ზურგის ტკივილი: რატომ შეიძლება გახდეს ქრონიკული

377

ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა, რატომ ხდება ზურგის ზოგიერთი ტკივილი ქრონიკული. ამ კითხვას კანადელი მეცნიერების კვლევა ნაწილობრივ პასუხობს. ზურგის ტკივილის დროს ბევრი ადამიანი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს იღებს, მაგრამ კვლევა ვარაუდობს, რომ ანთება სწორედ გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა.

მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ზურგის ამა თუ იმ დაზიანების შემდეგ ანთების ბლოკირება ტკივილს ქრონიკულს ხდის. ეს აღმოჩენა ზურგის ტკივილის მკურნალობის ტრადიციულ მიდგომას მთლიანად უარყოფს. ქრონიკული ტკივილი, განსაკუთრებით ხერხემლის ქვედა ნაწილში, გავრცელებული ჩივილია. მეცნიერებმა არ იცოდნენ, რატომ ქრებოდა ზურგის ზოგიერთი ტრავმა თავისით, ზოგი კი იწვევს ქრონიკულ ტკივილს, რომელიც წლები გრძელდება.

კვლევის ფარგლებში ავტორებმა დაადგინეს, რომ სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი ნეიტროფილები, რომლებიც ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში ეხმარება და ანთებით პროცესებში საწყის ეტაპზე დომინირებს, ზურგის ტკივილის გაქრობაში მთავარ როლს ასრულებს. ამ ტკივილის სამკურნალო სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკა გულისხმობს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებას, რომელთაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვთ. აღმოჩნდა, რომ ისინი საპირისპირო ეფექტს ახდენენ და ტკივილს ქრონიკულად აქცევენ.

მიღებულია, რომ ქრონიკული ტკივილი ანთების შედეგია, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ. კვლევამ აჩვენა, რომ ანთება ტკივილს თრგუნავს, ხოლო თუ ანთებას შევებრძოლებით, ტკივილი ქრონიკული გახდება. მართალია, მიღებული დასკვნები ხალხზე ჯერ კიდევ იტესტება, მაგრამ ტკივილის სფეროში ზოგიერთი ექსპერტი, რომლებიც კვლევასთან კავშირში არ არიან, მეცნიერების შედეგებზე პოზიტიურად რეაგირებს.