ბევრი გამვლელი ქუჩაში თავგადაპარსულ ქალს თვალს აყოლებს. ზოგი ხუმრობს, ზოგი საწყალ უცნობს თანაუგრძნობს. ადამიანის გარეგნობა არა მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობის შედეგი, არამედ რიგი სირთულეებიც არის, რომელთან შეჯახება მოუწია. ნაოჭები, ამობურცული ვენები, ალოპეცია – ეს მცირე სიაა, რომელიც თვალში გვხდება და რიგ ემოციებს იწვევს. უბედურება იმაშია, რომ ბევრი ადამიანი სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას მიჩვეულია და კიცხავს მათ, ვინც განსხვავებულად გამოიყურება. Vivien გიამბობთ, რა იწვევს ტოტალურ ალოპეციას ქალებში.თმის ცვენა ქალებში დეპრესიას იწვევს, ხოლო გარშემომყოფები ცეცხლში ნავთს ასხამენ. პირველი, რაც თავში მოგვდის, უკურნებელი დაავადებაა, საშინელი ფიქრები, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს. სპეციალისტთან მისვლა და მიზეზის დადგენა გვაშინებს, კიდევ უფრო საშიშია ყოველდღე თავის ტანჯვა.
ქალებში თმის ცვენის მიზეზები – ქალები სავარცხელზე რამდენიმე თმის ღერის დანახვაზე პანიკას იწყებენ. ნაცნობი გრძნობაა: თმა თავის დაბანის, დავარცხნის დროს ცვივა. თმის ცვენის მიზეზები, რომლებიც საშიში არაა: არასწორი მოვლა, დაუბალანსებელი კვება, ვიტამინების დეფიციტი. ამ ყველაფერს პრობლემის საწყის ეტაპზე გამოასწორებთ. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, პრობლემა არსებობს თუ არა.
დღის განმავლობაში რამდენიმე დაცვენილი თმის ღერის გამო განგაშის ატეხა არ ღირს. მარტივი ტესტი არსებობს: თმის პატარა კულული აიღეთ და მსუბუქად დაექაჩეთ. ითვლება, რომ თუ ხელში 5 თმის ღერი შეგრჩათ, პრობლემა არსებობს. გახსოვდეთ, რომ ნორმაში ადამიანი დღეში 100 თმის ღერს კარგავს. თუ გეჩვენებათ, რომ გარკვეულ პერიოდში თმა გაიშვიათდა, დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს მიმართეთ. ინტერნეტში სასწაულმოქმედი სამკურნალო საშუალებების მოძებნა და სიმპტომების შესახებ სტატიების წაკითხვა არ სცადოთ. მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია გამოიკვლიოს და თერაპიის კურსი დაგინიშნოთ.
თმა შეიძლება გათხელდეს რიგი მიზეზების გამო: ავიტამინოზი, ორსულობა, ანემია, სტრესი, არასწორი მოვლა და კვება. თმის ცვენა შეიძლება მძიმე დაავადების, გენეტიკური მიდრეკილების სიმპტომი იყოს. ქალებს ხშირად აწუხებთ ალოპეცია სტრესის დროს, რომელსაც სამსახური, სწავლა ან მძიმე დარდი იწვევს. ალოპეცია – თავზე ან მთელ სხეულზე თმის პათოლოგიური ცვენა.
შეიძლება თუ არა პროცესის შეფერხება – საწყის ეტაპზე ალოპეციის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომი ან გენეტიკური მიდრეკილება არაა: თავიდან თმა შეიძლება ლოკალურად დაცვივდეს, შემდეგ მთლიანად. გვიან ეტაპზე თმა ზრდას წყვეტს მთელ სხეულზე: ხელზე, ფეხზე, წარბი და წამწამი ცვივა.ნაადრევად იმედი არ გაიცრუოთ. პირველ რიგში, მიზეზი გამოავლინეთ და გამოკვლევის შემდეგ თერაპიის კურსი გაიარეთ. ხშირად მიზეზი ისეთი საშინელი არაა, როგორც წარმოვიდგენთ. ზოგჯერ თმა ზრდას საბოლოოდ წყვეტს. ქალს ახალ იმიჯთან შეგუება და საზოგადოებაში თავიდან ინტეგრირება უწევს.
მწარე გამოცდილება და სხვისი აზრი – საინტერესოა, რომ ზოგიერთ ქალს მოკლე ვარცხნილობა უხდება და სხვების აზრს ყურადღებას თუ არ მიაქცევთ, დროთა განმავლობაში ახალ იმიჯს მარტივად შეეგუებით. სამწუხაროდ, საკუთარი თავის მიღების პროცესში საზოგადოების დამოკიდებულება მთავარ როლს ასრულებს.
„წარმოიდგინეთ, გუშინ ორივე ხელი გქონდათ. დილით იღვიძებთ და ერთი აღარ გაქვთ. არადა როგორღაც უნდა იცხოვროთ. ბოლო ორი წელია თავს ასე ვგრძნობ. თმის დაკარგვა ყველაზე საშინელი არ იყო. მასთან ურთიერთობა დიდი ხანია არ გამომდიოდა. აი, წამწამების, წარბების დაკარგვა დიდი სტრესი აღმოჩნდა. იმის გათვალისწინებით, რომ წამწამები ძალიან სწრაფად დამცვივდა, სარკიდან მომზირალ უსახო ადამიანს ვერ შევეგუე. ამ მდგომარეობიდან გამოსვლას დღემდე ვცდილობ.ყველაფერი მაშინებს. ნებისმიერი ახალი რაღაც გულისრევამდე ცხოველურ შიშს იწვევს. ყოველი ნაბიჯი უფსკრულია, გაფრინდები ან ჩავარდები. ახლა ყველგან ახალ ურთიერთობაში ვარ – საკუთარ თავთან, ცეკვაზე, სამსახურში, ალოპეციების საზოგადოებაში“ – წერს ელენა სოციალურ ქსელში. ყველას სურს, რომ ლამაზი, საყვარელი იყოს, მეგობრები ნახოს და საკუთარი ნაკლის არ რცხვენოდეს. ალოპეციის დროს ადამიანის მხარდაჭერა შესაძლებელია, თუ ამ პრობლემაზე ყურადღებას არ გაამახვილებთ. მსოფლიოში ხომ ბევრი სასაუბრო თემა არსებობს.
თანამოაზრეები და ფარისევლები – „ძვირფასი ბებიის გარდაცვალებიდან 2,5 თვის შემდეგ 2 კვირაში სწრაფად გავმელოტდი. საკუთარ სიცოცხლეზე შიშის დეტალებს გამოვტოვებ, ეს საშინელება იყო. ასეთი მარტოობა არასდროს მიგრძვნია. არავისთან დალაპარაკება არ შემეძლო, ვერავინ მიგებდა, რადგან ადამიანმა რომ გაგიგოს, მსგავსი უნდა გამოიაროს.2 თვის შემდეგ გავიგე, რომ ყოფილ კოლეგას და მეგობარს სტრესის ფონზე თმის ნაწილობრივი ცვენა დაეწყო. ოღონდ ისინი, როგორც ადამიანების 99%, ამას მალავდნენ. ვტიროდი, თავს უკეთ ვიგრძნობდი, საკუთარი გამოცდილება რომ გაეზიარებინათ, სანამ ეს დამემართებოდა“ – ამბობს ანასტასია.
საკუთარი თავის არ უნდა გრცხვენოდეთ და 30 გრადუს სიცხეში პარიკით არ დადიოდეთ. თავიდან მკაცრ რეალობასთან შეგუება რთულია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ქალს აუცილებლად თმა უნდა ჰქონდეს და შეიღებოს? მთავარია, შინაგანი კომფორტი და ჯანმრთელობა. ახლობლებს არ აინტერესებთ, როგორ გამოიყურებით, მათთვის მნიშვნელოვანია, როგორ გრძნობთ თავს. რთულ დროში მატყუარეები და მოღალატეები ჩამოგშორდებიან, მაშინვე შეძლებთ უჭკუო ხალხის ამოცნობას, რომლებიც თქვენს ჩავლისას იცინიან.
რედაქციის რჩევა – ჩვენ ისე ვცდილობთ სხვისთვის თავის მოწონებას, რომ საკუთარი ღირებულებები გვავიწყდება. ნუ დაემსგავსებით ფარისევლებს, რომლებიც საზოგადოებაში გარევას ცდილობენ. უნივერსიტეტის მეორე კურსზე თავის გაპარსვა მომიწია. ვიცი, როგორია ბრბოს ირიბი გამოხედვა. მაშინ ვიწრო აზროვნების ხალხის არსს ხვდებით, მათი აზრი აღარ გაინტერესებთ. საკუთარ თავზე იზრუნეთ, სტრესს მოერიდეთ და სულელი ადამიანის მიერ ნასროლი თითოეული საწყენი ფრაზა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. სამწუხაროდ, სულელმა ხალხმა თავისი მთავარი დიაგნოზი არ იცის.