ბევრს უყვარს კეფირზე მომზადებული ღვეზელი, რადგან მარტივად მზადდება, ზღაპრული გემო აქვს და საოცრად ფაფუკია. Vivien გიზიარებთ ყველაზე არომატული ღვეზელების რეცეპტებს, რომელთა გამოცხობას დიდი კულინარიული გამოცდილება არ სჭირდება. კეფირზე მომზადებული ღვეზელის 3 საუკეთესო რეცეპტზე და მათ მახასიათებლებზე გიამბობთ. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და მომზადება დაიწყეთ. გემრიელი შედეგი გარანტირებულია!
ღვეზელი კეფირით: 3 პოპულარული სახეობა
ჩასასხმელი – ასეთი ღვეზელი მოსამზადებლად ერთ–ერთი უმარტივესია. ოლადების მსგავსი ცომი სჭირდება. მარტივად მზადდება. მშრალი ინგრედიენტები ერთად უნდა აურიოთ, შემდეგ დანარჩენი პროდუქტები დაუმატოთ. რამდენიმე ელემენტარული მოქმედება და ჩასასხმელი ღვეზელი მზადაა!
კლასიკური ჩასასხმელი ღვეზელი კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 250 მლ კეფირი
- 5 ს/კ მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 230 გ ხორბლის ფქვილი
- 400 გ თეთრი კომბოსტო
- 20 გ ოხრახუში
მომზადების წესი:
- კომბოსტო ზოლებად წვრილად დაჭერით. მცენარეულ ზეთში ცხელ ტაფაზე სუსტ ცეცხლზე მოთუშეთ, პერიოდულად აურიეთ.
- ოხრახუში დააქუცმაცეთ. კომბოსტოს დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. კომბოსტოს მომზადებამდე მოშუშეთ, აქტიურად აურიეთ.
- 2 კვერცხი ათქვიფეთ და კომბოსტოს დაუმატეთ. კარგად აურიეთ. კომბოსტოს და კვერცხის ნარევი ქურიდან აიღეთ და გაგრილებას დაელოდეთ.
- ცომი მოამზადეთ. ხორბლის ფქვილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი აურიეთ. საცერში გაცერით.
- ცალკე თასში 2 კვერცხი ათქვიფეთ და კეფირი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. 2 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კვლავ აურიეთ.
- ფქვილის და გამაფხვიერებელის ნარევი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომის ნახევარი ჩაასხით. გაასწორეთ.
- კომბოსტოს შიგთავსი თანაბრად გაანაწილეთ. დარჩენილი ცომი ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით!
გახეხილი – ასეთი ღვეზელი ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია! ტკბილი და წარმოუდგენლად არომატული გამოდის! მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. მთავარია, რომ სწორი კონსისტენციის ცომი მოამზადოთ და გააგრილოთ. ახლა მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ცომი სახეხზე უნდა გახეხოთ. თუ ამ წესებს დაიცავთ და საჭირო რაოდენობის კეფირს დაუმატებთ, შეუდარებელ ცომეულს მიიღებთ!
გახეხილი ღვეზელი კეფირით
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 200 გ კარაქი
- 3 ს/კ კეფირი
- 0,5 ჩ/კ სოდა
- ვანილი გემოვნებით
- 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 550 გ ხორბლის ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა გარგარის მურაბა
მომზადების წესი:
- კვერცხი, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ.
- რბილი კარაქი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ.
- სოდა კეფირში გახსენით. მიღებული ნარევი დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ.
- ცალკე თასში ხორბლის ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ფქვილის მასა კვერცხი–კარაქის ნარევს თანდათან დაუმატეთ. ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ.
- ცომის მესამედი საყინულეში 10 წუთით შეინახეთ.
- ცომის დიდი ნაწილი ფირფიტად გააბრტყელეთ და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში გადაიტანეთ. ცომს გარგარის მურაბა წაუსვით. გაასწორეთ.
- ცომის პატარა ნაწილი საყინულიდან გამოიღეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მურაბას ზემოდან მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ. მზა ღვეზელს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.
საფუარის ცომით – ოსური ღვეზელი კეფირიანი ცომეულის ნათელი წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ საფუარის ცომით საოცრად გემრიელი ცომეული გამოდის. მას სხვადასხვა შიგთავსი შეგიძლიათ დაუმატოთ, ხშირად უტკბილო ვარიანტს იყენებენ. ყველი, ხორცი, კვერცხი – ძირითადი პროდუქტებია, რომლებიც პოპულარულ ოსურ ღვეზელებში შეგიძლიათ ნახოთ.
ოსური ხორციანი ღვეზელი
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 4 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 1 ჭიქა კეფირი
- 1 ჭიქა რძე
- 2 ს/კ არაჟანი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 2 ს/კ კარაქი
- 1 კვერცხი
- მარილი გემოვნებით
- 400 გ ძროხის ფარში
- 100 გ ოხრახუში
- 100 გ ქინძი
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- მშრალი საფუარი და 1 ს/კ რძე აურიეთ. შაქარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
- საფუარის ნარევი თასში ჩაასხით. კეფირი და დარჩენილი რძე (ოთახის ტემპერატურის ) დაუმატეთ და აურიეთ.
- არაჟანი, 0,5 ჩ/კ მარილი, კვერცხი და რბილი კარაქი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ. ახლა გაცრილი ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ. დააფარეთ და თბილ ადგილას 45 წუთით გააჩერეთ.
- მწვანილი დააქუცმაცეთ. ძროხის ფარში აურიეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- ცომი ჩაზილეთ. სამ თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეულ თხელ, მრგვალ კვერებად გააბრტყელეთ. კვერის ცენტრში ხორცის შიგთავსი მოათავსეთ. ახლა ფარშს ცომი გადააფარეთ და კიდეები ფრთხილად შეკარით.
- კვერებს საგორავი ისე გადაატარეთ, რომ სქელი ბლინის ფორმა მიიღოთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. ღვეზელს მაგიდაზე გატანის წინ კარაქი წაუსვით. მზადაა!
კეფირი ცომეულში გამოიყენეთ და სახლში მომზადებული კერძები უჩვეულოდ გემრიელი გამოვა. გემრიელად მიირთვით!