ინა ნატურალური საღებავია, რომელიც ყველაზე პოპულარული ინდოეთშია. მისი დახმარებით ინდოელი პატარძლები კანზე სხვადასხვა ფორმებს იხატავენ. ეს არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლო საღებავია. ინით შეგიძლიათ თმის ნიღაბი გაიკეთოთ და პარალელურად თმა მუქ ფერში შეიღებოთ. ინის ნიღაბს სახის კანზე გამაღიავებელი ეფექტი აქვს.როგორ აღიავებს მუქი ნატურალური საღებავი კანს? ძალიან მარტივად! მოკრძალებულ ფასად უფერო ინას იპოვით, რომელიც კანსა და თმაზე კვალს არ ტოვებს, მაგრამ მათ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ ინის ნიღბები სახისა და თმისთვის.
თმის ნიღაბი – ინის ნიღაბს სხვადასხვა მეთოდით ამზადებენ. ყველაზე მარტივი: ინა ცოტა თბილ წყალს აურიეთ. სქელი არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. ნიღაბი თმაზე წაისვით, პარკით და პირსახოცით შეიფუთეთ. 40 წუთში ჩამოიბანეთ.გაითვალისწინეთ, ინა თმას ძლიერ აშრობს. მშრალი თმა რომ არ დატყდეს, ნიღაბს ერთი კვერცხის გული და ცოტა კოსმეტიკური ზეთი (მაგალითად, ვარდის ზეთი) აუცილებლად დაუმატეთ. ჟოჟობას, მაკადამიის და ქოქოსის ზეთიც გამოგადგებათ.ინზე დაფუძნებული ნიღაბი თმის მტვრევადობას ამცირებს და ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. პროცედურის დასრულებისთანავე თმა ძლიერი და მკვრივი ხდება. 2-3 პროცედურის შემდეგ თმის ცვენა მნიშვნელოვნად შემცირდება.
სახის ნიღაბი – როგორც უკვე გითხარით, ინის ნიღაბი კანს აშრობს. ასევე მასზე დაფუძნებული ნიღაბი სახის ფერს ათანაბრებს, მკვდარ უჯრედებს აშორებს და კანს არბილებს. ეფექტს პროცედურის დასრულებისთანავე დაინახავთ. სახის კანი სისუფთავით იბრწყინებს.სახის ნიღბის მოსამზადებლად უფერო ინა თბილ წყალში გახსენით. ისეთი ზეთი დაუმატეთ, რომელიც ფორებს არ ახშობს. მაგალითად, ნუშის ან ავოკადოს ზეთი.პროცედურის წინ სახე კარგად გაიწმინდეთ: მაკიაჟი მოიშორეთ, სახე ტონიკით დაიმუშავეთ. ახლა ინის ნიღაბი წაისვით. სახეზე 10-15 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.პროცედურის შემდეგ სახეზე დღის კრემი აუცილებლად წაისვით. ის კანს კარგად ამშვიდებს. ინის ნიღაბი ყოველჯერზე ახლებურად მზადდება. მზა ნარევის შენახვას არ გირჩევთ, რადგან ასე სარგებელი არ ექნება. ასეთი მარტივი მეთოდით მისი მომზადება არ გაგიჭირდებათ, გვეთანხმებით?