კოჟრების გამოჩენა ბევრ ადამიანს აწუხებს. ამაში დამნაშავეა მოუხერხებელი ფეხსაცმელი, ასევე ფეხის კანის არასწორი მოვლა. პრობლემის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკურ მეთოდებს მიმართეთ. შვრიის ნიღაბი ერთ–ერთი ასეთი მეთოდია, რომლის დახმარებით ტერფებს რბილ და გლუვ კანს დაუბრუნებთ. მისი რეგულარული გამოყენება კოჟრებისგან დაგიცავთ. შვრიის ფანტელებით 2 სახის რეცეპტი შეგიძლიათ მოამზადოთ. ორივე ეფექტურია, ამიტომ შედეგი არ დააყოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ტერფებზე წასასმელი ნარევი სწორად მოამზადოთ.
1–ელი რეცეპტი: ნიღბის მომზადებას მაქსიმუმ 10 წუთი სჭირდება. შვრიის ფანტელები და ნუში ბლენდერით ან ყავის საფქვავით დაფქვით. სურვილის შემთხვევაში უკვე მზა პროდუქტები შეიძინეთ. 2 ს/კ შვრიის ფქვილი და ამდენივე დაქუცმაცებული ნუში აურიეთ. არაჟანი დაუმატეთ და აურიეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. ფეხები ცხელ წყალში დაირბილეთ, შემდეგ მიღებული ნიღაბი წაისვით. 20-25 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ და პემზით გაიხეხეთ. ფეხებზე წყალი გადაივლეთ, გაიმშრალეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
მე–2 რეცეპტი: ნიღბის მოსამზადებლად შვრია წყალზე მოხარშეთ. ამის შემდეგ 6 ს/კ შვრიის ფაფა, 2 ს/კ მცენარეული ზეთი და 1 ჩ/კ თაფლი აურიეთ. ტერფები ცხელ წყალში დაირბილეთ, შემდეგ მზა ნარევი წაისვით. 15-20 წუთში თბილი წყალი გადაივლეთ. ტერფები პემზით გაიხეხეთ, პირსახოცით გაიმშრალეთ და დამატენიანებელი ზეთი კანში შეიზილეთ. თბილი წინდები ჩაიცვით და 2-3 საათით ისეირნეთ.
რეკომენდაციები – შვრიის ნიღბები 7 დღეში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში გაიკეთეთ. ასე საუკეთესო შედეგს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ძირითადი წესების დაცვა:
- ნარევის წასმამდე ფეხები თბილ წყალში დაირბილეთ.
- ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ.
- ნარევის მოშორების შემდეგ კანი პემზით გაიხეხეთ.
- პროცედურის ბოლოს დამატენიანებელი კრემის ან ლოსიონის წასმა მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
ასეთი ამქერცლავი ნიღბების რეგულარული გამოყენებით ისეთ ნაზ კანს მიიღებთ, როგორიც ჩვილს აქვს. გახსოვდეთ ამ საშუალების მთავარი უპირატესობა: მასში მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები შედის. ნიღაბი შვრიის ფანტელებით მოამზადეთ და ხორკლიანი ფეხები დაივიწყეთ!