კიტრი საკმაოდ მომთხოვნი და პრეტენზიული კულტურაა. მას კომფორტული პირობები უნდა შეუქმნათ, რომ სრულყოფილად გაიზარდოს და განაყოფიერდეს. ზოგჯერ ფერმერები ჩივიან, რომ კიტრი სათანადო მოვლის პირობებშიც, ერთი შეხედვით უმიზეზოდ,ზრდის ტემპს ანელებს. Vivien მდგომარეობის გამოსასწორებლად მკვებავი სასუქების გამოყენებას გირჩევთ.
საფუარის ხსნარი
საფუარზე დაფუძნებული ხსნარი კიტრს ისეთი მიკროელემენტებით ამდიდრებს, როგორიცაა ფოსფორი, რკინა, აზოტი და მანგანუმი. მცენარის ფესვების სისტემასა და ფოთლების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.
1 ვედრო (10 ლ) წყალს 10 გრ მშრალი საფუარი და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. 1 დღე გააჩერეთ, რომ დაყენდეს. თბილ ადგილას დადგით. პერიოდულად აურიეთ. თითო ბუჩქზე 1 ლ ხსნარი დაგჭირდებათ. სასუქი ფესვური მეთოდით მიაწოდეთ. 3 კვირიანი ინტერვალით 3–ჯერ გამოიყენეთ.
ხახვის ფურცლების ნაყენი
ხახვის ფურცლებზე დაფუძნებული სასუქი კიტრის ზრდას ააქტიურებს. ასევე ბუგრების, ობობის ტკიპების და სოკოვანი დაავადებებისგან იცავს.
3 ლიტრიანი ჭურჭელი ნახევრად ხახვის ფურცლებით გაავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 5 დღე დააყენეთ. პერიოდულად აურიეთ. კონცენტრაცია მზადაა. მორწყვამდე წყალში 1:10 პროპორციით გააზავეთ. სასუქი კვირაში 2–ჯერ მიაწოდეთ.
ჩიტის სკინტლი
ორგანული სასუქი ფოსფორით და აზოტით მდიდარია. ნიადაგის შემადგენლობაზე დადებით გავლენას ახდენს. ბაზად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის, იხვის ან ბატის სკინტლი.
სკინტლს წყალი 1:20 პროპორციით დაასხით და 72 საათი ბნელ ადგილას გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და 1:10 პროპორციით წყალში გააზავეთ. ერთ მცენარეზე 0,5 ლ ხსნარი გამოიყენეთ. ასეთი სასუქი 3–ჯერ მიაწოდეთ: დარგვიდან 2 კვირის შემდეგ, ყვავილობის პერიოდში და ნაყოფიერების სეზონზე.
იოდის სასუქი
იოდზე დაფუძნებული სასუქი კიტრის ინტენსიურ ზრდას და ნაყოფიერების გააქტიურებას ხელს უწყობს, შედეგად მოსავლიანობას ზრდის. 10 ლიტრიან ვედრო წყალს 30 წვეთი იოდი დაუმატეთ.
თითოეული ბუჩქი 1 ლ სითხით მორწყეთ. კიტრი შეგიძლიათ ყოველ 2 კვირაში გამოკვებოთ.
ნაცრის ხსნარი
ნაცარი ფოსფორის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის და თუთიის მდიდარი ბუნებრივი წყარო. სასუქი მზადდება შემდეგი პროპორციების დაცვით: 1 ლ წყალზე 2 ს/კ ნაცარი. ასეთი ხსნარით კიტრი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, სეზონზე 5-ჯერ შეგიძლიათ მორწყათ.
ზემოთ მოცემული სასუქებით კიტრის გამოკვება დიდ ხარჯს არ უკავშირდება და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მარტივი საშუალება კიტრის ზრდას დააჩქარებს და მცენარეზე დადებით გავლენას მოახდენს.