კვლევებით გამოვლინდა, რომ ორი სანელებლის, კურკუმას და შავი წიწაკის, კომბინაცია სიმსივნის პროფილაქტიკისთვის ეფექტური საშუალებაა.კურკუმა და შავი წიწაკა – ორი სანელებელი, რომლებიც მნიშვნელოვან ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობენ. ორივე შეიცავს ნაერთებს, რომლებიც სიმსივნის პრევენციისთვის ეფექტურია. კერძოდ, კურკუმა შეიცავს კურკუმინს. მეცნიერების მონაცემებით, კურკუმინს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს.თავის მხრივ, შავი წიწაკა ბიოაქტიური ნაერთის პიპერინის შემცველობით გამოირჩევა. ტეხასის უნივერსიტეტის კლინიკური კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ პიპერინთან ერთად კურკუმინის ათვისება უმჯობესდება. მეცნიერები ამბობენ, რომ „ამ ორი სანელებლის კომბინაციამ ჯანმრთელობაზე მათი სარგებელი შეიძლება გაზარდოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმსივნის პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე ვსაუბრობთ.“
სინჯარებში ცდებმა აჩვენა, რომ პიპერინით გააქტიურებული კურკუმინი სიმსივნის უჯრედების ზრდას, განვითარებას და გავრცელებას მოლეკულურ დონეზე აფერხებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სიმსივნის პრევენციას უზრუნველყოფს. მიჩიგანის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ცენტრის სპეციალისტებმა კურკუმინის და პიპერინის კომბინაცია სარძევე ჯირკვლებში ღეროვან უჯრედებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ ასეთი კომბინაცია „შეიძლება კიბოს პრევენციის პოტენციური აგენტი იყოს“. მათი თქმით, კურკუმინი და პიპერინი როგორც ერთად, ასევე ცალ–ცალკე სარძევე ჯირკვლებში ძუძუს კიბოს გამომწვევი ღეროვანი უჯრედების თვითგანახლებას აფერხებენ.