თერაპევტი და დიეტოლოგი, სვეტლანა გორიაინოვა, აცხადებს, რომ აგრესიული თერმული დამუშავება და დაქუცმაცება კარტოფილს მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტად აქცევს. ჩვეულებრივ, მაღალი გლიკემიური ინდექსი ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პროდუქტის მიღების შემდეგ სისხლში გლუკოზის დონე არსებითად იზრდება.ექიმი აღნიშნავს, რომ კარტოფილის პიურე, ასევე შემწვარი კარტოფილი სისხლში შაქრის დონეს ზრდის და შეიძლება სახიფათო იყოს მათთვის, რომელთაც შაქრის დონის პრობლემები, პრედიაბეტი ან დარღვეული მეტაბოლიზმი აქვთ.
„ყველასთვის საყვარელი პიურე, კარტოფილი ფრი სისხლძარღვების და გულის პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტაბოლიზმის დარღვევები უკვე არსებობს“ – ამბობს თერაპევტი.
დიეტოლოგი ამატებს, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს ისეთ პროდუქტს, როგორიცაა თეთრი პური. სპეციალისტის თქმით, მის მოსამზადებლად გამოიყენება ინტენსიურად დამუშავებული ხორბლის მარცვალი, რომელსაც სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების შემცველი გარსი აღარ აქვს. ექიმი აცხადებს, რომ თეთრი ფქვილით მომზადებული ყველა პროდუქტი, მათ შორის პური, სისხლში შაქრის დონეს ზრდის და დიაბეტიკებისთვის უკუჩვენებულია.