პაპრიკას სარგებელი ჯანმრთელობისთვის

481

ბევრ დიასახლის სამზარეულოში დაფქული წითელი პაპრიკა აქვს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა სარგებელი აქვს ამ სანელებელს ორგანიზმზე.

საჭმლის მონელებას აძლიერებს – პაპრიკას მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი თვისებები აქვს, რომელიც კუჭის წვენის გამოყოფას ზრდის, მადას არეგულირებს და ამით არაჯანსაღი კვებისკენ ლტოლვას ამცირებს. ნერწყვის ჯირკვლებს საჭმლის სწრაფად მონელებაში ეხმარება, ამით დიაბეტის და სიმსუქნის პრევენციას ხელს უწყობს. დამუშავებული და დაუმუშავებული საკვების ნარჩენების მოძრაობას ამსუბუქებს, ყაბზობის ალბათობას ამცირებს. პაპრიკა ნაწლავური დარღვევის, როგორიცაა ნაწლავების ანთებითი დაავადებები და წყლულოვანი კოლიტი, ალბათობას ამცირებს.

დამცავ ფუნქციებს აძლიერებს – პაპრიკა შეიცავს ბევრ C ვიტამინს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც ოპტიმალური იმუნიტეტის შენარჩუნებაში მთავარ როლს ასრულებს. ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტ რუტინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისება აქვს, რაც ინფექციებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. მთავარ კერძში, მათ შორის წვნიანსა და მეორე კერძში, ცოტა პაპრიკის დამატებით იმუნიტეტს დაიცავთ, ხველას, სურდოს და ცხელებას თავიდან აიცილებთ.

კანს კურნავს და აუმჯობესებს – პაპრიკა მდიდარია მნიშვნელოვანი მიკროელემენტით, თუთიით, რომელიც კოლაგენის სინთეზში მონაწილეობს და დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას ხელს უწყობს. პაპრიკა შეიცავს კატეხინებს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც სიბერეს ეფექტურად ანელებს და კანს აახალგაზრდავებს. ამ სანელებელში შემავალი ბეტა კაროტინი ღრმა ხაზების, ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენას მინიმუმამდე ამცირებს, კანს ახალგაზრდულს, ბზინვარეს და ზეგლუვს ხდის.

ძვლებს აძლიერებს – ძვლების სიძლიერის შესანარჩუნებლად აუცილებელი ფოსფორის შემცველობით პაპრიკა შემაერთებელ ქსოვილებს აძლიერებს. ამ სანელებლის რეგულარული მიღება ძვლების სერიოზულ დაავადებებს (ოსტეოპოროზი, ართრიტი) აფერხებს. ფოსფორი კბილის ქსოვილებში კალციუმის ათვისებას არეგულირებს, ამით ღრძილებს და ყბის ძვლებს ამაგრებს.

ნერვებს იცავს – პაპრიკაში შემავალი ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტები ტვინის უჯრედებს სასარგებლო ნეიროდამცავ თვისებებს ანიჭებს. ანტოციანინების კლასის ფენოლის ნაერთები ნეირონებს, ტვინის უჯრედებს, დაზიანებისა და ტრავმისგან იცავენ. ამრიგად, პაპრიკა ნეიროდეგენერაციული დარღვევის (ალცჰაიმერის დაავადება) ალბათობის შესამცირებლად სასარგებლოა.

გულს აძლიერებს – E ვიტამინის და ომეგა 3–ის მდიდარი შემცველობით პაპრიკა „ცუდი“ ქოლესტერინის, ასევე ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს. გარდა ამისა, არტერიულ წნევას ამცირებს და არტერიებში დაძაბულობას ასუსტებს. შედეგად, გულ–სისხლძარღვთა სერიოზულ პათოლოგიებს, როგორიცაა ათეროსკლეროზი აფერხებს. ეს ანტიოქსიდანტი ანტოციანინის შემცველობით არის განპირობებული.

სიმსივნეს აფერხებს – სანელებელში შემავალი პოლიფენოლის კლასის ანტიოქსიდანტები სიმსივნის თავიდან ასაცილებლად წარმოუდგენლად სასარგებლოა. ეს ნაერთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების (თირკმლები, ღვიძლი, ძვალი) ჯანმრთელ უჯრედებს მავნე თავისუფალ რადიკალებს აშორებს და ორგანიზმის ციტოდამცავ თვისებებს აძლიერებს. ჯანსაღი უჯრედების უკონტროლო დაყოფას, რაც სიმსივნეს იწვევს, ხელს უშლის.

მხედველობას აუმჯობესებს – პაპრიკა მდიდარია A ვიტამინთან დაკავშირებული ფიტონუტრიენტებით, კაროტინოიდებით, ამიტომ მწიკვი პაპრიკის სალათაში, წვნიანსა და ხორციან კერძში დამატებით, თვალის ჯანმრთელობას აუმჯობესებთ. ლუთეინის, ზეაქსანტინის და ბეტა კაროტინის შემცველობით სანელებელი მხედველობის ნერვის, ბადურას, რქოვანას, ბროლის და თვალის სხვა ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს, ამასთან ყვითელი ლაქის ასაკობრივი დეგენერაციის, გლაუკომას და კატარაქტის განვითარების რისკებს ამცირებს.

სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს – ახალი, ჯანსაღი ერითროციტების საწარმოებლად რკინა მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელსაც პაპრიკა დიდი რაოდენობით შეიცავს. სანელებელი ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების ორგანოებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პაპრიკა ორგანიზმს აწვდის ბევრ C ვიტამინს, რომელიც ქსოვილებში რკინის ათვისებას აძლიერებს, ამით ანემიას აფერხებს, რომელიც ძლიერ სისუსტეს, მოთენთილობას და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.

უძილობას კურნავს – პაპრიკა შეიცავს ბევრ B6 ვიტამინს ან პირიდოქსინს, რომელიც ძლიერი მკვებავი ნივთიერებაა და ნევროლოგიურ ფუნქციებსა და ტვინის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. მელატონინის, ძილის ჰორმონის სინთეზს ხელს უწყობს, უძილობას აქრობს და ღამით მშვიდ დასვენებას ხელს უწყობს. მწიკვი პაპრიკა ვახშამზე მთავარ კერძს დაუმატეთ და სეროტონინის ნეირომედიატორულ აქტივობას შეინარჩუნებთ, განწყობას აიმაღლებთ, სტრესს და დეპრესიას მოიშორებთ.