ცოტა ხნის წინ სახლში მწვანე კუთხის მოწყობა და რამდენიმე ახალი მცენარის ყიდვა გადავწყვიტე. ყვავილების მაღაზიებში ფასებმა უბრალოდ გამაოგნა. სახლში იმედგაცრუებული დავბრუნდი, გზაზე მეზობელი შემხვდა და ასეთ უსამართლობაზე ვუამბე. მან მითხრა, რომ ეს სისულელეა და მასწავლა, რომელი მცენარეების გამრავლება შეიძლება.
აღმოჩნდა, რომ ბევრი ჩვენი საყვარელი მცენარე კალმით ან ფოთლით ადვილად მრავლდება. უფრო მეტიც, კარგად ფესვიანდება. თან დარწმუნებული იქნებით, რომ კარგი მცენარეა. Vivien გიამბობთ, რომელი მეთოდებით შეიძლება მცენარეების გამრავლება.
რომელი ოთახის მცენარეები შეგიძლიათ გაამრავლოთ და როგორ
უზუმბარის ია
რთული სახელის მიუხედავად ბინებში ძალიან ხშირად გვხდება. მეყვავილეებს ძალიან უყვართ, რადგან უპრეტენზიოა, ბევრი სახეობა აქვს, სწრაფად იზრდება და, რა თქმა უნდა, ლამაზია. იის გამრავლება შეიძლება შვილობილი როზეტებით, ფოთლით ან ფოთლოვანი კალმით.
ბოლო ყველაზე პოპულარული მეთოდია. უბრალოდ კარგად ფორმირებული ფოთოლი კალმით, დაახლოებით 3 სმ მოჭერით. დარწმუნდით, რომ ამას დეზინფიცირებული ინსტრუმენტით აკეთებთ. მცენარე ზრდასრული და ჯანმრთელი უნდა იყოს. ფოთოლი წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქაში ჩადეთ ისე, რომ ფირფიტის კუთხეები არ დაიტბოროს. წყალს შეგიძლიათ ცოტა ფესვების მასტიმულირებელი საშუალება დაუმატოთ. ჭურჭელი ნათელ ადგილას გაიტანეთ, მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. როცა ფესვები განვითარდება (2-3 კვირაში), მიწაში გადარგეთ. პირველ პერიოდში ქოთანს პაკეტი დააფარეთ.
ზამიოკულკასი
ბევრისთვის საყვარელი დოლარის ხის გამრავლება ძალიან მარტივია. პირველი მეთოდია ზემოთ აღწერილ, იის გამრავლების მეთოდის მსგავსია, მაგრამ ფოთოლი არა წყალში, არამედ სველი სუბსტრატით სავსე ქოთანში უნდა ჩადოთ. მანამდე ფოთოლის ფირფიტა დაახლოებით 10 საათი ჰაერზე გააშრეთ. ფოთლებით გამრავლება აქტიური ზრდის პერიოდში, ზაფხულის დასაწყისში ან გაზაფხულზე გამოიყენეთ.
მეორე მეთოდი: მცენარე უხვად მორწყეთ, მცენარე მიწის გუნდასთან ერთად ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ, ფესვებს მიწა მოაშორეთ და მცენარე ნაწილებად დაყავით. თითოეულ ნაწილს რამდენიმე ფესურა და ღერო უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ხის ან აქტივირებული ნახშირის გამოყენებით გადანაჭრებით ოდნავ გამოაშრეთ, შემდეგ ქოთნებში ჩარგეთ.
ფალენოპსისი
უპრეტენზიო და წარმოუდგენლად ლამაზი ორქიდეა, ფალენოპსისი, ადვილად შეგიძლიათ გაამრავლოთ „ბავშვებით“ – ყვავილის ყუნწით, ღეროს აღმონაცენით და გვერდითა ყლორტებით. სანამ დაანაწევრებთ, დარწმუნდით, რომ მცენარე კარგად განვითარებული და ჯანმრთელია. სჯობს გაზაფხულზე გაამრავლოთ, როცა ყვავილობის შემდეგ 1 თვე მაინც დაისვენა. ღეროს აღმონაცენი რამდენიმე ფოთოლთან და საკუთარ ჰაეროვან ფესურასთან ერთად მოჭერით. გადანაჭერს ნახშირი მოაყარეთ და ქოთანში ჩარგეთ. პატარა ორქიდეაზე ისე იზრუნეთ, როგორც ზრდასრულ მცენარეზე.
ალოე
ჯერ კიდევ ბებიების დროიდან პოპულარული მცენარის გამრავლება რთული არაა. როცა ალოე საკმარისად გაიზრდება, აუცილებლად გამოიღებს ფესვების ამონაყარს – პატარა ბუჩქებს ძირში. ეს ნაწილი უნდა მოაშოროთ და ცალკე ქოთანში გადარგოთ.
გარდა ამისა, შეგიძლიათ მთავარ ღეროს მსხვილი ფოთოლი მოაჭრათ, გააშროთ, გადანაჭერს ნახშირი მოაყაროთ და სველ მიწაში დარგოთ. სწრაფად გასაფესვიანებლად აუცილებლად უხვად მორწყეთ. გადაჭრილი ალოეს წვერი დარგვამდე წყლის და მასტიმულირებელი საშუალების ნარევში ჩადეთ.
დრაცენა
შინაურული პალმების მოყვარულების სახლში დრაცენას აუცილებლად იპოვით. ეფექტური და ლამაზი ხის გამრავლება მარტივია. უბრალოდ ღეროზე პატარა წამონაზარდის გამოსვლას დაელოდეთ. დეზინფიცირებული ინსტრუმენტით წამონაზარდი, ღეროსთან ახლოს გადაჭერით. გადანაჭერ ადგილას ნახშირი მოაყარეთ და წყლით სავსე ჭურჭელში ჩადეთ. წყალს ფესვების მასტიმულირებელი საშუალება დაუმატეთ. მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. როგორც კი ფესვებს შეამჩნევთ, მიწაში ჩარგეთ. ახალგაზრდა მცენარე რეგულარულად დანამეთ და მორწყეთ.
უდავოდ, ზედმეტი ფულის დახარჯვა არ ღირს, რადგან უკვე იცით, თუ როგორ შეიძლება ოთახის მცენარეების გამრავლება. მეზობლებს, ნათესავებს და მეგობრებს კალმები გაუზიარეთ და მათაც სთხოვეთ. თქვენ ყიდულობთ ახალ ოთახის მცენარეს თუ დამოუკიდებლად ამრავლებთ?