ბევრი ადამიანი სახლში მომზადებულ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებს არ ცნობს. თითქოს, უმჯობესია პროფესიონალ კოსმეტოლოგთან მისვლა და მისი ზუსტი მითითებებით პრობლემის მოგვარება. რა გავაკეთოთ, თუ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს? მაშინ ხელნაკეთი საშუალება დაგეხმარებათ. მაგალითად, პირადად სახლის ნიღბებში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მის მოსამზადებლად მხოლოდ ახალი და ნატურალური პროდუქტები გვჭირდება. რატომ არ ვცადოთ? მით უფრო დღეს Vivien მკვებავი ნიღბის 5 ვარიანტს გთავაზობთ.
ნაოჭების საწინააღმდეგო შინაურული ნიღბის რეცეპტები – სახეზე პირველი ნაოჭი უკვე 20-25 წლის ასაკში შეიძლება გაჩნდეს. ზოგჯერ უფრო ადრეც. პირველ რიგში, კანზე ნაოჭის გაჩენას არასწორი ცხოვრების წესი ხელს უწყობს. მავნე ჩვევები, დაუბალანსებელი რაციონი და დღის რეჟიმი მთელ ჯანმრთელობაზე ძლიერ გავლენას ახდენს. მეორეც, არ დაგავიწყდეთ, როგორ ეკოლოგიურ პირობებში ვცხოვრობთ. ყველა ქალი სახის კანზე სწორად არ ზრუნავს. მაგალითად, ზოგიერთი ქალი ყოველდღიურ რუტინაში ტონირების ეტაპს ტოვებს. ზოგს კანის დატენიანება საერთოდ ავიწყდება.
კანს დამატებითი მოვლაც სჭირდება. ესაა სხვადასხვა სკრაბი, პილინგი და, რა თქმა უნდა, ნიღაბი. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სახეზე კვირაში 2–3–ჯერ გამოიყენოთ. მთავარია, რომ ჩვევად გქონდეთ., რადგან ნიღბის ერთჯერადი გამოყენებით სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.სახის მკვებავი ნიღაბი სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. დღევანდელი რეცეპტები ნაოჭების სიღრმის შესამცირებლად იდეალურია. საშუალება მკაცრად სამასაჟო ხაზების გასწვრივ წაისვით, ასევე მშრალ კანზე. ნიღაბი საუკეთესო ეფექტის მისაღებად ძილის წინ წაისვით. თითოეული საშუალება წინასწარ მგრძნობელობაზე დატესტეთ. შესაძლოა, რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ. გახსოვდეთ: ნიღბის გამოყენება არ შეიძლება, თუ სახეზე გაღიზიანება და სხვა სახის დაზიანება გაქვთ.
შინაურული რეცეპტები
- პირველი ნიღაბი თვალების გარშემო წვრილი ნაოჭების შემცირებაში დაგეხმარებათ. ხალხი ასეთ ნაოჭებს ბატის თათებს უწოდებს. ნიღაბი ასაკობრივ ჩამოწელილ ქუთუთოებსაც გაუმკლავდება. დადებითი შედეგის მისაღებად კურსი ჩაიტარეთ, კერძოდ კვირაში 2–ჯერ, 1 თვის განმავლობაში. დაგჭირდებათ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და 3 ჩ/კ უმი კარტოფილის პიურე. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. სუფთა მშრალ კანზე წაისვით. სალფეთქი დაიფინეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. ზედმეტი ნარჩენები იმავე სალფეთქით მოიშორეთ. სახე ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახის მოვლის შემდეგ ეტაპზე გადადით.
- თუ კანის დაჭიმვა და სახის კონტურის გაუმჯობესება გსურთ, ეს ნიღაბი გამოიყენეთ. 2 ს/კ სახამებელი, 10 წვეთი Е ვიტამინი (აფთიაქში იყიდება) და ცოტა წყალი აურიეთ, რომ არაჟნის კონსისტენციის ფაფა მიიღოთ. ნიღაბი სახეზე და ნიკაპზე წაისვით. თვალის გარშემო კანს მოერიდეთ. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი 4 დღეში ერთხელ 2 თვის განმავლობაში გამოიყენეთ.
- სახლში ლიფტინგის ეფექტის მქონე ნიღაბიც შეგიძლიათ მოამზადოთ. 5 ს/კ თბილი რძე და 10 გ ჟელატინი აურიეთ. როცა პროდუქტი გასივდება, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ახლა 1 კვერცხის გული, თითო ამპულა Е და А ვიტამინები დაუმატეთ. ნარევი სახეზე წაისვით და 25 წუთით გაიჩერეთ. 1 კურსი 10-12 პროცედურას მოიცავს. ყოველ სამ დღეში გაიმეორეთ.
- ეს ნიღაბი სახის კანის ტონუსს ზრდის და აახალგაზრდავებს. თითო ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი, თხევადი თაფლი, კეფირი და კიტრის წვენი აურიეთ. კიტრის წვენი ალოეს წვენით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ნიღაბი სახეზე და კისერზე 25 წუთით წაისვით. წყლით ჩამოიბანეთ.
- კივის ნიღაბი ნაოჭებს შეამცირებს და კანს დაატენიანებს. 1 კივის პიურე, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ არაჟანი აურიეთ. სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე 10-15 წუთით წაისვით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მოვლის შემდეგ ეტაპზე (ტონიკი და კრემი) გადადით.