ვაშლის წვენი ყაბზობის დროს დაგეხმარებათ

689

დროდადრო ბევრ ადამიანს ყაბზობა, კუჭში შეკრულობა აწუხებს. როგორც წესი, ამის მიზეზია კუჭ–ნაწლავის ტრაქტში გადამუშავებული საჭმლის ნელი მოძრაობა, ნარჩენების დაგროვება, გამაგრება, რაც მათ მოშორებას ართულებს და ბუასილის, სწორი ნაწლავის დაზიანების რისკს ზრდის.ახალდაწურული გაუფილტრავი ვაშლის წვენი ან ვაშლის სმუზი შეიძლება ყაბზობის დროს დაგეხმაროთ, ამის შესახებ Food News წერს. ექსპერტების თქმით, ვაშლის წვენი განავალს ატენიანებს, არბილებს და ნაწლავების მოძრაობას აუმჯობესებს.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვაშლის წვენი ყაბზობას ამსუბუქებს, იმაში მდგომარეობს, რომ პექტინს შეიცავს. პექტინი მცენარის უჯრედულ კედელზე ბოჭკოა, ვაშლის რბილობში 20%–ს წარმოადგენს. სპეციალისტების თქმით, პექტინი, როგორც გელის მსგავსი ბოჭკო, წყალს ადვილად შთანთქავს და განავლის მასას აუმჯობესებს. ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში, ყაბზობის პრობლემების მქონე ადამიანებს პექტინის მიღების შემდეგ სიმპტომები შეუმსუბუქდათ.

და ბოლოს, ვაშლის წვენი შეიცავს სორბიტოლს, რომელსაც ნატურალური საფაღარათო ეფექტი აქვს. მკვლევარების თქმით, სორბიტოლი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლებზე მოქმედებით ნაწლავების მოძრაობას ხელს უწყობს.„დღეში 1 ჭიქა ვაშლის წვენის დალევა საუკეთესო მეთოდია, რომ ყაბზობა შეამსუბუქოთ. წვენი თავად შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის 3 ვაშლის რბილობი (შუაგულის გარეშე) დაჭყლიტეთ და წყალს აურიეთ“ – ამბობენ დიეტოლოგები.

ექიმები გაფრთხილებთ: ხილის წვენი ბევრ ნატურალურ შაქარს შეიცავს. მისი მედიკამენტად გამოყენება არ ღირს, თუ ყაბზობა ხშირდება. ექსპერტები გირჩევენ: თუ რეგულარულად ნაწლავების მოძრაობის პრობლემები გაწუხებთ ან ყაბზობას ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისხლდენა და წონის მოულოდნელი კლება, ექიმს მიმართეთ.