არომატული მწვანილი ზამთრისთვის. როგორ შევინახოთ მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში და ისპანახი

517

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზამთარში სუპერმარკეტებში ხილის, ბოსტნეულის და მწვანილების მრავალფეროვნება ღარიბდება და ძვირდება. თუ ზამთარში სასარგებლო ვიტამინების მიღება გსურთ, Vivien მწვანილის შენახვას გირჩევთ. ქვემოთ მოცემული 4 მეთოდის დახმარებით ზამთარში გემრიელი ისპანახის კრემსუპის, მწვანე სოუსის, ახალი სალათის და ხორცის მარინადის მომზადებას შეძლებთ.

1. მწვანე ხახვი ყინულის კუბებში

ინგრედიენტები:

  • 100 გ მწვანე ხახვი
  • 40 გ კამა
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • მარილი გემოვნებით
  • 50 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი: დაჭრილ მწვანე ხახვს და კამას მარილი, ლიმონის წვენი და მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ და დააბლენდერეთ. მიღებული ფაფა ყინულის კუბებში ჩაასხით, პარკში ჩადეთ და საყინულეში გამაგრებამდე შეინახეთ. მიღებული კუბები პაკეტში გადაიტანეთ და საყინულეში შეინახეთ. წვნიანის, სოუსის და სხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენეთ.

2. კამის პასტა

ინგრედიენტები:

  • 500 გ კამა
  • 0,5 ლიმონი
  • 5 კბილი ნიორი
  • 20 გ მდოგვი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 20 გ მარილი

მომზადებსის წესი: დაჭრილი კამა, ნიორი, მარილი, ლიმონის წვენი, მდოგვი და მზესუმზირის ზეთი დააბლენდერეთ. ნარევი სტერილიზებულ ქილაში ჩაასხით და მოხუფეთ. მაცივარში შეინახეთ. თევზს ან ხორცს მიაყოლეთ, არომატულ სოუსად გამოიყენეთ.

3. ისპანახის კუბები

ინგრედიენტები:

  • ისპანახი
  • წყალი

მომზადების წესი: დაჭრილ ისპანახს მდუღარე წყალი დაასხით და 1 წუთით გააჩერეთ. შემდეგ საწურზე გადაწურეთ და ცივ წყალში გარეცხეთ. ხელით ბურთის ან კუბის ფორმები გააკეთეთ. პარკი დააფარეთ და საყინულეში 12 საათით შეინახეთ. გაყინული ფორმები პაკეტში ჩააწყვეთ და ისევ საყინულეში შეინახეთ. ბლინების, პასტის ან წვნიანის მოსამზადებლად გამოგადგებათ.

4. მწვანილების ნარევი

ინგრედიენტები:

  • 200 გ ოხრახუში
  • 400 გ კამა
  • 200 გ მწვანე ხახვი

მომზადების წესი: დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და კამა აურიეთ. ცარიელ ბოთლში ან პარკში გადაიტანეთ და საყინულეში შეინახეთ. ასეთი გაყინული მწვანილი სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ, რადგან ფორმას არ კარგავს.

გახსოვდეთ, რომ მწვანილი სათანადოდ უნდა მოამზადოთ, სანამ საყინულეში შეინახავთ. ჯერ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. შემდეგ ზემოთ მოცემული ერთ–ერთი რეცეპტი გამოიყენეთ და ზამთრისთვის შეინახეთ.