ხანგრძლივი ზამთრის და არა ნაკლებ დამქანცველი გაზაფხულის შემდეგ დიდებული თმის გარეშე დავრჩი. თმა მშრალი, მტვრევადი და დასუსტებული გახდა. სად გაქრა მათი ბზინვარება და სისქე? პრობლემის მოგვარება კომპლექსური მეთოდით ვცადე. თავდაპირველად, ბევრ ვიტამინს ვსვამდი, შემდეგ ახალი ხილის და ბოსტნეულის მირთმევა დავიწყე. თუმცა მთვლემარე თმის ფოლიკულების გაღვიძება აღმდგენი პროცედურის დახმარებით შევძელი.
ვფიქრობდი, რომ სილამაზის სალონში წასვლას გვერდს ვერ ავუვლიდი. ამ საკითხში სპეციალისტები ხომ უკეთ ერკვევიან. მეგობარმა უკიდურესობის გადადება და ჯერ შინაურული საშუალების გამოყენება მირჩია. მართალი აღმოჩნდა. შინაურული ნიღბები მძინარე თმის ფოლიკულების გაღვიძებაში დამეხმარა.
თმის გამაჯანსაღებელი ნიღაბი
თითო სუფრის კოვზი აბუსალათინის, ნუშის, ზეითუნის და ბირკავას ზეთები აურიეთ. 1 ს/კ კედრის კაკლის და 1 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. ფუნჯით აურიეთ და ნარევი თმის ძირებზე წაისვით.
თითის ბალიშებით 10-15 წუთით სკალპში შეიზილეთ. შემდეგ პარკი დაიფარეთ, ზემოდან პირსახოცით შეიფუთეთ. ნიღაბი ნახევარი საათით გააჩერეთ. შემდეგ თმა ჩვეული მეთოდით დაიბანეთ.
ნიღაბი თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად
200 გრ კეფირი, 2 კვერცხის გული და 1 ს/კ მდოგვი აურიეთ. ფუნჯით თმის ძირებზე წაისვით, შემდეგ მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. თავზე პარკი დაიფარეთ, პირსახოცი შემოიხვიეთ. 40-60 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თავი შამპუნით დაიბანეთ. ბოლოს მუხის ქერქის, ჭინჭრის ან სალბის ნახარში გადაივლეთ.
თმის გამაძლიერებელი ნიღაბი
50 მლ ბირკავას ზეთი 0,5 ჩ/კ წითელ წიწაკას აურიეთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი ჯერ მაჯაზე წაისვით და კანის რეაქციას დააკვირდით. თუ მსუბუქ წვას გრძნობთ, თმის ძირებზე შეგიძლიათ წაისვათ.
20-25 წუთით გაიჩერეთ, პარკით და ზემოდან პირსახოცით შეიფუთეთ. სამკურნალო ბალახების ნახარშით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილა, სალბი, ბარამბო ან ჭინჭარი.
ნიღაბი თმის გასასქელებლად
200 მლ თბილი რძე, 1 ჩ/კ მშრალი საფუარი და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. ჭურჭელს პირსახოცი დააფარეთ და სითბოში გააჩერეთ. 1 საათში ნიღაბი ფუნჯით თმის ძირებზე წაისვით. ნიღაბი მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.
ნიღაბი 1 საათით გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. თმაზე ჭინჭრის ან როზმარინის ნახარში 1 ს/კ ვაშლის ძმართან ერთად გადაივლეთ. ის თმას ხავერდოვნებას მიანიჭებს.
ნიღაბი თმის მოცულობისთვის და გასაძლიერებლად
200 მლ კეფირი, 1 ჩ/კ კაკაო და 1 კვერცხი აურიეთ. ნარევი თმის ძირებზე წაისვით. ნიღაბი 1 საათით პარკის და პირსახოცის ქვეშ გაიჩერეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით ჩამოიბანეთ.
თქვენ როგორ ამზადებთ თმის შინაურულ ნიღბებს თუ უპირატესობას კოსმეტიკურ საშუალებებს ანიჭებთ? რამდენად ხშირად დადიხართ სილამაზის სალონებში? როგორ თვლით, ეფექტურია შინაურული ნიღბები მძინარე თმის ფოლიკულების გასაღვიძებლად?