ანტიოქსიდანტების მაღალი დონე დემენციისგან გვიცავს

453

ჟურნალში Neurology გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომელთაც სისხლში ანტიოქსიდანტების მაღალი დონე აქვთ, დემენციის განვითარების ნაკლები შანსი აქვთ. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც სისხლში ლუთეინის, ზეაქსანტინის და ბეტა კრიპტოქსანტინის ანტიოქსიდანტების მაღალი დონე აქვთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ათი წლის შემდეგ დემენცია განუვითარდეთ, ვიდრე მათ, რომელთაც ანტიოქსიდანტების დაბალი დონე აქვთ. ლუთეინი და ზეაქსანტინი გვხდება მწვანე ფურცლოვან ბოსტნეულში, როგორიცაა კომბოსტო, ბროკოლი და ბარდა. ბეტა კრიპტოქსანტინს შეიცავს ხილი, როგორიცაა ფორთოხალი, პაპაია, მანდარინი და ხურმა.

„ადამიანის კოგნიტური ფუნქციის განვითარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანტიოქსიდანტები ტვინს იცავს ჟანგვითი სტრესისგან, რომელმაც შეიძლება უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს. დამატებითი კვლევებია საჭირო იმის შესამოწმებლად, დაიცავს თუ არა ტვინს დემენციისგან ამ ანტიოქსიდანტების დამატება“ – ამბობს მეი ა. ბეიდუნი, კვლევის ავტორი, დოქტორი, ბალტიმორის დაბერების პრობლემის ეროვნულ ინსტიტუტში ჯანმრთელობის მაგისტრი.

კვლევაში მონაწილეობდა 7 283 ადამიანი, რომლებიც კვლევის დასაწყისში სულ მცირე 45 წლის იყვნენ. მათ გაიარეს სამედიცინო გამოკვლევა, ინტერვიუ, ჩააბარეს სისხლის ანალიზები ანტიოქსიდანტების რაოდენობაზე. მათ საშუალოდ 16 წელი აკვირდებოდნენ, რომ ენახათ, ვის განუვითარდებოდა დემენცია.

მონაწილეები სისხლში ანტიოქსიდანტების რაოდენობის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს. ადამიანები ლუთეინის და ზეაქსანტინის მაღალი შემცველობით დემენციის განვითარებისკენ ნაკლებად მიდრეკილნი იყვნენ, ვიდრე ისინი, რომელთაც ამ ანტიოქსიდანტების დაბალი დონე ჰქონდათ. ლუთეინის და ზეაქსანტინის დონის სტანდარტული გადახრის ყოველი ზრდა ზუსტად 15,4 მკმოლ/ლ–ით, დემენციის განვითარების რისკს 7%–ით ამცირებდა. ბეტა კრიპტოქსანტინის შემთხვევაში სტანდარტული გადახრის ყოველი ზრდა დაახლოებით 8,6 მკმოლ/ლ–ით, დემენციის განვითარების რისკს 14%–ით ამცირებდა.

„აღსანიშნავია, რომ ამ ანტიოქსიდანტების გავლენა დემენციის რისკზე გარკვეულწილად შემცირდა, როცა გავითვალისწინეთ სხვა ფაქტორები, როგორიცაა განათლება, შემოსავალი და ფიზიკური აქტივობა“ – ხაზს უსვამს ბეიდუნი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს