კვლევებმა აჩვენა, რომ კივი, რომელიც C ვიტამინით მდიდარია, ვისცერალური ცხიმის წვის სიჩქარეს ზრდის.
ვისცერალური ცხიმი მუცლის მიდამოში გროვდება და ჰორმონების მუშაობას არეგულირებს. მის სიჭარბეს პოტენციურად სახიფათო შედეგი შეიძლება ჰქონდეს. კერძოდ, გულის დაავადებების განვითარების რისკი იზრდება, რადგან ვისცერალური ცხიმი სპეციფიკურ ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს. მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგიერთი პროდუქტის მიღება ამ ცხიმის შემცირებაში დაგეხმარებათ. ისინი კივის მიღებას გვირჩევენ.
ჟურნალმა Nutrients გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით კივი სისხლში შაქრის დონის კონტროლს აუმჯობესებს, რაც ცხიმის და წონის კლებას უკავშირდება. ექსპერიმენტის მონაწილეები ყოველდღე 12 კვირის განმავლობაში 2 კივს ჭამდნენ. ამ დროში პლაზმაში C ვიტამინის დონის მნიშვნელოვანი მატება, ასევე დიასტოლური და სისტოლური წნევების შემცირება, წელის და წელი–თეძოს თანაფარდობის შემცირება დაფიქსირდა.
„კივი შეიცავს ფერმენტს, აქტინიდინს, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. კარგი საჭმლის მონელება და წონის კლება ერთად ხდება“ – აღნიშნავენ მკვლევარები.
მეცნიერების თქმით, 1 კივი, მინიმუმ 69 გრამის, დაახლოებით 64 გრ C ვიტამინს შეიცავს. სწორედ ის ფიზიკური ვარჯიშისას სხეულში ცხიმის წვას აჩქარებს. „ბეწვიანი“ ხილი სხვა აქსიოდანტების, მათ შორის ქოლინის, ლუტეინის და ზეაქსანტინის, კარგი წყაროა, რომლებიც ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს გამოდევნიან. კვლევის ავტორების აზრით, კივის მიღება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ვისცერალურ ცხიმს მნიშვნელოვნად შეამცირებს, ხოლო C ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება ადამიანს ცხიმოვანი მასის დაგროვების მიმართ უფრო მდგრადს გახდის.