პიცა ჩვენს რაციონში იმდენად დამკვიდრდა, რომ უცხოდ აღარ აღვიქვამთ. ახლა ყველა რესტორანში არომატული ცომი ნებისმიერი შიგთავსით შეგიძლიათ შეუკვეთოთ. პიცას სახლშიც ხშირად ვაკეთებთ. იდეალური პიცა გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. ამ იტალიური კერძის გაფუჭება ადვილია. რა თქმა უნდა, პიცა გამოგივათ, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მის სამშობლოში აკეთებენ. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? ცომს, სოუსს და შიგთავსს. Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ პიცა და რა შეცდომებს აარიდოთ თავი.
იდეალური პიცა: როგორ არ დავუშვათ შეცდომები
- სწორი ცომი – ბევრი დიასახლისი პიცის ცომის მომზადებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. გაყინული ნახევრად მზა პროდუქტიდან გემრიელი კერძის მიღების იმედი არ გქონდეთ. პიცის ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 900 გ ფქვილი, 0,5 ლ წყალი, 20 გ მარილი, 10 მლ ზეითუნის ზეთი და 10 გ ახალი საფუარი. ფქვილი აუცილებლად გაცერით, რომ პიცის ძირი ჰაეროვანი და არა გატენილი გამოვიდეს. საფუარის ნარევს ულუფებად დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ, რომ გოროხებს თავი აარიდოთ.
- ზეითუნის ზეთი – ეს ინგრედიენტი არ უგულებელყოთ. ზეითუნის ზეთი ცომს საჭირო ელასტიურობას მატებს. ცომი მანამ მოზილეთ, სანამ ხელზე აღარ მიგეკვრებათ.
- ხელით გაბრტყელება – სანამ ცომს გააბრტყელებთ, 1 საათით გააჩერეთ. მოცულობაში ორჯერ უნდა გაიზარდოს. სამუშაო ზედაპირს და თავად ცომს ცოტა ფქვილი მოაყარეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ. ცომის ცენტრი სჯობს ხელით დაიკავოთ. გვერდები აუცილებლად გაუკეთეთ. ცომი კიდეებთან ახლოს შეამჭიდროვეთ.
- ხრაშუნა ქერქი – ხრაშუნა ქერქის მისაღებად საცხობ ფორმას ზეითუნის ზეთი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. შიგთავსი მოათავსეთ და 180-200 გრადუსზე (თქვენს ღუმელზეა დამოკიდებული) დაახლოებით 10 წუთით აცხვეთ.
- სოუსი შეარჩიეთ – სახლში პიცის გამოსაცხობად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი. პომიდვრის პასტით არ შემოიფარგლოთ. პიცისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მდნარი ყველი, პესტო, ყაბაყის ხიზილალა, ჰუმუსი. პიცის სოუსი ძალიან თხელი არ უნდა იყოს, რომ კერძმა არ იცურაოს.
- შიგთავსი შეარჩიეთ – ერთი შეხედვით, პიცას ნებისმიერი ინგრედიენტი უხდება: დაწყებული ანჩოუსით და დამთავრებული ანანასით. აქაც სიფრთხილე გმართებთ. ყველას გემოვნება განსხვავდება, მაგრამ 4–ზე მეტი ინგრედიენტის შეთავსება რეკომენდებული არაა. სხვა შემთხვევაში ცომზე ოლივიეს მიიღებთ. შიგთავსის ფენა 1 სმ–ზე მაღალი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, თითოეული თავისუფალი მილიმეტრი არ შეავსოთ. ყველიც ხომ მოსაყრელია.
იდეალური პიცის შიგთავსის 4 ვარიანტი
- კლასიკური პიცა ლორით – ხორცის მოყვარულებისთვის იდეალურია, რადგან სალას და ლორს შეიცავს. ცომს პომიდვრის სოუსი წაუსვით, ნახევრად წრიულად დაჭრილი სალა, ლორის ნაჭრები და ბულგარული წიწაკის ზოლები დაუმატეთ. გახეხილი ყველი უხვად მოაყარეთ და გამოაცხვეთ.
- პიცა სოკოთი და ხახვით – სოკო წვრილად დაჭერით და ზეითუნის ზეთში შეწვით. ცოტა ცხიმიანი ნაღები დაუმატეთ და სოუსის გასქელებამდე მოშუშეთ. სოკოს პასტა ცომზე გადაანაწილეთ, ხახვის რგოლები დაუმატეთ და გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ.
- პიცა ქათმის ხორცით და პესტოს სოუსით – ქათმის ფილე წინასწარ მოხარშეთ და ხელით დაჩილეთ. პიცის ცომს პესტოს სოუსი წაუსვით, ფილე გადაანაწილეთ და გახეხილი ყველი მოაყარეთ.
- პიცა ძროხის ხორცით – წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეითუნის ზეთში შეწვით. ფარში დაუმატეთ და ხორცის მომზადებამდე შეწვით. პიცის ცომს პომიდვრის პასტა წაუსვით, შიგთავსი გადაანაწილეთ. მზა კერძს წვრილად დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.
სახლში პიცის მოსამზადებლად ნებისმიერი ინგრედიენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხორცი, ბოსტნეული, სოკო, თევზი, ზღვის პროდუქტები, მწვანილი – ყველა ეს პროდუქტი გამოგადგებათ. რომელი შიგთავსით გიყვართ პიცა?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს