ზოგიერთი ბოსტნეული ინფარქტისა და ინსულტისგან უკეთ დაცვით სიცოცხლეს ახანგრძლივებს

899

მეცნიერები ზოგიერთი ბოსტნეულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მახასიათებლებზე საუბრობენ. ესაა კომბოსტოსებრნი, ჯვაროსნები, რომელთა მიღება მეცნიერების აზრით სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელს უწყობს.

„ზოგადად, ჯანმრთელობისთვის ბოსტნეულის სარგებელი უდავოდ მრავალრიცხოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაკლებ კალორიას, ბევრ ვიტამინს და უჯრედისს შეიცავს. არსებობს ბოსტნეულის ერთი ჯგუფი, რომელიც დღეგრძელობის შანსს სხვებზე მეტად ზრდის“ – ამბობენ დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერები თავიანთ დასკვნაში.

მეცნიერების თქმით, ჯვაროსნების ჯგუფის ბოსტნეულზე (ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო) კვლევამ აჩვენა: ამ მცენარეული პროდუქტის 3 ან მეტი ულუფის მიღება ათეროსკლეროზის, არტერიების გამკვრივების და შევიწროების სიჩქარეს ამცირებს. სწორედ ათეროსკლეროზია პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების, ასევე გულის შეტევისა და ინსულტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 70 წლის და უფროსი ასაკის ქალების ჯანმრთელობის მაჩვენებლები შეადარეს. ისინი სხვადასხვა რაოდენობის ბოსტნეულს მიირთმევდნენ. აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეები, რომლებიც ყოველდღე მინიმუმ 225 გ ბოსტნეულს მიირთმევდნენ, არტერიების კედლები ნაკლებად ჰქონდათ გასქელებული, ვიდრე მათ, ვინც ბოსტნეულს არ მიირთმევდა. ჯვაროსნულმა ბოსტნეულმა არტერიების მდგომარეობაზე განსაკუთრებით დადებითი გავლენა მოახდინა. ესაა კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი.

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ასეთი ბოსტნეული რიგი მკვებავი და ბიოაქტიური ფიტოქიმიური ნივთიერების კარგი წყაროა. მაგალითად, ასეთია გოგირდის შემცველი ნაერთები, გლუკოზინოლატები. საჭმლის მონელების პროცესში გლუკოზინოლატები იშლება ბიოაქტიურ ნაერთებად, რომლებიც ათეროსკლეროზის პროგრესს აფერხებენ. ზოგიერთი ნაერთი (ინდოლი, იზოთიოციანატები) სიმსივნის განვითარების რისკსაც ამცირებს.

კომბოსტოს გარდა ჯვაროსნულ ბოსტნეულს მიეკუთვნება რუკოლა, პირშუშხა, წიწმატი, ბოლოკი, თალგამი, მდოგვი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს