მდიდრული და უპრეტენზიო ლილიები, ყველა დიასახლისის სასურველი სტუმარია აგარაკზე. მათი დარგვა შემოდგომასა და გაზაფხულზე შეიძლება, მარგამ, რა წესები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი შედეგი მივიღოთ?! ამ სტატიაში გასწავლით გაზაფხულზე რა დროს უნდა დარგოთ ლილიები და როგორ მოუაროთ მათ.
ლილიების დარგვა გაზაფხულზე
ბევრი მებაღე ყვავილების გაზაფხულზე დარგავს ემხრობა, ასეთ დროს ნიადაგის დათბობა საჭირო აღარ არის, ასევე არ ინერვიულებთ იმაზე – თუ როგორ გადაიტანს ყვავილი ზამთარს. ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ლილიის ზოგიერთი სახეობა შემოდგომაზე მოითხოვს დარგვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ აყვავდებიან. დანარჩენი სახეობების გაზაფხულზე დარგვა მათ გამრავლებას უწყობს ხელს.
თუ დასარგავი ბოლქვები ნაკვეთზე მოაგროვეთ, აჯობებს ის დარგვამდე დაამუშავოთ. ამისთვის ბოლქვი სუფთა წყლით გარეცხეთ, შემდეგ კი ნახევარი საათით – კალიუმის პერმანგანანტის ხსნარში ჩაალბეთ (5-10 გრამი 10 ლიტრ წყალზე).
ლილიის დასარგავად სასურველია გაფხვიერებული და დატენიანებული ნიადაგი შეარჩიოთ. ის 40 სანტიმეტრის სიღრმეზე დაბარეთ, დაუმატეთ ნეშომპალა ან ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი. ნაკელის დამატება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის ვნებს ლილიებს! შეგიძლიათ ხის ნაცარიც შეიტანოთ ან ამონიუმის ნიტრატი.
დასარგავია დგილის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ლილიები ნახევრად ჩრდილოვან ადგილებზე უნდა დარგოთ. ზედმეტი ნესტი მცენარისთვის დამღუპველია, ამიტომ მათი დასარგავი ადგილის შერჩევისას ესეც გაითვალისწინეთ. ლილიებს არც გადახურებული ნიადაგი მოსწონთ, ამიტომ კარგი იქნება მათი ნაკვეთის ბალახით მულჩირება (ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით).
დარგვისას გაითვალისწინეთ ნიადაგის ტიპი, რაც უფრო მძიმეა ის, მით უფრო პატარა დასათესი ორმო უნდა გააკეთოთ. ყურადღება მიაქციეთ ყვავილის სახეობასაც: მცირედ მზარდ მცენარეებს შორის დაშორება 15-20 სანტიმეტრი უნდა იყოს, ის მცენარეები რომლებიც შედარებით მაღალი იზრდება – 30 სანტიმეტრით დააშორეთ.
ცუდი არ იქნება თუ დარგვიდან პირველ ეტაპზე – დარგულ ბოლქვებს დაათბობთ. ამისთვის თითოეულ მათგანს გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი გადააფარეთ.
ადრეულ გაზაფხულზე დარგულ ლილიებს ხშირად ბაქტერიული ლპობა ეწყება. ამასთან ეფექტურად ბრძოლისთვის – ნაკლებად მორწყეთ ის და ნიადაგში აზოტშემცველი სასუქი შეიტანეთ.
თუ წანაზარდების ზედა ნაწილი ყვითლდება, ეს ფესვების ლპობაზე მიგვანიშნებს. მოგვიწევს ამოვიღოთ მცენარე, მოვაცილოთ დაზიანებული ადგილები და ჩავატაროთ დეზინფექცია.
გაითვალისწინეთ ეს ნიუანსები და ლილიების გაზაფხულზე დარგვა არანაირ სირთულეებს არ გამოიწვევს. ამიტომ თამამად დარგეთ ყვავილები აპრილში, რათა ძალიან მალე დატკბეთ მათი ლამაზი ყვავილობით!