ზოგჯერ ფეხები ისე გვიოფლიანდება, რომ ფეხსაცმლის გახდაც გვრცხვენია. ამაში უცნაური არაფერია. დროდადრო მსგავსი პრობლემა ყველას აწუხებს. თქვენ შეგიძლიათ ტალკი და სპეციალური დეოდორანტი გამოიყენოთ, რომ უსიამოვნო სუნის პრობლემა თავიდან აიცილოთ.
ფეხსაცმლის სარეცხ მანქანაში ხშირად გარეცხვა არ შეიძლება. Vivien ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის გასაქრობად ხალხურ მეთოდებს გთავაზობთ.
როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს ოფლის სუნი
ძმარი
ძმარს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ. მაგალითად, ობის მოსაშორებლად, ქვაბის გასაწმენდად, ძველი საჭრელი დაფის სადეზინფექციოდ. ძმარი უსიამოვნო სუნსაც უმკლავდება.
წყალი და ძმარი თანაბარი პროპორციებით აურიეთ და ბოთლში ჩაასხით. ამით ფეხსაცმელი დაამუშავეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ფეხსაცმელი ახალივით იქნება. ძმრის სუნს კი ვეღარ იგრძნობთ.
სოდა
სოდა სამზარეულოში უცვლელი დამხმარეა. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით სუნს და ტენს კარგად იწოვს. ფეხსაცმელში ჩაყარეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გადმოფერთხეთ, სველი ჩვრით შიგნიდან გაწმინდეთ. სოდის ნაცვლად შეგიძლიათ გამაფხვიერებელი გამოიყენოთ.
ჩაის პაკეტი
მშრალი ჩაი თავად სასიამოვნო არომატს ფლობს და უსიამოვნო სუნს კარგად იწოვს. ჩაის პაკეტი ფეხსაცმელში ჩადეთ და დილით ოფლის სუნს ვეღარ იგრძნობთ.
წყალბადის ზეჟანგი
ოფლით გაჟღენთილი ფეხსაცმელი ბევრ ბაქტერიას შეიცავს, რაც უსიამოვნო სუნს კიდევ უფრო ამძაფრებს. წყალბადის ზეჟანგი ბაქტერიებს შესანიშნავად ანადგურებს. სწორედ ამიტომ ფეხსაცმელი წყალბადის ზეჟანგში გაჟღენთილი ბამბის დისკით ყველა მხრიდან გაწმინდეთ.
ლიმონი
ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის გასაქრობად ლიმონის ნაჭრები საუკეთესო საშუალებაა. ჯერ 3%–იანი წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ, შემდეგ საპნით გარეცხეთ. როცა გაშრება, შიგნით ლიმონის ნაჭრები ჩადეთ. ლიმონს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ლიმონის ეთერზეთი კი ფეხსაცმელს სასიამოვნო არომატს ანიჭებს.
თუ ახალი ლიმონი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის ქერქი. ასევე ალტერნატივის სახით ნებისმიერი ციტრუსი (ლაიმა, ფორთოხალი) გამოგადგებათ.
ასეთი მარტივი ხრიკებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს დაივიწყებთ.