გამოცდილი დიასახლისები სუპერმარკეტში მადისაღმძვრელი მსუბუქად დამარილებული ორაგულის დახლებს გვერდს უვლიან. მათ იციან, როგორ დაამარილონ თევზი გემრიელად სახლის პირობებში. ეს არა მხოლოდ ორაგულს, არამედ სკუმბრიას და ქაშაყს ეხება. თევზის სახლში დამარილება ძალიან მომგებიანი საქმეა. პირველ რიგში, მაღაზიაში ზედმეტის გადახდა არ მოგიწევთ. მეორეც, იცით, რისგან შედგება მარინადი, ამიტომ მის ხარისხში დარწმუნებული ხართ. ეს კი მნიშვნელოვანია! Vivien თევზის დასამარილებლად 5 რეცეპტს გიზიარებთ.
მსუბუქად დამარილებული ორაგული
ინგრედიენტები:
- 1 ახალი ორაგული
- 500 გ კამა
- 1 ს/კ მარილი
- 1 ს/კ შაქარი
- 2 ს/კ არაყი
მომზადების წესი:
- თევზს კუდი და თავი მოაჭერით. გარეცხეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ. ორ ფილედ გაყავით. ეცადეთ, რომ კანი არ დააზიანოთ. ძვლები მოაშორეთ.
- ფილეს შიდა ნაწილზე არაყი წაუსვით.
- კამა დააქუცმაცეთ. მარილი და შაქარი დაუმატეთ. მზა ნარევი ერთ ფილეს წაუსვით. მეორე ზემოდან დააფარეთ. კარგად დააჭირეთ.
- პარკში გაახვიეთ, კონტეინერში ჩადეთ და ოთახის ტემპერატურაზე 2 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ 2 დღე მაცივარში შეინახეთ.
ბურახში დამარინადებული სკუმბრია
ინგრედიენტები:
- 1 კგ ახალი სკუმბრია
- 3 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 კონა პიტნა
- 1 კონა ოხრახუში
- 2 დაფნის ფოთოლი
- 2 კბილი ნიორი
- 500 მლ ბურახი
- 125 მლ თეთრი ღვინის ძმარი
- 16 მარცვალი შავი წიწაკა
- 4 ს/კ მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- სკუმბრია გაწმინდეთ. კარგად გარეცხეთ. საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. მარილი, შავი წიწაკა და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
- ლიმონის წვენი და ბურახი დაასხით. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
- თევზი ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ. თბილი სკუმბრია ფილეებად დაყავით.
- პიტნის ფოთლები წვრილად დაჭერით, ნიორი და ოხრახუში დააქუცმაცეთ. აურიეთ და მარილი დაუმატეთ. ძმარი და მცენარეული ზეთი დაასხით. ყველაფერს კარგად აურიეთ.
- ფილე ღრმა თასში გადაიტანეთ და მარინადი დაასხით. პარკი დააფარეთ და 24 საათით მაცივარში შეინახეთ.
ქაშაყი ცხარე მარინადში
ინგრედიენტები:
- 1 კგ ქაშაყი
- 600 მლ წყალი
- 5 ს/კ ზღვის მარილი
- 4 ს/კ შაქარი
- 12 მარცვალი შავი წიწაკა
- 3 დაფნის ფოთოლი
- 4 ხმელი მიხაკი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ქვაბში წყალი ჩაასხით. მარილი, შაქარი და წიწაკა დაუმატეთ.
- დაფნის ფოთოლი და ხმელი მიხაკი დაუმატეთ. მცენარეული ზეთი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- 3 დღე სიცივეში გააჩერეთ.
მსუბუქად დამარილებული კალმახი ფინური რეცეპტით
ინგრედიენტები:
- 1 კგ ახალი კალმახი
- 2 ს/კ შაქარი
- 1 კონა კამა
- 0,5 ჭიქა ხმელი წითელი მოცვი
- 3 ს/კ მსხვილი ზღვის მარილი
მომზადების წესი:
- კალმახის ფილე პერგამენტზე გადაიტანეთ, კანით ქვემოთ მოათავსეთ. თევზს მარილი და შაქარი მოაყარეთ.
- კამა მსხვილად დაჭერით. დაჭრილი კამა და ხმელი მოცვი ფილეს დაუმატეთ.
- თევზი პერგამენტში გაახვიეთ და 2 დღე მაცივარში შეინახეთ.
ჩაიში დამარინადებული სკუმბრია
ინგრედიენტები:
- 2 მსხვილი სკუმბრია
- 3 ს/კ შავი ჩაის ნაყენი
- 1 ლ წყალი
- 3 ს/კ მარილი
- 3 ს/კ შაქარი
მომზადების წესი:
- წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. შავი ჩაი მოადუღეთ.
- მარილი და შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცივი ჩაი მარლაში გადაწურეთ.
- თევზი გაწმინდეთ. თავი მოაშორეთ. თევზი ღრმა თასში გადაიტანეთ. ჩაის მარინადი დაასხით ისე, რომ თევზი მთლიანად დაიფაროს.
- მაცივარში 4 დღე გააჩერეთ.
აირჩიეთ რეცეპტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ და არომატული თევზის დამარილებას შეუდექით. სანელებლების ნარევი თევზს საოცრად გემრიელს გახდის. ამაში თავად დარწმუნდით!