აბუსალათინის ზეთი კოსმეტიკურ პროდუქტებსა და შინაურულ საშუალებებში ხშირად გამოიყენება. იცით თუ არა, რომ აბუსალათინის ზეთის და 2 უჩვეულო კომპონენტის კომბინაციით თმისთვის ეფექტურ საშუალებას მიიღებთ.საუბარია, მწვანე ჩაისა და შავ წიწაკაზე. დღეს Vivien.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ შინაურული საშუალება სქელი თმის მისაღებად. ასევე გიამბობთ, თუ რა უპირატესობა აქვს თითოეულ ინგრედიენტს.
თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
აბუსალათინის ზეთი თავის კანზე უფრო ჯანსაღ გარემოს ქმნის, რაც თმის ზრდას ხელს უწყობს. მისი დახმარებით ქერტლსაც მოიშორებთ. თუ აბუსალათინის ზეთით თავის მასაჟს გაიკეთებთ, ფესვებს გააძლიერებთ და თმის ცვენას შეაფერხებთ.
მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები აბუსალათინის ზეთს არაფრით ჩამოუვარდება. კატეხინები თმის ცვენის გამომწვევი დიჰიდროტესტოსტერონის დონეს ამცირებენ. შედეგად, თმა უფრო ჯანმრთელი ხდება. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინსაც, რომელიც თმის ფოლიკულებს სტიმულირებს და თავის კანში სისხლის ნაკადს ზრდის.
შავი წიწაკა მდიდარია A და C ვიტამინებით, სხვადასხვა ანტიოქსიდანტებით, რომელთა წყალობით თმის გაზრდასა და ქერტლთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. თუ შავ წიწაკას თავის კანზე რეგულარულად გამოიყენებთ, თმის ბოლქვები გაძლიერდება და ცვენა შემცირდება.
თმის კონცენტრირებული საშუალება
ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა აბუსალათინის ზეთი
- 0,3 ჭიქა ხმელი მწვანე ჩაი
- 30-50 მარცვალი შავი წიწაკა
მომზადება:
- აბუსალათინის ზეთი წყლის ორთქლზე შეათბეთ ან მიკროტალღურ ღუმელში 80 გრადუსამდე შეათბეთ.
- მწვანე ჩაის ფოთლებს ცხელი ზეთი დაასხით და თავსახური დაახურეთ.
- დაქუცმაცებული შავი წიწაკა ნარევს დაუმატეთ. აურიეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
- თბილ ადგილას 1–2 კვირა გააჩერეთ. პერიოდულად შეანჟღრიეთ.
- შემდეგ გადაწურეთ და ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ.
გაითვალისწინეთ:
- გაითვალისწინეთ, რომ მომზადების და შენახვის დროს შინაურულ ნარევს წყალი არ უნდა მოხვდეს.
- გამოსაყენებლად 1 ჩაის კოვზი ნარევი ნიღაბს (1 კვერცხის გულის და 3 ს/კ ოთახის ტემპერატურის წყალი) დაუმატეთ.
- გამოყენების წინ აუცილებლად მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ, რომ თავის კანი არ დაიწვათ. სასიამოვნო სითბო უნდა იგრძნოთ. წვის შემთხვევაში ცოტა წყალი დაუმატეთ.
- სველ თმის ძირებში, ასევე თავის კანზე ნიღაბი წაისვით. 0,5-1 საათით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. თვალში მოხვედრას მოერიდეთ. პროცედურა კვირაში 1–2–ჯერ, რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაიტარეთ.
- კვერცხის ნიღაბში დამატების ნაცვლად შეგიძლიათ ნარევი ნახევრად აბუსალათინის ზეთში გააზავოთ და იმავე პრინციპით გამოიყენოთ. სპეციალისტები აბუსალათინის ზეთის გამოყენებას კვირაში მაქსიმუმ ერთხელ გირჩევენ. უფრო ხშირი გამოყენებისას თმის დაბურდვას იწვევს.