მეცნიერები ამბობენ, რომ დღეგრძელი ცხოვრების გასაღები შეიძლება პარკში სეირნობა იყოს.კვლევამ, რომელშიც თითქმის 5000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ცხოვრების რამდენიმე წლით გახანგრძლივების მარტივი მეთოდი არსებობს. ეს დღეში 10 წუთით ფიზიკურ აქტივობას გულისხმობს.
„დღეში მხოლოდ 10 წუთი დამატებითი ვარჯიში წლიური სიკვდილიანობის დონეს 7%–ით ამცირებს. 20 წუთი – 13%–ით, ხოლო ნახევარი საათი – 17%–ით“ – აცხადებენ მერილენდის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლები.მათი დასკვნები 40-85 წლის ადამიანებზე დაკვირვების შედეგებს ეფუძნება. კვლევის მონაწილეები მეცნიერების დავალებით აქსელერომეტრებს ატარებდნენ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ყოველდღე 10 წუთით ფეხით სიარულიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. სეირნობა ან ველოსიპედის ტარება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ხაზს უსვამენ მეცნიერები.
მათი თქმით, ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდია, რომ შეებრძოლოთ ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს, სიმსუქნეს და მარტოობას – ცნობილ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს ამოკლებენ.შეგახსენებთ, რომ ექიმები ზრდასრულ ჯანმრთელ ადამიანებს კვირაში მინიმუმ 150 წუთით ფიზიკურ აქტივობას ურჩევენ. ინტენსიური აერობული აქტივობის შემთხვევაში კვირაში 75 წუთი საკმარისია.