აღიარეთ, რომელ ცომს ამზადებთ ყველაზე კარგად? ღვეზელის, ბლინის, ოლადის და პურის ცომის იმდენი რეცეპტი არსებობს, რამდენი დიასახლისიც, რომელთაც ცხობა უყვართ. თითოეულს წლების მიერ გამოცდილი საკუთარი საფირმო რეცეპტი აქვს. ზოგიერთ სახეობასთან დამეგობრება არაფრით გამოგვდის, საცხობში ყიდვა უფრო მარტივია. უფრო მარტივი, მაგრამ ნაკლებად გემრიელია. Vivien გასწავლით როგორ მოამზადოთ ცომი ნებისმიერი შემთხვევისთვის: სწრაფი ცომი კეფირზე, საფუარის ცომი, იდეალური ბისკვიტი და გემრიელი ცომი პელმენისთვის. იცით თუ არა, რომ ფენოვანი ცომის სწრაფად მომზადება შეიძლება? რძეზე მომზადებული ბლინი უფრო თხელი და ნაზია. მთავარია, კარგი რეცეპტი იცოდეთ.
სწრაფი ცომი კეფირზე – კეფირზე მოზელილი ცომი გამოგადგებათ ღვეზელისთვის შიგთავსით და ფაფუკი ოლადებისთვის. ამ ცომით შეგიძლიათ ფუნთუშები შიგთავსის გარეშეც გამოაცხოთ. ნაზი, ფაფუკი ცომეული გამოვა კარაქის არომატით და ლამაზი მოწითალო ქერქით. ოლადების ცომს მეტი კეფირი დაუმატეთ, ხოლო ფუნთუშას ცომისთვის რეცეპტი არ შეცვალოთ.
ინგრედიენტები:
- 250 მლ კეფირი
- 400 გ ფქვილი
- 1 კვერცხი
- 25 მლ მცენარეული ზეთი
- 40 გ კარაქი
- 1 ს/კ შაქარი
- 0,5 ჩ/კ სოდა
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ღრმა თასში კეფირი, კვერცხი, მარილი, შაქარი და სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
- ფქვილი და კარაქი აურიეთ. კეფირის მასას დაუმატეთ.
- ცომი მოზილეთ, სანამ ხელზე აღარ მოგეკვრებათ.
- თანაბარ ნაწილებად დაყავით, პირსახოცი გადააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ. გემოვნებით შიგთავსი დაუმატეთ ან ცარიელი ცომი საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ.
ცომი რძეზე ბლინებისთვის – პირველი ბლინი მხოლოდ მას უფუჭდება, ვინც იდეალური პროპორციები არ იცის. ზოგი ცომს წყალს უმატებს, რომ ბლინი თხელი და აჟურული გამოვიდეს. ზოგს სქელი ბლინი უყვარს, რომ კარგად დანაყრდეს, და მეტ ფქვილს უმატებს. ბლინი თხელი და ნაზი რომ გამოვიდეს, გადაბრუნებისას არ გაიხეს, რეცეპტს მიყევით.
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 5 კვერცხი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 2,5 ჭიქა რძე
- 1 ს/კ შაქარი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- კვერცხი, 2 ს/კ შაქარი და მწიკვი მარილი აურიეთ.
- ფქვილი გაცერით და რძე დაუმატეთ. ყველაფერს აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- ცომს მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ტაფა გააცხელეთ. ტაფას ზეთი წაუსვით და ბლინები ორივე მხრიდან შეწვით.
- ბლინები მაგიდაზე კარაქთან ერთად გაიტანეთ ან ცხობისას წაუსვით, რომ ნაზი დარჩეს. ასეთი ბლინი ტკბილ ან მარილიან შიგთავსთან ერთად ძალიან გემრიელია. გემრიელად მიირთვით.
ფენოვანი ცომი – ვინ თქვა, რომ ფენოვანი ცომის მომზადებას დიდი დრო და ტანჯვა სჭირდება?დაგიმტკიცებთ, რომ მის მომზადებას 15 წუთში შეძლებთ. იდეალური ცომია, რომ დილა ფინჯანი ყავით და ხრაშუნა ცხელი კრუასანით დაიწყოთ.
ინგრედიენტები:
- 500 გ ფქვილი
- 200 გ კარაქი
- 250 მლ კეფირი
- 1 კვერცხი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ფქვილი გაცერით და 50 გ ცომის გასაბრტყელებლად გვერდზე გადადეთ. დანარჩენი ფქვილი, კეფირი, კვერცხი და მწიკვი მარილი აურიეთ და ელასტიური ცომი მოზილეთ.
- ცომი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. კარაქი 3 ნაჭრად დაჭერით.
- 1 ნაჭერი კარაქი ცომის ცენტრში ჩადეთ და ცომი კონვერტივით დაკეცეთ. ცომი გააბრტყელეთ და პროცესი დანარჩენ კარაქის ნაჭრებთან გაიმეორეთ.
- ცომი მაცივარში გააგრილეთ. პარკში გაახვიეთ და 30 წუთით გაგრილება აცადეთ. ახლა შეგიძლიათ კრუასანი, ხაჭაპური, ფენოვანი ან სხვა გემრიელი ღვეზელი მოამზადოთ.
პელმენის ცომი – პელმენი გემრიელი და წვნიანი გამოვა, თუ ხარშვისას არ იშლება. მაღაზიაში ნაყიდი პელმენის გემო შინაურულისგან ძლიერ განსხვავდება. საქმე არა მხოლოდ შიგთავსში, არამედ ცომის გემოშია. აი, წაუგებელი რეცეპტი.
ინგრედიენტები:
- 500 გ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 200 მლ ცივი წყალი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
- 0,5 ჩ/კ მარილი
მომზადების წესი:
- კვერცხი, მარილი, წყალი და გაცრილი ფქვილი აურიეთ.
- ცომი კუთხიდან ცენტრისკენ აურიეთ. როცა ერთგვაროვანი გახდება, ხელით მოზილეთ.
- მცენარეული ზეთი დაუმატეთ და მოზელა გააგრძელეთ. ახლა მაცივარში 20-30 წუთით გააჩერეთ და შემდეგ პელმენის ან გირცის მომზადება დაიწყეთ.
საფუარის ცომი – საფუარის ცომით და დარიჩინით ფუნჩულებს ყველაზე უკეთ ბებია აცხობდა. მისგან საოცარი ცომის რეცეპტი მივიღე: ფაფუკი, არომატული და ნაზი გემოსი.
ინგრედიენტები:
- 50 გ დაპრესილი საფუარი
- 2 ს/კ შაქარი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 300 მლ თბილი წყალი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- თბილ წყალში საფუარი და შაქარი გახსენით. აფუებულ ცომს პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ (ღუმელში შეგიძლიათ შედოთ).
- როცა ცომი ამოვა, მცენარეული ზეთი და მარილი დაუმატეთ. ცომი 15 წუთით პირსახოცის ქვეშ გააჩერეთ.
- ახლა პიცისთვის ცომი გააბრტყელეთ ან ფუნჩულები გააკეთეთ. თუ ფუნჩულას აცხობთ, ცხობის წინ კიდევ 15 წუთით გააჩერეთ.
კლასიკური ბისკვიტი – ფაფუკი ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის გულის და ცილის დაცალკევება აუცილებელი არაა. მთავარია პროპორციები ზუსტად დაიცვათ. ტორტის ბისკვიტები თანაბრად ლამაზი რომ გამოვიდეს, თითოეული ბისკვიტისთვის კვერცხი თანაბარი რაოდენობით ათქვიფეთ. ბისკვიტი ცხობის შემდეგ რომ არ დავარდეს, სიმინდის სახამებელი დაუმატეთ. აი, იდეალური რეცეპტი 20 სმ ფორმის ბისკვიტისთვის.
ინგრედიენტები:
- 130 გ ფქვილი
- 4 კვერცხი
- 100 გ შაქარი
- 15 გ ვანილის შაქარი
- 1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
მომზადების წესი:
- კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ მოცულობაში 3–ჯერ არ გაიზრდება და არ გათეთრდება. ათქვეფისას შაქარი რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ. ათქვეფის დრო მიქსერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. საშუალოდ 10-12 წუთი სჭირდება.
- კვერცხის მასას ვანილის შაქარი და გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. კუთხიდან ცენტრისკენ, ქვემოდან ზემოთ სილიკონის ნიჩბით სწრაფად აურიეთ.
- ნარევი ცხიმ წასმულ ფორმაში გადაასხით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-45 წუთით აცხვეთ. ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.