მახსოვს, ბავშვობაში დედა სკოლის ქურთუკზე ოქროს ქინძისთავს ყოველთვის მიმაგრებდა. უფრო მეტიც, ბრაზობდა, როცა ვიხსნიდი. თუ თილისმას დავკარგავდი, ამბობდა, რომ მისია უკვე შეასრულა. ვცდილობ ცრურწმენებს მოვერიდო, მაგრამ შინაგან ალღოს ვუსმენ. მჯერა, რომ ტანსაცმელზე გათვალვის საწინააღმდეგო ქინძისთავი უნდა იყოს. ჩემს რწმენას სპეციალისტიც ამყარებს. ვიტ მანო ცნობილი ნათელმხილველი და „ექსტრასენსთა ბრძოლის“ გამარჯვებულია, რომელიც ერთ–ერთ ინტერვიუში საუბრობს, როგორ გააკეთოთ კარმული დაცვა ქინძისთავით და რომელ სიტუაციაში მუშაობს. Vivien გიამბობთ, როგორ ატაროთ ეს თილისმა და რომელი ვარიანტი აირჩიოთ თქვენთვის, მეუღლისა და შვილისთვის.
გვიცავს თუ არა ქინძისთავი გათვალვისგან და რომელ შემთხვევაში – მანოს თქმით, ნებისმიერი ინგლისური ქინძისთავი ძლიერი თილისმა შეიძლება გახდეს. მას შეუძლია მფლობელს მოშურნე ხალხი ჩამოაშოროს, იქნება ეს კოლეგა, მეზობელი თუ ნათესავი. მთავარია, რამდენიმე დეტალი გაითვალისწინოთ, პირველ რიგში, განსაზღვრეთ ფერი:
- შავი ან ლითონის ქინძისთავი – ავი თვალის წინააღმდეგ. ფინანსურ პრობლემებს მოგაშორებთ.
- მწვანე ქინძისთავი – გათვალვის საწინააღმდეგო თილისმა ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.
- წითელი ქინძისთავი – თილისმა საყვარელი ადამიანის დასაცავად. როგორც წესი, ასეთ ქინძისთავს ცოლი ქმარს უკეთებს.
- ყვითელი ქინძისთავი – თილისმა მეგობრის დასაცავად. ახლობელს მხოლოდ კეთილი ზრახვებით შეგიძლიათ აჩუქოთ.
- იისფერი ქინძისთავი ასაკოვანი ხალხის დასაცავად არის განკუთვნილი. ასეთ ქინძისთავს მშობლებს, მოხუც ნათესავებს ჩუქნიან.
როგორ ავირჩიოთ ქინძისთავი და როგორ დავამაგროთ – კომპაქტური ზომის ქინძისთავი შეარჩიეთ, რომ ტანსაცმლის ტარებაში ხელი არ შეგიშალოთ და გარშემომყოფების ყურადღება არ მიიქციოს. უჟანგავი ფოლადის, ვერცხლის ან ოქროს თილისმა შეგიძლიათ შეიძინოთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ გათვალვის საწინააღმდეგო თილისმა ტანსაცმლის შიდა მხარეს უნდა დაიმაგროთ, თან თავით ქვემოთ. ასე სამყაროში არსებული ბნელი, უწმინდური ძალები ჩვენს ჩაკრას ვერ დააზიანებს. სიტყვაზე, თუ ქინძისთავი შემთხვევით გაიხსნა და დავარდა, ადგილზე არ დააბრუნოთ. ასეთი თილისმა მოიშორეთ, რადგან ამოცანა უკვე შეასრულა. ატარებთ ქინძისთავს ტანსაცმელზე? კიდევ რომელი თილისმის გჯერათ?