პოპულარული პროდუქტები, რომელთაც ინფარქტის გამოწვევა შეუძლიათ

1023

პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ გაჯერებულ ცხიმებს, ტრანსცხიმებს და ნატრიუმს, ინფარქტის გამომწვევ პროცესს ხელს უწყობენ, ამის შესახებ ამერიკის გულის ფონდის სპეციალისტები გვაფრთხილებენ.

ფონდის ექსპერტებმა დაასახელეს პოპულარული პროდუქტები, რომელთაც ინფარქტის გამოწვევა შეუძლიათ. მათ შორის გამოიყოფა არაჯანსაღი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები:

„ცხიმის ტიპი, რომელსაც ადამიანი ჭამს, გულის შეტევის რისკს მნიშვნელოვნად განაპირობებს. გაჯერებული ცხიმები და ტრანსცხიმები სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდიან და ამით ინფარქტის სიხშირესაც ზრდიან“ – ციტირებს ექსპერტებს გამოცემა Express.

გაჯერებული ცხიმების წყაროს წარმოადგენს ისეთი პოპულარული პროდუქტები, როგორიცაა კარაქი, ქათმის კანი, პალმის და ქოქოსის ზეთი, ხორცის ცხიმიანი სახეობა (ძროხა, ცხვარი, ღორი), სწრაფი კვების პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი და შოკოლადი.

რაც შეეხება ტრანსცხიმებს, ის ძირითადად ნაწილობრივ ჰიდროგენაციით დამუშავებული ზეთებიდან იწარმოება. კვლევამ აჩვენა, რომ ტრანსცხიმები სისხლში საერთო ქოლესტერინის, „ცუდი“ ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს ზრდიან. ასეთი მახასიათებლების გამო ტრანსცხმები გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიან, გვაფრთხილებენ ექსპერტები.

მათ დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც მდიდარნი არიან მსგავსი ტიპის ცხიმით – ესაა მარგარინი და კარაქი, რაფინირებული მცენარეული ზეთი, მაიონეზი, ნამცხვარი და ტორტი, შოკოლადი, საწარმოო საკონდიტრო ნაწარმი, პოპკორნი მიკროტალღური ღუმელისთვის.

ასევე ექიმები ნატრიუმის ჭარბი მოხმარების საფრთხესაც ხაზს უსვამენ. ის ინფარქტის რისკს ზრდის, რადგან ორგანიზმში ჭარბ სითხეს აკავებს, რაც გულზე დამატებით დატვირთვას ქმნის.

„მიღებული მარილის რაოდენობის შემცირება პირველი ნაბიჯია ჯანმრთელი გულისკენ. მარილის დიდი წილი მოდის დაკონსერვებულ ან გადამუშავებულ პროდუქტებზე, როგორიცაა მზა წვნიანი, ცომეული და გაყინული პროდუქტები“ – გვაფრთხილებენ ექიმები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს