გასტროენტეროლოგი ნურია დიანოვა ირწმუნება, რომ ზოგიერთი პროდუქტის მიღება ჯირკვალში თვითმონელების პროცესს ააქტიურებს, რაც მისი ჯანსაღი ქსოვილის განადგურებას იწვევს. ექიმი კუჭქვეშა ჯირკვლისთვის სახიფათო პროდუქტების განხილვისას ამბობს:
„ალკოჰოლის, ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტების არაადეკვატური მიღება კუჭქვეშა ჯირკვალს ანადგურებს“.
ალკოჰოლი. დიანოვა განმარტავს, რომ ალკოჰოლის ჭარბად მიღება ჯირკვლის უჯრედებს აზიანებს. დროთა განმავლობაში დამანგრეველი პროცესი პანკრეანეკროზს იწვევს, რაც ორგანოს სერიოზულ და სახიფათო ანთებას ნიშნავს.
„ჯირკვალი სივდება, წვენის გადინება ირღვევა და გამოდის, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი თვითმონელებას იწყებს“.
დიანოვა ამატებს, რომ პანკრეანეკროზის მსხვერპლი ხშირად საოპერაციო მაგიდაზე ხვდება. ზოგიერთ შემთხვევაში, კუჭქვეშა ჯირკვლის ამოღება უწევთ.
ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მე-5 ზრდასრულ ადამიანს ნაღვლის ბუშტში ქვები აქვს. ასეთი პრობლემის დროს არარეგულარული, დაუბალანსებელი კვება კუჭქვეშა ჯირკვლის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და პანკრეატიტის (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება) გაჩენას ხელს უწყობს.
„მაგალითად, ადამიანი იშვიათად ჭამს, მაგრამ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მაშინვე ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტების დიდ დოზას იღებს. ამ ფონზე ნაღვლის ბუშტში შეიძლება კენჭის დაძვრა მოხდეს, რასაც ნაღვლის და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარების დაბლოკვა შეუძლია. ეს კი ქოლეცისტოპანკრეატიტს (ნაღვლის ბუშტის და კუჭქვეშა ჯირკვლის ერთობლივი ანთება) იწვევს“ – გვაფრთხილებს ექიმი.