როგორი მოვლა სჭირდება იორდასალამს აგვისტოში? ვივიენი გიამბობთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ მომავალ წელს „ყვავილების პრინცესამ“ თავისი შთამბეჭდავი, მდიდრული და მათრობელა ყვავილებით კიდევ ერთხელ გაგახაროთ.
იორდასალამი აგვისტოში
თუ ვარდი ყვავილების დედოფლად არის აღიარებული, იორდასალამი პრინცესაა. საკითხავია, მათგან რომელია უფრო მშვენიერი და სურნელოვანი. ჩინელი მებაღეები იორდასალამის გაშენებით ჯერ კიდევ ცინის დინასტიის პერიოდში, 2000 წელზე მეტი ხნის წინ დაინტერესდნენ. ევროპაში მე-18 საუკუნეში გამოჩნდა და გვირგვინოსანი არსება მაშინვე შეუყვარდათ. ტყუილად არ რთავდნენ ამ ყვავილებით სასახლეებს, ხატავდნენ, ყველაზე დახვეწილ დიდგვაროვნების მამულებში აშენებდნენ.
ძველი ბუჩქის გადაჭრა და გაყოფა
აგვისტოს პირველ ნახევარში ყვავილზე მომავალი წლის კვირტები ფორმირდება. თვის ბოლოდან შუა სექტემბრამდე ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რომ გადაჭრათ და გაყოთ. გაყოფა საშუალებას მოგცემთ ბუჩქების რაოდენობა გაზარდოთ, ძველი მცენარე გაახალგაზრდავოთ, ყვავილების გაფერმკრთალება და ზომაში შემცირება არ დაუშვათ. ბალახოვანი ჯიშებისთვის ასეთი პროცედურა ყოველ 4-5 წელიწადში უნდა ჩაატაროთ, ხოლო ხის ჯიშებისთვის 5-6 წლის ასაკში.
პირველ რიგში, სეკატორით შეიარაღდით და ღერო მისი სიმაღლის მესამედ ნაწილზე გადაჭერით. თოკით შეკარით, რომ გაყოფის დროს არ გადატეხოთ. მცენარე ცენტრიდან 25 სმ-ს დაშორებით ამოთხარეთ. მიწიდან ფრთხილად ამოიღეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფესვები არ დაზიანდეს. მიწა ჩამოფერთხეთ და ნარჩენები გამდინარე წყლით მოაშორეთ. ყველა საეჭვო, დიდი, დამპალი ნაწილი მოაშორეთ. ფესვები დაყავით ფრაგმენტებად. თითოეული 3-5 კვირტს და 10-20 სმ რამდენიმე ფესვს უნდა შეიცავდეს. მარგანცოვკის სუსტ ხსნარში ნახევარი საათით ჩაალბეთ, შემდეგ გააშრეთ და ხის ფერფლი მოაყარეთ.
როგორ დავრგოთ კალმები – აირჩიეთ ადგილი, სადაც მზე მინიმუმ 4-5 საათით ანათებს. რამდენიმე კვირით ადრე დასარგავი ორმოები (50X70 სმ) ამოთხარეთ და ნაყოფიერი მიწით გაავსეთ. ახლა მიწა დაჯდომას მოასწრებს და მცენარე უკეთ გადარჩება.მზა ფესვის ნაწილი ორმოში ჩადეთ ისე, რომ ფესვის ყელზე ზედა კვირტი მიწის დონიდან 3-5 სმ–ს ქვემოთ იყოს. უხვად მორწყეთ, ყინვების წინ ტორფის მულჩით დაფარეთ. ადრე გაზაფხულზე მულჩი მოაშორეთ, რომ იორდასალამის ფესვები არ გამოვიდეს.
ახალგაზრდა ბუჩქებმა ფესვების სისტემა რომ განავითაროს, პირველ წელს ყვავილობის უფლება არ მისცეთ და ყველა კოკორი გადაჭერით. ასე 3 წელში თქვენი იორდასალამი დიდი, ფუმფულა ყვავილების ბურთებით გაგახარებთ.