4 ახალი იდეა, როგორ გამოაცხოთ გემრიელი ქამა სოკო ღუმელში

655

დიასახლისებს, რომელთაც კერძების მომზადება უყვართ, მაცივარში ქამა სოკო თითქმის ყოველთვის აქვთ. ეს პროდუქტი ბევრი გემრიელი კერძის ძირითადი ინგრედიენტია. ქამა სოკოთი მდიდრული წასახემსებელი და შეუდარებელი კრემსუპი შეგიძლიათ მოამზადოთ. ასეთი სოკოთი მეორე კერძიც ძალიან ნოყიერი და არომატულია. Vivien გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ ქამა სოკო ღუმელში ორიგინალური მეთოდებით. ამ მეთოდებით მომზადებულ სოკოს შეუდარებელი გემო აქვს. სოკოს გამოცხობას დიდი დრო არ სჭირდება, სამაგიეროდ რესტორნულ დონეზე მზადდება. ამის გარანტიას გაძლევთ!

როგორ გამოვაცხოთ ქამა სოკო ღუმელში: გამოცდილი რეცეპტები

ინგრედიენტები:

  • 300 გ ქამა სოკო
  • 600 გ ქათმის ბარკლები
  • 3 ლ წყალი
  • 1 ხახვი
  • 120 გ კარაქი
  • 3 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 60 გ ხმელი ყველი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • მწიკვი მუსკატის კაკალი

მომზადების წესი:

  1. ქამა სოკო კარგად გარეცხეთ. სოკოს ქუდი და ფეხი დააცალკევეთ.
  2. ქათმის ხორცი ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, მარილი მოაყარეთ, გასუფთავებული მთელი ხახვი და ქამა სოკოს ფეხები დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე 30 წუთით ხარშეთ.
  3. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ბულიონი გაწურეთ.
  4. ქამა სოკოს ქუდები პატარა ნაჭრებად დაჭერით და ცხელ ტაფაზე 20 გ კარაქში შეწვით. ენერგიულად ურიეთ. 7-8 წუთში ქამა სოკო ქათამს დაუმატეთ.
  5. ტაფაზე, სადაც სოკო შეწვით, 100  კარაქი გაადნეთ. ხორბლის ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 3 წუთით ცეცხლზე გააჩერეთ.
  6. ხორცის ბულიონი დაასხით. ურიეთ და კიდევ 4 წუთით გააცხელეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ. მუსკატის კაკალი დაუმატეთ. კვლავ ურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
  7. მზა სოუსი ხორცს და სოკოს დაასხით. ხმელი ყველი გახეხეთ. დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ და კვლავ ურიეთ. პორციულ ფორმებში გადაიტანეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთით აცხვეთ. ჟიულენი სოკოთი და ქათმით მზადაა!

არომატული ქამა სოკო ხორცით ფარშირებული

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 300 გ ღორის ფარში
  • 12 ქამა სოკო
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 80 გ ხმელი ყველი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხახვი და ნიორი გაასუფთავეთ, დააქუცმაცეთ და ხორცის ფარშს დაუმატეთ. მარილი, დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ და სოიოს სოუსი დაასხით. კარგად ურიეთ.
  2. ქამა სოკოს ფეხები მოაშორეთ. ქუდები ცხელ ტაფაზე 2 ს/კ მცენარეულ ზეთში შეწვით. 4 წუთით მოამზადეთ, პერიოდულად ურიეთ.
  3. ქამა სოკოს ქუდები ღორის ფარშით გაავსეთ. ხმელი ყველი გახეხეთ და ქამა სოკოს მოაყარეთ.
  4. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით.

ქამა სოკო ქერით ქოთანში

ინგრედიენტები:

  • 350 გ ქერი
  • 1 ლ წყალი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 700 გ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 1 ს/კ სოიოს სოუსი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქერი კარგად გარეცხეთ. ქერი დაარბილეთ: წვრილ საცერზე დაყარეთ, ქვაბში წყალი გააცხელეთ და ზემოდან საცერი დაადეთ. თავსახური დააფარეთ და 20 წუთით საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ.
  2. მეორე ქვაბში 800 მლ სუფთა წყალი ჩაასხით. ცოტა მარილი და 1 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ქერი დაუმატეთ. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და კიდევ 20 წუთით ხარშეთ. ქერი საწურზე გადაიტანეთ და სითხეს დაწურვა აცადეთ.
  3. სოკო ოთხ ნაწილად დაჭერით. 200 მლ ცხელ წყალს დაუმატეთ. ცოტა მარილი დაუმატეთ და 6 წუთით ხარშეთ. ქამა სოკო ამოიღეთ და ნახარში გადაწურეთ.
  4. ხახვი გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ. 2 ს/კ მცენარეულ ზეთში ტაფაზე 4 წუთით შეწვით. სოკო დაუმატეთ და კიდევ 3 წუთით შეწვით. ახლა ქერი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 30 წამით ცეცხლზე გააჩერეთ, შემდეგ ქურიდან გადმოდგით და ნარევი გამოსაცხობად ქოთნებში გადაანაწილეთ.
  5. სოკოს ნახარში ადუღებამდე მიიყვანეთ და ქერისა და სოკოს ნარევს დაუმატეთ. სოიოს სოუსი დაუმატეთ. კარგად ურიეთ. თავსახური დაახურეთ და 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
  6. ქოთნები გამოიღეთ. აურიეთ და ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ. კიდევ 15 წუთით ღუმელში აცხვეთ. არომატული სოკო ქერით მზადაა!

ოქროსფერი ქამა სოკო კაკლით ფარშირებული

ინგრედიენტები:

  • 12 ქამა სოკო
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ტოტი ოხრახუში
  • 50 გ ნიგოზი
  • 1,5 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 120 გ მოცარელა
  • 4 ს/კ ნაღები
  • მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი
  • მარილი გემოვნებით
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. სოკოს ქუდი და ფეხი დააცალკევეთ. სოკოს ფეხი წვრილად დაჭერით.
  2. ნიორი და მწვანილი დააქუცმაცეთ.
  3. ცხელ მშრალ ტაფაზე გასუფთავებული ნიგოზი 3 წუთით მოხალეთ. ახლა მსხვილად დაფშვენით.
  4. მცენარეული ზეთი ტაფაზე გააცხელეთ. სოკოს ქუდები თითოეული მხრიდან 4 წუთით შეწითლებამდე შეწვით. გაგრილება აცადეთ.
  5. მოცარელა პატარა კუბებად დაჭერით. ნიგოზი, ქამა სოკოს ფეხები, ნიორი და ოხრახუში დაუმატეთ. 9%–იანი ნაღები დაუმატეთ. მუსკატის კაკალი, მარილი და დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. კარგად ურიეთ.
  6. მიღებული ნარევით შემწვარი სოკოს ქუდები გაავსეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 7-8 წუთით აცხვეთ.

აირჩიეთ რეცეპტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ და აუცილებელი პროდუქტები ჩამოწერეთ. ქამა სოკოთი ორიგინალური კერძი მოამზადეთ და ნახავთ, როგორ გამრავალფეროვნდება ყოველდღიური მენიუ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს