რომელ ბაღის და ბოსტნის მფლობელს არ უნახავს ბუგრები საკუთარ ნაკვეთზე? ერთი შეხედვით, ყველგან მძრომი მწერების მოშორება ქიმიკატების გარეშე შეუძლებელია. არადა ამ შხამებით მცენარეების დამუშავება არ გვსურს. Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ბუგრები.
ბუგრებთან ბრძოლა რთულია. ისინი სწრაფად მრავლდებიან, ბაღის და ბოსტნის კულტურებში ცხოვრება შეუძლიათ. თუ ნაკვეთზე ბუგრებით დაავადებული ერთი მცენარე მაინც გამოჩნდა, მალე დაავადება სხვა მცენარეზეც გავრცელდება. პირველ რიგში, ბუგრები ფოთლებს აზიანებს. შეჭმული და დახვეული ფოთლები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს და მცენარეში ნივთიერებათა ცვლა ირღვევა.
ხალხური საშუალებები ბუგრების მოსაშორებლად
Vivien–მა თქვენთვის საუკეთესო ხალხური რეცეპტები შეაგროვა, რომელთა დახმარებით ბოსტანში ბუგრებს ქიმიკატების გარეშე მოიშორებთ.
ნაცრით და საპნით დანამვა
გამოცდილი მებაღეები ასეთი დანამვის რამდენიმე ვარიანტს იყენებენ. თითოეული ერთნაირად ეფექტურია, ამიტომ თქვენთვის უფრო კომფორტული რეცეპტი აირჩიეთ.
რეცეპტები:
- 300 გრ დიასახლისის საპონი 10 ლ წყალში გახსენით. თუ თხევადი საპონი გაქვთ, მაშინ 125 მლ საპონი 10 ლ წყალს დაუმატეთ.
- 100 გრ კუპრის საპონი 10 ლ წყალში გახსენით. პულვერიზატოში გადაასხით და დაზიანებული მცენარე დაამუშავეთ.
- 250 გრ ხის ნაცარი 10 ლ წყალში გახსენით. ხსნარი ადუღებამდე მიიყვანეთ და 30 წუთით ხარშეთ. გამოყენების წინ 40 გრ დიასახლისის საპონი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
მცენარეული ნაყენები
ბუგრების მოსაშორებლად სხვადასხვა მცენარე შეგიძლიათ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ნაყენი ძალიან კონცენტრირებულია, ამიტომ გამოყენების წინ წყალში გააზავეთ.
რეცეპტები:
- 300 გრ დაქუცმაცებულ ხახვს 1 ლ წყალი დაასხით. 5 საათით ბნელ ადგილას დააყენეთ. ხახვის ფურცლებიც შეგიძლიათ დაუმატოთ.
- 200 გრ ნიორი წვრილად დაჭერით, 1 ლ წყალი დაასხით და რამდენიმე საათით დააყენეთ. გამოყენების წინ 25 მლ ნაყენი 10 ლ წყალში გააზავეთ.
- 300 გრ ბაბუაწვერას ფოთლები და 200 გრ ბაბუაწვერას ფესვები 10 ლ წყალში 4 საათით დააყენეთ.
- 100 გრ გვირილას ხმელ ყვავილებს 1 ლ წყალი დაასხით. დასაყენებლად გვირილას ნებისმიერ აფთიაქში იყიდით. გამოყენების წინ 1:3 პროპორციით გააზავეთ.
- 300 გრ ცხარე წიწაკა 10 ლ წყალში რამდენიმე საათით დააყენეთ. გამოყენების წინ 1 ლ ნაყენი 10 ლ წყალში გააზავეთ. საშუალებამ შეიძლება მცენარე დაწვას, ამიტომ თავიდან პატარა ნაკვეთზე გამოიყენეთ.
- ნახევარი ვედრო ხავერდა ყვავილებიანად დაჭერით. ვედრო ბოლომდე წყლით გაავსეთ და 2 დღე დააყენეთ. გამოყენების წინ გაწურულ ნაყენს 40 გრ საპონი დაუმატეთ.
სხვა ხალხური საშუალებები
1. არყის კუპრი
ამ ეფექტურით საშუალებით ბუგრებს მოკლე დროში მოიშორებთ. საქმე მკვეთრ სუნშია, რომელიც სხვადასხვა მწერებს აფრთხობს. არყის კუპრი შესანიშნავი რეპელენტია, რომელიც მავნებლებს აფრთხობს. ხსნარის მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 10-15 გრ არყის კუპრი
- 50 გრ დიასახლისის საპონი
- 10 ლ წყალი
მომზადება:
- საპონი წვრილად დაჭერით ან გახეხეთ.
- საპონი და კუპრი 10 ლ წყალში გახსენით.
ხსნარი აურიეთ. პულვერიზატორში ჩაასხით და საღამოს გამოიყენეთ. კუპრის ეფექტის გახანგრძლივებას სხვა საშუალებებთან კომბინაციით შეძლებთ.
2. რძე და იოდი
ასეთი ნარევით არა მხოლოდ ბუგრებს მოიშორებთ, არამედ მცენარეს სხვა დაავადებებისგან დაიცავთ. მას საპროფილაქტიკო საშუალების თვისებები აქვს.
ინგრედიენტები:
- 0,5 მლ იოდი (25-30 წვეთი)
- 0,5 ჭიქა რძე
- 1 ლ წყალი
მომზადება:
- რძე და იოდი აურიეთ ისე, რომ რძე ყვითლად შეიღებოს.
- წყალი პულვერიზატორში გადაასხით, რძისა და იოდის ნარევი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ ყველა კომპონენტი ერთმანეთს შეერიოს.
დარწმუნებული ვართ, რომ ამ ხალხური საშუალებებით ბუგრებს სწრაფად მოიშორებთ, მცენარეებს დაიცავთ და ჯანსაღ იერს მიანიჭებთ. აირჩიეთ რეცეპტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. უკეთესი ეფექტის მისაღებად რამდენიმე რეცეპტი მორიგეობით გამოიყენეთ.