წასახემსებელი კიბორჩხალის ჩხირებით, რომელიც ყველას მოეწონება. 3 რეცეპტი

408

კიბორჩხალის ჩხირები უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა კერძს: მობრაწულას, სალათს, ცხელ ბუტერბროდს, როლს და არა მხოლოდ. ამ ინგრედიენტთან დიდხანს მუშაობა არ მოგიწევთ, რადგან თერმული დამუშავება არ სჭირდება. ბავშვიც გაუმკლავდება. წასახემსებელი კიბორჩხალის ჩხირებით აუცილებლად ჩაინიშნეთ, რადგან ნახევარ საათში გემრიელ კერძს მოამზადებთ. რეცეპტები ნებისმიერ დროს დაგეხმარებათ. გემრიელი კერძი მოულოდნელად მოსულ სტუმრებს შეგიძლიათ მიართვათ ან სადღესასწაულო სუფრაზე გაიტანოთ. ასეთი წასახემსებელი ელეგანტურად გამოიყურება!

1. ფარშირებული ჩერი პომიდორი

ინგრედიენტები:

  • 5 კიბორჩხალის ჩხირი
  • 10 ჩერი პომიდორი
  • 1 კბილი ნიორი
  • 50 გ ხმელი ყველი
  • 1 ჩ/კ არაჟანი
  • 1 ჩ/კ მაიონეზი

მომზადების წესი:

  1. პომიდორი კარგად გარეცხეთ. შუაზე გაჭერით და შიდა ნაწილი ფრთხილად ამოიღეთ. პომიდვრის ჭიქები თეფშზე დადეთ.
  2. ხმელი ყველი წვრილად გახეხეთ. კიბორჩხალის ჩხირები პატარა კუბებად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და პრესში გაატარეთ. ინგრედიენტებს აურიეთ.
  3. მაიონეზი და არაჟანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული მასით ჩერი პომიდორი გაავსეთ. მწვანილით გააფორმეთ.

2. როლი კიბორჩხალის ჩხირებით და კიტრით

ინგრედიენტები:

  • 100 გ ნაღების ყველი
  • 1 დიდი კიტრი
  • 3 ს/კ ბრინჯი (მრგვალი მარცვლები)
  • ნახევარი ლიმონი
  • 10 კიბორჩხალის ჩხირი

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი მოხარშეთ. ნახევარი ლიმონი გაწურეთ და წვენი მარცვლეულს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  2. კიტრი კარგად გარეცხეთ და თხელ ჩხირებად დაჭერით.
  3. კიბორჩხალის ჩხირები ფრთხილად გაშალეთ. თითოეულ თხელ ფირფიტას ნაღების ყველი წაუსვით. კიდეში ცოტა ბრინჯი და კიტრის ზოლი დაადეთ. რულეტი დაახვიეთ.
  4. მიღებული როლი ორ ნაწილად გაჭერით და თეფშზე დააწყვეთ.

3. თოვლის ბორცვი

ინგრედიენტები:

  • 1 მდნარი ყველი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს/კ მაიონეზი
  • 10 ქარსალა
  • 10 კიბორჩხალის ჩხირი
  • 30 გ ხმელი ყველი
  • 1 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი მოხარშეთ. გაგრილება აცადეთ და ნაჭუჭი მოაშორეთ. კვერცხი საშუალო სახეხზე გახეხეთ.
  2. ნიორი გაასუფთავეთ და პრესში გაატარეთ.
  3. მდნარი ყველი საშუალო სახეხზე გახეხეთ. კვერცხი და ნიორი, ასევე მაიონეზი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
  4. კიბორჩხალის ჩხირები ფრთხილად დაშალეთ. თითოეულ ფირფიტას კვერცხი–ყველის ნარევი წაუსვით. კიდეში თევზი ჩადეთ და რულეტი დაახვიეთ.
  5. რულეტები თეფშზე ბორცვივით დააწყვეთ. ხმელი ყველი გახეხეთ და ზემოდან მოაყარეთ.

კიბორჩხალის ჩხირების შეფუთვა საყინულეში ყოველი შემთხვევისთვის შეინახეთ. ასე გემრიელ წასახემსებელს მარტივად ნებისმიერ დროს მოამზადებთ.