უკვე მერამდენე დღეა მაცივარში 1 ბოთლი კეფირი დევს. სანამ ვადა გაუვა, რამე უნდა მოვამზადო. ამაზე ვფიქრობდი, რომ თავში აზრმა გაიელვა: „რა მოხდება, თუ კეფირით ღვეზელის ცომს მოვზელ?“ რეცეპტებს გადავხედე და იდეალური ცომის 3 შესანიშნავი რეცეპტი აღმოვაჩინე. როგორც ამბობენ, ყველა შემთხვევისთვის შესაფერისია. ასეთი ცომით იდეალური ღვეზელი, ხვეულა და სხვა გემრიელი ცომეული გამოდის.
1. ყველიანი ცომი კეფირით
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა კეფირი
- 1 ჭიქა გახეხილი ყველი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 0,66 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ შაქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესი:
- ხმელი ყველი გახეხეთ. თუ ხვეულის ან სხვა პურცომეულის მომზადება გსურთ, წვრილი სახეხი გამოიყენეთ. მსხვილად გახეხილი ყველი ცომში ჩადებულ სოსისს და კვერებს უხდება.
- გამოცხობამდე ცომი კარგად რომ ამოვიდეს, სოდა და კეფირი აურიეთ, დროებით გააჩერეთ. როცა სოდა მთლიანად ჩაქრება, გაცრილი ფქვილი და დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ.
2. ცომი კეფირით და საფუარით
ინგრედიენტები:
- 600 გ ფქვილი
- 60 გ შაქარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 200 მლ კეფირი
- 50 მლ რძე
- 25 გ ცოცხალი საფუარი (ან 1 ჩ/კ მშრალი)
- 75 გ მარგარინი
- 2 კვერცხი
მომზადების წესი:
- საფუარი თბილ რძეში აურიეთ. მარგარინი გაადნეთ.
- ყველა ინგრედიენტი, ფქვილის გარდა, აურიეთ.
- ფქვილი გაცერით, მასას დაუმატეთ და ელასტიური, გლუვი ცომი მოზილეთ.
- ქვაბს ზეთი წაუსვით, ცომი მასში ჩადეთ, ამოსასვლელად თბილ ადგილას გაიტანეთ.
- 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ.
2.1. კეფირის და საფუარის ცომის მარტივი ვარიანტი
ინგრედიენტები:
- 250 მლ კეფირი
- 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ მარილი და მშრალი საფუარი (ან 50 გ ცოცხალი)
- 2,5 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესი:
- საფუარი კეფირში გახსენით.
- ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ, ცომი მოზილეთ და 1-1,5 საათით გააჩერეთ, რომ ამოვიდეს.
- ასეთი უცხიმო და ფაფუკი ცომის ვარიანტი მარილიანი ცომეულის, ღვეზელის, კვერის ან ხაჭაპურის მოსამზადებლად გამოგადგებათ.
3. თხელი ცომი კეფირით 5 წუთში
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 250 მლ კეფირი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ/კ სოდა
- 0,5 ჩ/კ მარილი
მომზადების წესი:
- სოდა კეფირში ჩააქრეთ, შემდეგ ყველა ინგრედიენტი დაუმატეთ და აურიეთ.
- ასეთი მსუბუქი, ჰაეროვანი და უცხიმო ცომით პეროგი და პიცა კარგად გამოდის. გახსოვდეთ: ნებისმიერი არჩეული შიგთავსი მშრალი უნდა იყოს.
ამ მარტივი და სწრაფი რეცეპტებით ცომის მომზადება მოგეწონებათ. ერთ–ერთი რეცეპტი სცადეთ და ნახავთ, რამდენად მარტივად შექმნით იდეალურ ცომეულს მთელი ოჯახისა და სტუმრებისთვის.