ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ენაზე თეთრი ნადების გაჩენა სოკოვანი ინფექციით ან კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობის დარღვევით შეიძლება იყოს გამოწვეული. თერაპევტი და გასტროენტეროლოგი შოთა კალანდია ასახელებს სახიფათო დარღვევებს, რომლის ნიშანი ენაზე თეთრი ნადებია. ექიმი აღნიშნავს, რომ ასეთი ნადების გაჩენას ხელს უწყობს დაგროვება, რომელიც ენის დვრილებს შორის ჩნდება და მიკროორგანიზმების ნაწილაკების, საკვებისა და ნარჩენი უჯრედებისგან შედგება.
„უმეტესად ენაზე ნადები არანაირ ჩივილს არ იწვევს, თუმცა ამ ცვლილებებს შესაძლოა ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პირის ღრუს უსიამოვნო სუნი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვა და სიწითლე, მადის შემცირება“ – გვაფრთხილებს კალანდია.
ექიმი აზუსტებს, რომ ნადების გაჩენის ერთ–ერთი მიზეზი ცხიმოვანი მჟავებით, ქოლესტერინით მდიდარი საკვების ხშირად მიღებაა. მსგავსი საკვები პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსზე ნეგატიურად მოქმედებს, რის გამოც სოკოვანი ინფექციები აქტიურდება. „ენაზე თეთრი ნადების გაჩენა პირის ღრუს კანდიდოზის განვითარების ერთ–ერთი სიმპტომია“ – ამბობს კალანია.
თერაპევტი ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომლის ნიშანიც ენაზე თეთრი ნადების გაჩენაა. ესაა
- გასტრიტი
- წყლულოვანი დაავადება
- პანკრეატიტი
- გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD)
- კუჭის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები
- ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დაავადებები
ექსპერტი გირჩევთ, რომ ენაზე თეთრი ნადების გაჩენისას მკურნალ ექიმს მიმართოთ.