლზე თითოეული მხრიდან დაახლოებით 5 წუთით შეწვით.

ასეთი ზარმაცი მეთოდი კლასიკურზე ნაკლებ დროს წაგართმევთ. ყოველთვის დაგეხმარებათ, როცა მომზადების დრო არ გაქვთ.