მაშინ, როცა ინტერნეტი არ იყო, საყოფაცხოვრებო ხრიკები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ოჯახში, ინფორმაცია კი ძალიან შეზღუდული იყო. ახლა კი, საყოველთაო ქსელის წყალობით, დიასახლისები უხვად უზიარებენ ერთმანეთს რჩევებს, რომელთა სიმარტივე და ეფექტურობა დაუჯერებელია! იქნებ, Vivien.ge-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული ეს “ნოუ-ჰაუ” ყოფაცხოვრების გამარტივებაში დაგეხმაროთ.
1. კონსერვების სეზონზე ხშირად ვიყენებთ ბლენდერს. მისი დანები მუდმივად ბლაგვდება და ეფექტურობაც მცირდება. ბლენდერის კონსტრუქცია, ჩვეულებრივ, დანის ამოღებისა და გალესვის შესაძლებლობას არ იძლევა. ამისთვის არსებობს ასეთი ხრიკი: აიღეთ 5-6 კვერცხის ნაჭუჭი, შედგით საყინულეში არანაკლებ 30 წუთით და შემდეგ მოათავსეთ ბლენდერში. დაფქვის პროცესში, დანები აილესება.
2. ხანდახან, ქილების გასტერილება აგარაკზე ან ქალაქგარე სახლშია საჭირო, სადაც ქურა არ მოგვეპოვება. დიასახლისები ამ დროს მიკროტალღურ ღუმელს იყენებენ. ჩაასხით ქილის ფსკერზე ცოტაოდენი წყალი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში (პატარები ვერტიკალურად, დიდები – ჰორიზონტალურად) 5 წუთით.
3. ხშირად, მტვერსასრუტი უსიამოვნო სუნის წყაროდ იქცევა და დალაგების დროს, ოთახში უსიამოვნო სუნი დგება. ამ შემთხვევაში, დალაგებამდე, დააწვეთეთ ბამბის დისკზე რამდენიმე წვეთი სასურველი ეთერზეთი, ჩართეთ მტვერსასრუტი და შეაწოვინეთ ეს დისკი. სასიამოვნო სუნი გარანტირებულია!
4. ის დიასახლისები, რომლებსაც საკუთარი პომიდორი მოჰყავთ, ხშირად ამზადებენ ტომატ-პასტებსა და სოუსებს. ვთქვათ, ქილა გახსენით და სოუსი მჟავე აღმოჩნდა. ბევრი ამ დროს მას შაქარს უმატებს. აი, მსოფლიო დონის მზარეულები კი ამბობენ, რომ სიმჟავის განეიტრალება სოდასაც შეუძლია. თანაც, ის უნარჩუნებს სოუსს პომიდვრის გემოს და არ ატკბობს ზედმეტად.
თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ხრიკები კონსერვაციასთან დაკავშირებით? გაგვანდეთ ისინი!